1. ადამიანის შესაძლებლობების სწავლება უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
ა) საავიაციო ფიზიოლოგიის ძირითად საკითხებს:
ა.ა) აბსოლუტური სიმაღლის ზემოქმედება (სიმაღლით გამოწვეული ჰიპოქსია, ბაროტრავმა, ტენიანობის გაზომვა (ტენიანობა) და ფრენის კომფორტი);
ა.ბ) აღქმა და სენსორული ილუზიები (აღქმის შესაძლებლობები, სივრცითი დეზორიენტაცია);
ა.გ) ჰიგიენა და უსაფრთხოება (კვება, ცხოვრების წესი და ცხოვრების რიტმი, დასვენების პერიოდების დაცვა, თამბაქო, ალკოჰოლი, მედიკამენტები და თვითმკურნალობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებები);
ბ) საავიაციო ფსიქოლოგიის ძირითად საკითხებს:
ბ.ა) ძირითადი ინტელექტუალური შესაძლებლობები (შერჩევითი აღქმა და სხვადასხვა სენსორული არხებიდან მიღებული ინფორმაციის დუბლირება და საიმედოობა);
ბ.ბ) მეხსიერება (ხანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება, ცოდნის ტიპები, მსჯელობა (აზროვნება), ყურადღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, საკუთარი რესურსების მართვა);
ბ.გ) დინამიკური ინტელექტუალური პროცესები (გონებრივი წარმოდგენა, მოლოდინი, მოქმედების დაგეგმვა, მოქმედების კონტროლი, ქცევის ავტომატიზაცია, დასწავლა);
ბ.დ) სამუშაო დატვირთვა (განმარტება და სამუშაო დატვირთვის მართვა);
ბ.ე) სტრესი (სტრესისა და შფოთვის განმარტებები და მათი გამომწვევი ფაქტორები, ქცევა სტრესის პირობებში და მისი გავლენა სამუშაოს შესრულებაზე, სტრესის მართვა);
ბ.ვ) ადამიანური შეცდომა და ადამიანური საიმედოობა (საიმედოობის ცნება, შეცდომა როგორც გარდაუვალი ქცევა, ე.წ. შეცდომის მოდელები და ინდივიდუალური ან კოლექტიური შეცდომების მიზეზები, საკუთარი შეცდომების გამოვლენა და გამოსწორება საკუთარი მოქმედებების მონიტორინგის საშუალებით);
ბ.ზ) სიფხიზლე და დაღლილობა (სიფხიზლის, ყურადღებისა და დაღლილობის განმარტებები, დაღლილობის მართვა).
2. ზსხ-ის მოდელზე მომზადება, იმ შემთხვევაში, თუ ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაცია საჭიროებს ამას, უნდა ჩატარდეს იმ სასწავლო პროგრამის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მომზადება მოიცავს როგორც სახმელეთო, ისე საფრენოსნო ნაწილებს და სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) ზსხ-ის საფრენი მახასიათებლების გაცნობას მართვის სტანდარტულ, არასტანდარტულ და ავარიულ მდგომარეობებში;
ბ) ზსხ-ის ძალური დანადგარის სპეციფიკურ თავისებურებებს;
გ) ზსხ-ის ბორტზე განთავსებული უსაფრთხოების და სიცოცხლის გადარჩენის (სამაშველო) ყველა აღჭურვილობის ადგილმდებარეობას და გამოწენების წესს;
დ) მფრინავის კომპეტენციას მარშრუტზე ფრენების შესასრულებლად, მათ შორის, კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ან იმ საჰაერო სივრცეში, სადაც რადიოკავშირის გამოყენება სავალდებულოა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მომზადება უნდა განხორციელდეს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ, რომელიც თავადაც აკმაყოფილებს ამ წესის მე-15 მუხლის მოთხოვნებს. ინსტრუქტორის მიერ ამ მოთხოვნის შესასრულებლად, სწავლება შესაძლებელია განახორციელოს ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრულმა სათანადო კომპეტენციის მქონე პილოტმა.
5. სწავლების დასრულების შემდეგ პილოტის ინსტრუქტორი გასცემს ადამიანის შესაძლებლობების სწავლების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, თუ იგი მიიჩნევს, რომ მიღწეულია მომზადების მიზნები და ზსხ-ის პილოტს აქვს კომპეტენცია, ზსხ-ზე შეასრულოს სტანდარტული საფრენოსნო მანევრები, არასტანდარტული და ავარიულ მდგომარეობაში მოქმედების პროცედურები, ასევე განახორციელოს მარშრუტზე ფრენა.
ზსხ-ის ფრენისუნარიანობა და ტექნიკური მომსახურება