1. ზსხ-ის ფრენისუნარიანობა უზრუნველყოფილ უნდა იყოს შემდეგ ღონისძიებათა ერთობლიობით:

ა) ტექნიკური მომსახურების პროგრამის სრულად შესრულებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) გაუმართაობის აღმოფხვრით;

გ) მოდიფიკაციებისა და/ან რემონტის შესრულებით;

დ) აღჭურვილობის გამართულობით;

ე) ფრენისუნარიანობის დირექტივების შესრულებით.

შენიშვნა:
ფრენისწინა შემოწმება, რომელიც სრულდება პილოტის მიერ არ მიიჩნევა ტექნიკური მომსახურების სამუშაოდ.

2. აღრიცხვის ბარათის მფლობელმა უნდა შეიმუშავოს ზსხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი განახლება. პროგრამა უნდა მოერგოს ზსხ-ის და მის ექსპლუატაციას, რომლის შინაარსიც უნდა შეესაბამებოდეს ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათთან დაკავშირებულ ტექნიკურ მომსახურების სახელმძღვანელოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მის განახლებებს ან დამატებებს ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემდეგ. პროგრამა უნდა იყოს დეტალური, სრული და უნდა განსაზღვრავდეს:

შენიშვნა:
ტექნიკური მომსახურების პროგრამის განახლება და სააგენტოსთვის წარდგენა უნდა განხორციელდეს ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს ცვლილებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის პერიოდში.

ა) კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს;

ბ) იმ კომპონენტების საექსპლუატაციო დროის (Operating Time) ან საექსპლუატაციო ვადის (Service Life) შეზღუდვებს, რომელთათვისაც განსაზღვრულია ასეთი დრო და/ან ვადა;

გ) ზსხ-ის მფლობელი
– ექსპლუატანტის მიერ შესასრულებელ სამუშაოებს (თუ გამოიყენება).

3. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი შემუშავებულ ტექნიკური მომსახურების პროგრამას, მათ შორის მის განახლებებს, სააგენტოს წარუდგენს განცხადების (დეკლარაციის) სახით. სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს პროგრამა, თუ ასეთი საჭიროება წარმოიშობა უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.

4. ზსხ-ის ტექნიკური მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელის მიერ, იმ პირობით, რომ ავიასაწარმოს ნებადართული სამუშაოების ნუსხა ან მოწმობა ითვალისწინებს ზსხ-ის კლასის შესაბამისი სხ-ს სახეობის მომსახურების უფლებამოსილებას.

შენიშვნა:
დასაშვებია ტექნიკური მომსახურების შემდეგი სამუშაოები შესრულდეს ზსხ-ის მფლობელი-ექსპლუატანტის მიერ, გარდა კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოებისა, მათ შორის:

ა) მარტივი სერვისული მომსახურებების სამუშაოები (მაგ.: ზეთის დონის შევსება, საბურავში წნევის რეგულირება და სხვ.)

ბ) სახარჯი მასალების შეცვლა/ მასალებით გაწყობა;

გ) მარტივი ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, რომელიც ზუსტად განისაზღვრება ტექნიკური მომსახურების პროგრამით და არ საჭიროებს:

გ.ა) ზსხ-ის ძირითადი კომპონენტების/ ანაწყობების მოხსნას;

გ.ბ) გრადუირებულ (დაკალიბრებულ) ხელსაწყოს;

გ.გ) სპეციალურ საგამოცდო აღჭურვილობას (მაგ.: არადამრღვევი გამოცდა (NDT), ავიონიკის სისტემების გამართულობის შემოწმება და სხვ.).

დ) შეზეთვა, წმენდა-დასუფთავება, მარტივად შესასრულებელი დათვალიერება, გარდა არაგეგმური დათვალიერებისა.

5. ზსხ-ის კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, ხორციელდება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ან საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პირობის დაცვით.

შენიშვნა:
ავიასაწარმოს ან ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის მფლობელის მიერ 1-ელი ან მე-3 კლასის ზსხ-ის კრიტიკული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების განხორციელება დასაშვებია იმ პირობით, რომ პირი ფლობს განსახორციელებელი სამუშაოს ეკვივალენტურ ცოდნას და გამოცდილებას შემუშავებით მსგავსი სახეობის სხ-ზე.