1. ზსხ-ის მოქმედი ტექნიკური პირობები განისაზღვრება სააგენტოსთვის მისაღები ფრენისუნარიანობის ნორმების საფუძველზე, ამ წესის მე-8 მუხლის გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმები უნდა მოიცავდეს აპარატის საფრენოსნო თვისებებსა და მახასიათებლებს, კონსტრუქციას, შემუშავებას და წარმოებას, ძრავის დამონტაჟებას, აღჭურვილობას, საექსპლუატაციო შეზღუდვებს და მომხმარებლის დოკუმენტაციაში მოცემულ ინფორმაციას.

2. ზსხ-ის მოდიფიკაციის ან რემონტის შემთხვევაში ზემოთ განსაზღვრული პირობები ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, თუ:

ა) მოქმედი ტექნიკური პირობები შეესაბამება საიდენტიფიკაციო ბარათთან დაკავშირებულ პირობებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამატებით გამოქვეყნებულ ზოგად დამატებით ტექნიკურ პირობებს;

ბ) მოდიფიცირებული ზსხ არ ავლენს ისეთ საექსპლუატაციო ან შემუშავების მახასიათებლებს, რომლებიც ახალია ან უჩვეულოა შემუშავების იმ პრაქტიკასთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც აღნიშნული ტექნიკური პირობები დადგინდა.

3. თუ ზსხ ავლენს ისეთ საექსპლუატაციო ან შემუშავების მახასიათებლებს, რომელიც ახალია ან უჩვეულოა შემუშავების იმ პრაქტიკასთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც სააგენტოსთან შეთანხმებული ფრენისუნარიანობის ნორმები შემუშავდა, სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი ტექნიკური პირობები ზსხ-ისთვის ან დამატებითი მოთხოვნები საფრენოსნო და სახმელეთო მომზადების მიმართ.

4. ნებისმიერი საცდელი ფრენა, რომლის მიზანია ზსხ-ის ტექნიკური ფაილის შექმნა ან ცვლილება, უნდა შესრულდეს ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტის ყოფნის პირობით, დროებითი აღრიცხვის ბარათის ან მწარმოებლის აღრიცხვის ბარათის საფუძველზე. არაძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში, საცდელი ფრენა ასევე უნდა შესრულდეს ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტის ყოფნის პირობით და შესაძლებელია ფრენა განხორციელდეს ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის საფუძველზე.