1. სამსახურში საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარდგენა ხდება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის ელექტრონული ფორმით წარდგენა არ გამორიცხავს სამსახურის უფლებამოსილებას, საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენს მოსთხოვოს მატერიალური დოკუმენტაციის წარდგენა.
2. სამსახურში საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურის მიერ შემუშავებული ფორმით. ფორმის დაუცველად საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარდგენა არ შეიძლება გახდეს მისი მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. ელექტრონულად წარდგენილ საჩივარზე, განცხადებაზე, პრეტენზიაზე ხელმოწერა უნდა იყოს განხორციელებული უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ„ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. საჩივარი, განცხადება, პრეტენზია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სამსახურის დასახელებას;
ბ) საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენის ვინაობას/დასახელებას, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი);
გ) საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენის მოთხოვნას;
დ) საჩივრის შემთხვევაში, იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) რეკვიზიტებს (გამოცემის თარიღი, აქტის/ოქმის ნომერი, გამომცემი თანამდებობის პირი), რომლის გაუქმებას/ბათილად ცნობასაც მოითხოვს საჩივრის წარმდგენი. განცხადების შემთხვევაში იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტებს (გამოცემის თარიღი, აქტის/ოქმის ნომერი, გამომცემი თანამდებობის პირი), რომლის საფუძველზეც პირს დაეკისრა საპენსიო შენატანი და მიუღებელი სარგებელი;
ე) მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რასაც ემყარება საჩივარი, განცხადება თუ პრეტენზია;
5. საჩივარში შესაძლოა მითითებული იქნეს ის სამართლებრივი წინაპირობები, რომლის საფუძველზეც საჩივრის წარმდგენი ითხოვს აქტის გაუქმებას.
6. საჩივარს, განცხადებას, პრეტენზიას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ამონაწერი რეესტრიდან და ა.შ.), ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, თუ საჩივრის წარდგენა განახორციელა წარმომადგენელმა.
7. დამსაქმებლის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მტკიცებულებები.