1. ამ მუხლის მიზნებისთვის, ზსხ-ები, რომლებიც ფლობენ ერთსა და იმავე საიდენტიფიკაციო ბარათს, მათ შორის მის რევიზიებს, ჩაითვლება ერთი და იგივე მოდელად.

2. პირი, რომელიც ასრულებს ზსხ-ით ფრენას:

ა) უნდა გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის“ საფუძველზე გაცემული პილოტის მოწმობა ან აღიარების სერტიფიკატი განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილებით;

ბ) უნდა ფლობდეს ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის განხორციელების უფლებამოსილებას;

გ) გავლილი აქვს ადამიანის შესაძლებლობების სწავლება ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ზსხ აღჭურვილია ტურბოხრახნული ძრავით;

დ) უნდა ფლობდეს ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მომზადების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაცია საჭიროებს ასეთ მომზადებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩაითვლება შესრულებულად, თუ:

ა) პირი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ ან აღიარებულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას; ან

ბ) პირი ფლობს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (Annex 1
– Personnel Lisensing) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოწმობას მოქმედი ოსტატობით; ან

გ) პირი არის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მოქმედი კვალიფიკაციის მფლობელი;

4. პილოტი უფლებამოსილია, ტურბოხრახნული ძრავით აღჭურვილ ზსხ-ზე გამოიყენოს მოწმობით მინიჭებული უფლებები, იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 12 თვის პერიოდში:

ა) ზსხ-ის მეთაურის რანგში შესრულებული აქვს არანაკლებ 6 საათი ფრენა;

ბ) ზსხ-ზე პილოტის ინსტრუქტორთან ერთად შესრულებული აქვს 1 საათი ფრენა;

5. დაუშვებელია ზსხ-ით ფრენა მგზავრთან ერთად, თუ პილოტს უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ზსხ-ის მეთაურის რანგში არ შეუსრულებია არანაკლებ 3 აფრენა და დაფრენა.