1. სამსახური წარმოებაში იღებს დამსაქმებლის, დასაქმებულის, მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარდგენილ, მხოლოდ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის 378 მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს/პრეტენზიას. საჩივრის წარდგენის ვადაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.
2. ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის წარდგენა დასაშვებია, თუ:
ა) ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო ან საჩივრის წარმდგენისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით);
ბ) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც საჩივრის წარმდგენმა საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შესახებ ინფორმაციის დროულად წარდგენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.
3. გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენა შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა აღმოფხვრიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში გარემოებების გამოვლენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების შესაბამისი საფუძვლის არსებობას.
4. სამსახური განცხადებას გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახური უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით განცხადებაზე დაადგინოს ხარვეზი.
5. განცხადების განხილვის შემდგომ სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) განცხადების დაკმაყოფილებისა და გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ, რა დროსაც სამსახური განმცხადებელს აღუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გასაჩივრების ვადას.
6. სამსახური ვადის აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს მხარეთათვის შეუტყობინებლად.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია, თუ აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 1 წელზე მეტი.
8 ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სამსახურის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ვადის აღდგენის შემთხვევაში, აქტის მოქმედება შეჩერდება ვადის აღდგენის შესახებ სამსახურის ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რაც წარმოადგენს დაწყებული აღსრულების შეჩერების საფუძველს. თუ ვადის აღდგენის შესახებ ბრძანების მიღების მომენტისათვის აქტი აღსრულებულია, ეს არ გამოიწვევს აქტის აღსრულების შებრუნებას.