1. თითოეული საიდენტიფიკაციო ზსხ-ისთვის გაიცემა საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ვრცელდება სერიის ყველა ზსხ-ზე, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, მასის, ძრავის და სიჩქარის მახასიათებლები.

2. საიდენტიფიკაციო ბარათის მისაღებად, ზსხ-ის მწარმოებელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, იმ პირობით, რომ იგი ფლობს ინფორმაციას საიდენტიფიკაციო ზსხ-ის შემუშავებასა და წარმოებაზე, რაც საშუალებას იძლევა განაცხადოს შესაბამისობა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანების მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში.

3. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მიღებამდე წინასწარი დასტური გაიცემა შემდეგი პირობების დაცვით:

შენიშვნა 1:
წინასწარი დასტური მოითხოვება ზსხ-ის სერიული წარმოების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ზსხ წარმოებულია სერიულად, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი საიდენტიფიკაციო ბარათის მისაღებად.

ა) განმცხადებელმა სააგენტოში წარადგინა საწყისი განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ბ) ზსხ-ის აღწერითი ელემენტები, რომლებიც იძლევა მისი ძირითადი მონაცემების, კერძოდ, მასის, ძრავის და სიჩქარის მახასიათებლების იდენტიფიცირების საშუალებას და აუცილებელია საფრენი აპარატის ზსხ-დ კლასიფიცირების მიზნით;

გ) ზსხ-ის შემუშავებასთან და ფრენისუნარიანობის ნორმებთან დაკავშირებული შემოთავაზებული ტექნიკური პირობები, ამ წესის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზეც უნდა შესრულდეს მე-7 მუხლის მოთხოვნები;

შენიშვნა 2:
სააგენტოს მიერ არ ხორციელდება ფრენისუნარიანობის ნორმების განხილვა და შეფასება.

დ) სასწავლო პროგრამა ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თუ გამოიყენება.

4. სააგენტო განიხილავს საწყის განცხადებას, ეცნობა შემოთავაზებულ ტექნიკურ პირობებს, თუ შესაბამისია, სასწავლო პროგრამას და ადასტურებს საწყისი განცხადების მიღებას.

შენიშვნა:
ზსხ-ის მოდელზე მომზადების სასწავლო პროგრამა სავალდებულოა ტურბოხრახნული ძრავით აღჭურვილი ზსხ-ისთვის.

5. საწყისი განცხადების დასტურის მიღების შემდეგ განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს ზსხ-ის შესაბამისობის დადგენა შემოთავაზებულ ტექნიკურ პირობებთან და აღნიშნული განცხადებით აცნობოს სააგენტოს.

6. სერიული ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მოთხოვნით განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება ამ წესის №1 დანართის შესაბამისად;

ბ) მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) ყველა სათანადო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობას;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ზსხ აწყობილია კომპონენტებისგან (Kit), აწყობის ინსტრუქციას;

გ) მომხმარებლის დოკუმენტაციას, რომელიც შედგება:

გ.ა) ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსგან;

გ.ბ) ზსხ-ის ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოსგან და მოიცავს განმცხადებლის მიერ შემუშავებულ ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს, მათი ჩატარების შეზღუდვების და/ან ინტერვალების ჩათვლით. სახელმძღვანელო უნდა განსაზღვრავდეს კრიტიკული ან ეკვივალენტური მნიშვნელობის ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს და მათი შესრულების პირობებს;

გ.გ) სხვა დამხმარე სახელმძღვანელო(ები)სგან/დოკუმენტ(ებ)ისგან (მაგალითად: დეტალების ილუსტრირებული კატალოგი), არსებობის შემთხვევაში.

დ) ზსხ-ის აღწერით ელემენტებს (ამ წესის №2 - №3 დანართების შესაბამისად);

ე) აწონვის ბარათს (ამ წესის №4 დანართის შესაბამისად);

ვ) სასწავლო პროგრამა ამ წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში.

7. ზსხ-ის ტექნიკური ფაილის და მომხმარებლის დოკუმენტაციის შექმნასა და შენახვაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი პირი. აღნიშნული დოკუმენტაცია სააგენტოს გადაეცემა მხოლოდ არქივირების მიზნით და გამოიყენება ექსპლუატაციის განმავლობაში მნიშვნელოვანი საავიაციო მოვლენების დადგომის შემთხვევაში, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ზომების განსაზღვრის მიზნით.

8. სააგენტო საიდენტიფიკაციო ბარათს გასცემს ზსხ-ის აღწერითი ელემენტებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე.

9. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათით განსაზღვრება ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი და ბარათის მფლობელი პირი.

10. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა უნდა შეასრულოს ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებები.

11. საიდენტიფიკაციო ბარათი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც ადასტურებს, რომ ჯეროვნად შეასრულებს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის ვალდებულებებს. ბარათის მფლობელმა სააგენტოს უნდა აცნობოს ბარათის ახალი მფლობელისთვის გადაცემის შესახებ. სააგენტო გასცემს განახლებულ საიდენტიფიკაციო ბარათს, რომელშიც მიეთითება ახალი მფლობელი, ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიღებისთანავე.

12. იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის მოდელმა იდენტიფიკაცია გაიარა ამ წესის ძალაში შესვლამდე სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანების შესაბამისად და თუ ზსხ-ის შემუშავების მაქსიმალური ასაფრენი მასა და ტექნიკური დოკუმენტაცია ადასტურებს შესაძლებლობას გაიზარდოს არსებული საიდენტიფიკაციო ბარათით დადგენილი მასა, მწარმოებელი უფლებამოსილია მიმართოს განცხადებით სააგენტოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. მიმართვის და სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ საიდენტიფიკაციო ბარათს.

შენიშვნა:
ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა გავლენას არ ახდენს ძველი საიდენტიფიკაციო ბარათის მოქმედებაზე.