1. დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია განიხილოს დამსაქმებლის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხი და დადოს მასთან შეთანხმება, თუ შეთანხმების დადების დღისთვის დამსაქმებლის მიერ გადასახდელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის ჯამური თანხა აღემატება 10 000 ლარს, თუმცა არ აღემატება 50 000 ლარს.

2. დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება ერთსა და იმავე შენატანისა და სარგებლის ოდენობაზე შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 18 თვეზე გადანაწილებით. აქტის, რომლითაც განცხადების ავტორს დაკისრებული აქვს განწილვადებული თანხები, აღსრულება შეჩერებულია იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც დამსაქმებელი ასრულებს განაწილვადების შეთანხმების პირობებს და მისი მიხედვით იხდის თანხებს.

3. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ დამსაქმებლის განცხადების მიღების შემდგომ, თუ განმცხადებლის მიმართ არ არსებობს საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების შესახებ, განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა საპენსიო ფონდის საქმეთა მონიტორინგზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც კანონით დადგენილი წესით იწყებს დამსაქმებლის მონიტორინგს ხოლო განაწილვადების საკითხი განიხილება მონიტორინგის შედეგად გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ.

4. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ დამსაქმებლის განცხადება განიხილება, მისი მიღებიდან ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგის დასრულების შესახებ პასუხის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

5. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) განცხადების განსახილველად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ დებულებით საჩივრის განხილვისათვის დადგენილი პროცედურა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

6. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება შესაძლებელია დაიდოს, თუ განმცხადებელი წარადგენს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

7. დამსაქმებლის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა შესაძლოა დადასტურდეს საშემოსავლო დეკლარაციის, განმცხადებლის ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის, საბანკო ანგარიშების ამონაწერისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. განმცხადებელს შესაძლოა დაევალოს დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარდგენა.

8. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ დამსაქმებლის განცხადება არ დაიშვება, თუ საქმეს განიხილავს სასამართლო ან დაწყებულია იძულებითი აღსრულების ღონისძიებები „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ„ საქართველოს კანონის საფუძველზე.

9. დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების დადებას  სამსახური ახორციელებს კოლეგიურად ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

10. თუ გადასახდელი თანხა აღემატება 50 000 ლარს, მაშინ განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხს იხილავს და შეთანხმებას დებს მმართველობით საბჭო. შეთანხმებას ხელს აწერს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადების განხილვისათვის საჭირო პროცედურებს (მათ შორის, დასაშვებობის შემოწმებასთან ან/და ინფორმაციის გამოთხოვასთან ან/და შეთანხების გაფორმებასთან ან/და აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს) ახორციელებენ სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ამზადებენ  შეთანხმების პროექტს და ხელმოსაწერად წარუდგენენ მმართველობით საბჭოს. პროექტთან მიმართებით განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია დაავალოს სამსახურის თანამშრომელს შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანა ან/და დააბრუნოს ის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პროექტის მოსამზადებლად.

თავი VI

აღსრულება