ამ წესის მიზნებისთვის, ამ მუხლით განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ბაზირების ადგილი – ადგილი, სადაც განთავსებულია ზსხ;
ბ) კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან მოწყობილობა;
გ) კრიტიკული ტექნიკური მომსახურება – საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების ნებისმიერი სამუშაო, რომელიც უნდა შესრულდეს სათანადო კვალიფიკაციის და ტექნიკური საშუალებების მქონე პირის მიერ;
დ) ლოკალური ფრენა – ფრენა, რომელიც არ მოიცავს მგზავრების, ფოსტის და/ან ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვას სხვადახვა აეროდრომს/საფრენ მოედანს შორის და საჰაერო ხომალდის აფრენისა და დაფრენის პუნქტი ერთი და იგივეა;
ე) მაქსიმალური მასა – ზსხ-ისთვის დაშვებული მაქსიმალური ასაფრენი მასა;
ვ) მაქსიმალური ცარიელი მასა – ზსხ-ის ცარიელი მასის მაქსიმალური დასაშვები ოდენობა;
ზ) მგზავრი – პირი, რომელიც იმყოფება სხ-ის ბორტზე ზსხ-ის მეთაურის თანხმობით, გარდა ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობისა;
თ) უმართავი ვარდნის სიჩქარე ან სტაბილური ფრენის მინიმალური სიჩქარე (VS0) – სიჩქარე, რა დროსაც შესაძლებელია ზსხ-ის კონტროლი შემდეგ კონფიგურაციებში: ძრავა უქმ სვლაზე ან გამორთული ძრავით, მინიმალური სიმძლავრის რეჟიმში, საჰაერო ხრახნი აფრენის სტანდარტულ კონფიგურაციაში, გამოშვებული შასით, ფრთაუკანი დაფრენის რეჟიმში, ყველაზე არახელსაყრელი სიმძიმის ცენტრით და მაქსიმალური ასაფრენი მასით;
ი) საიდენტიფიკაციო ზსხ – სერიული წარმოების სხვა ზსხ-ებთან მიმართებაში, მწარმოებლის მიერ სპეციალურად საიდენტიფიკაციო მიზნით შემუშავებული ზსხ;
კ) სერიული სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი – სერიული წარმოების შედეგად დამზადებული ზსხ ან სერიული წარმოების შედეგად დამზადებული კომპონენტებისგან (Kit) აწყობილი ზსხ;
ლ) სპეციალური ძრავიანი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი (ULM-S) – სერიული წარმოების საფრენი აპარატი ერთი ან ორი სავარძლით, აღჭურვილი ერთი ძრავით და დამატებით აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ლ.ა) ზსხ-ის მაქსიმალური მასა აღემატება არაუმეტეს 600 კგ-ს – ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას და 650 კგ-ს – წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას;
ლ.ბ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე – არაუმეტეს 117 კვტ;
ლ.გ) მე-2 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) – არაუმეტეს 45 კვანძი (83 კმ/სთ) შესწორებული ფრენის სიჩქარე.
შენიშვნა:
ამ ტერმინის ფარგლებში ექცევა ის საფრენი აპარატი, რომლის მაქსიმალური მასა, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე ან მე-2 კლასის ზსხ-ის შემთხვევაში, უმართავი ვარდნის სიჩქარე (VS0) აღემატება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის“ მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით დადგენილ მნიშვნელობებს.
მ) ფრენის შესწორებული სიჩქარე (VC) – სახელსაწყო სიჩქარე, სიჩქარის საზომ მოწყობილობასთან დაკავშირებული ცდომილებების გარეშე;
ნ) ფრთის ფართობი – საჰაერო ხომალდის ფრთის ჰორიზონტალური პროექცია, ხმელეთზე დაფრენის ან კრეისერულ რეჟიმში, რომელშიც, რიგ შემთხვევაში, შედის ფიუზელაჟის ფართობი, შეერთების წერტილთან ფრთის წინა ორი კიდის დამაკავშირებელ ხაზსა და ფრთის უკანა ორი კიდის დამაკავშირებელ ხაზს შორის;
შენიშვნა:
მრავალფრთიანი (ბიპლანი) ზსხ-ის შემთხვევაში ფრთის ფართობი უდრის თითოეული ფრთის ფართობის ჯამს.
ო) შენარჩუნებული სიმძლავრე – ძრავის მწარმოებლის მიერ ყველაზე მაღალ სიმძლავრედ დაფიქსირებული სიმძლავრე, მიუხედავად სიმძლავრის გამოყენების მხრივ არსებული შესაძლო შეზღუდვებისა;
შენიშვნა:
შენარჩუნებული სიმძლავრე მოიცავს აფრენის რეჟიმს და ნებისმიერ შესაძლო ავარიულ რეჟიმს. არცერთი ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს ძრავის ბრუნვათა რიცხვის, კოლექტორის მაქსიმალურ წნევის ან იმ ნებისმიერი პარამეტრის შეზღუდვებს, რომელიც გამოიყენება სიმძლავრის მართვისთვის, არ შეიძლება იქნეს მიჩნეული დასაშვებად, თუ ძრავის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ საექსპლუატაციო ლიმიტებს მიღმაა.
პ) ცარიელი მასა – ზსხ-ის სრული მასა ფრენის მდგომარეობაში, მგზავრების და ტვირთის გარეშე. თითოეული ზსხ-ის ცარიელი მასა მოიცავს:
პ.ა) გამოუყენებად საწვავს;
პ.ბ) შესაბამის შემთხვევებში ზეთის, ძრავის გამაგრილებლის და ჰიდრავლიკური სითხის მაქსიმალურ ოდენობას.
მწარმოებლის აღრიცხვა და ზსხ-ის იდენტიფიკაცია