1. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაცია შემდეგ შემთხვევებში:
ა) ზსხ-ის მწარმოებლის მიერ მოდიფიკაცია გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით;
ბ) მწარმოებლის მიერ მოდიფიკაცია არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ბარათით და ხორციელდება აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ.
შენიშვნა 1:
ზსხ-ის იმ ძირეული მოდიფიკაციის განხორციელებამდე, რომელიც გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით, აღრიცხვის ბარათის მფლობელმა, ზსხ-ის მწარმოებლისგან უნდა მოიპოვოს საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ მოდიფიკაციას, ასევე მოდიფიკაციის განხორციელების ინსტრუქცია და ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების შესაბამისი სახელმძღვანელოები, იმ შემთხვევაში, თუ მოდიფიკაცია ითვალისწინებს ცვლილებებს აღნიშნულ სახელმძღვანელოებში.
შენიშვნა 2:
ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში საჰაერო ხომალდმა უნდა შეინარჩუნოს შესაბამისობა მოქმედ ტექნიკურ პირობებთან.
2. საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი გასცემს დასტურს მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, შემდეგი პირობებით:
ა) მოდიფიკაციისას დაცულია ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ზსხ-ის მოქმედი ტექნიკური პირობები; და
ბ) საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა შეიმუშავა მომხმარებლის დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ყველა დამადასტურებელ ცნობას, რაც ცხადყოფს მოდიფიკაციის შესაბამისობას ტექნიკურ პირობებთან, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს საჭირო განახლებებს.
შენიშვნა:
მომხმარებლის დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.
3. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მოქმედება შეჩერდება ვიდრე ამ მუხლის მე-4 ან მე-6 პუნქტის შესაბამისად სააგენტოში არ იქნება წარმოდგენილი ძირეული მოდიფიკაციის განცხადება.
4. აღრიცხვის ბარათის მფლობელმა მოდიფიკაციის შესრულების შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით, განაცხადით უნდა დაადასტუროს მოდიფიცირებული ზსხ-ის ფრენისუნარიანობა და ეს განცხადება ხელმოწერის თარიღიდან 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება (ამ წესის №5 დანართის შესაბამისად), სადაც უნდა მონიშნოს ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მოთხოვნა: საიდენტიფიკაციო კოდის შეცვლა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები;
გ) საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, რომელიც ითვალისწინებს მოდიფიკაციას;
დ) ზსხ-ის ფრენისუნარიანობის განცხადება;
ე) საჭიროების შემთხვევაში განახლებული ზხს-ის აწონვის ბარათი;
ვ) განცხადება მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც გაცემულია საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით ან აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
შენიშვნა:
აღრიცხვის ბარათის მფლობელი სააგენტოს წარუდგენს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემულ დასტურს, რითაც ადასტურებს, რომ დაცულია საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრული მოდიფიკაციის განხორციელების პირობები და ზსხ-ის მომხმარებლის დოკუმენტაციაში შეტანილია ყველა განახლება, რომელიც მიღებულ იქნა აღნიშნული საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელისგან.
5. ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადების საფუძველზე სააგენტო მოდიფიცირებული ზსხ-ისთვის გასცემს ახალი აღრიცხვის ბარათს, რომელშიც მიეთითება ახალი ან განახლებული საიდენტიფიკაციო ბარათის მონაცემები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს. ამ შემთხვევაში ძველი აღრიცხვის ბარათი და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური ძალაშია მოდიფიცირებული ზსხ-ის ფრენისუნარიანობის განცხადების თარიღიდან არაუმეტეს 45 დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მას თან ერთვის აღნიშნული განცხადების ასლი.
შენიშვნა:
განახლებულ აღრიცხვის ბარათზე მიეთითება ის საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლითაც გათვალისწინებულია ძირეული მოდიფიკაცია.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოდიფიკაცია არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ, აღრიცხვის ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით და წარუდგინოს:
ა) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება, ამ წესის №5 დანართის შესაბამისად, სადაც უნდა მონიშნოს „მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის განცხადება“;
შენიშვნა:
მოდიფიცირებული ზსხ-ისთვის მოქმედი ტექნიკური პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
ბ) აღრიცხვის ბარათის მფლობელს გააჩნია მომხმარებლის დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია სააგენტოსთვის და მოიცავს ყველა დამადასტურებელ ცნობას, რაც ცხადყოფს მოდიფიკაციის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს საჭირო განახლებებს;
გ) საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელისგან მიღებული წერილობითი თანხმობა მოდიფიკაციის ტექნიკური თვალსაზრისით შესრულების მისაღებობასთან დაკავშირებით;
შენიშვნა:
საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი განიხილავს მოდიფიკაციის აღწერას და ადგენს მის შესაბამისობას ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან.
დ) დროებითი აღრიცხვის ბარათი, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირების მიზნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განცხადების სააგენტოში წარმოდგენამდე განხორციელდა საფრენოსნო ცდები დროებითი აღრიცხვის ბარათის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში აღრიცხვის ბარათის მფლობელი სააგენტოს წერილობითი დადასტურების შემდეგ უფლებამოსილია, განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მოდიფიცირებული ზსხ-ით, რა დროსაც მუდმივად თან უნდა იქონიოს:
ა) აღრიცხვის ბარათი;
ბ) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება, რომლის შესაბამისადაც ახორციელებს ექსპლუატაციას;
გ) მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, გარდა „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, სააგენტო გასცემს განახლებულ ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროებითი აღრიცხვის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო ასევე გასცემს განახლებულ აღრიცხვის ბარათს.
შენიშვნა:
ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განცხადების სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში აღრიცხვის ბარათის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოდიფიცირებული ზსხ აკმაყოფილებდეს მოქმედი ტექნიკური პირობების მოთხოვნებს, რაც გულისხმობს, რომ აღრიცხვის ბარათის მფლობელს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები არქივირდება აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ და მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია სააგენტოსთვის.
10. საინდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი ვალდებულია აღრიცხვის ბარათის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, ძირეული მოდიფიკაციის განხორციელების ინსტრუქცია და საჭიროების შემთხვევაში, საფრენოსნო ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების განახლებული სახელმძღვანელოები.