1. სამსახური საჩივარს არ განიხილავს:
ა) თუ საჩივარში დასმული საკითხი სცილდება სამსახურის კომპეტენციას;
ბ) თუ საჩივარი თავდაპირველად ან განმეორებით წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;
გ) თუ გავიდა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა და არ არსებობს მისი აღდგენის საფუძვლები;
დ) თუ საჩივრის წარმდგენმა სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა შესაბამისი ხარვეზი;
ე) თუ არსებობს იმავე დავის საგანზე სამსახურის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
ვ) თუ სამსახურის ან სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
2. სამსახური საჩივარზე შეწყვეტს წარმოებას:
ა) თუ საჩივრის წარმდგენმა წერილობით განაცხადა უარი საჩივარზე (საკითხის განხილვაზე) ან/და საჩივრის წარმდგენს არ აქვს საჩივრის განხილვის იურიდიული ინტერესი;
ბ) თუ დავის საგანი არ არსებობს, მათ შორის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემთხვევაში და ამ კანონის შესაბამისად;
გ) თუ საჩივრის წარმდგენი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან საჩივრის წარმდგენი იურიდიული პირი ლიკვიდირებულ იქნა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უფლებამონაცვლეობას არ უშვებს;
დ) თუ არსებობს შეთანხმება განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
3. სამსახური საჩივრის განსახილველად მიღების შემდგომ ან/და საჩივრის მიღებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეწყვეტს წარმოებას, თუ გამოვლინდება ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საფუძვლები.
4. სამსახურის ბრძანება საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის კონკრეტულ საფუძვლებს.
5. საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან წარმოების შეწყვეტის შესახებ ბრძანება მხარეებს ჩაბარდება კანონის 3715 მუხლით დადგენილი წესით.
6. საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი, რა დროსაც საჩივარი დარჩება განუხილველი.