1. ნებისმიერი მოდიფიკაცია ან რემონტი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე პირობას, მიიჩნევა ძირეულ მოდიფიკაციად:

ა) მოდიფიკაცია ან რემონტი გავლენას ახდენს ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ერთ-ერთ აღწერით ელემენტზე;

ბ) მოდიფიკაცია ან რემონტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზსხ-ის მასაზე, სიმძიმის ცენტრის მდებარეობაზე, პლანერის სიმტკიცეზე, საიმედოობაზე, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე ან სხვა ნებისმიერ მახასიათებელზე, რომელიც ზემოქმედებს ზსხ-ის ფრენისუნარიანობაზე;

გ) მომხმარებლის დოკუმენტაციის არსებითი ცვლილება, მათ შორის, საექსპლუატაციო შეზღუდვებისა და ტექნიკური მომსახურების პირობების ნებისმიერი ცვლილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
–„გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული სხვა ნებისმიერი მოდიფიკაცია ან რემონტი მიიჩნევა არაძირეულ მოდიფიკაციად.

3. ძირეული მოდიფიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის ან აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ, ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

4. ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი ახორციელებს მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის და ფრენისუნარიანობის შემოწმებას და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რის საფუძველზეც სააგენტო გასცემს ახალ საიდენტიფიკაციო ბარათს.

შენიშვნა:
საინდენტიფიკაციო ბარათის მფლობელი, საჭიროების შემთხვევაში, განცხადებას თან დაურთავს მხოლოდ ზსხ-ის შეცვლილ აღწერით ელემენტებს, მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ადასტურებს მოდიფიკაციის შედეგად ზსხ-ის შესაბამისობას მოქმედ ტექნიკურ პირობებთან და განახლებულ აწონვის ბარათს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ძირეულ მოდიფიკაციას ახორციელებს აღრიცხვის ბარათის მფლობელი, ასეთმა მოდიფიკაციამ არ უნდა მოახდინოს ზსხ-ის არსებითი მახასიათებლების ცვლილება.