1. ასამბლეა, როგორც ორგანოს ყველა წევრისგან შემდგარი ერთადერთი ორგანო, ითვლება ორგანოს უმაღლეს ორგანოდ, რომლის წინაშეც სხვა ძირითადი ორგანოები ანგარიშვალდებულნი არიან, როგორც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წინამდებარე კონვენციით. ასამბლეას აქვს უფლებამოსილება, განსაზღვროს ზოგადი პოლიტიკა წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების დაცვით, ორგანოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

2. გარდა ამისა, ასამბლეის უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

(a) საბჭოს წევრების არჩევა 161-ე მუხლის შესაბამისად;

(b) გენერალური მდივნის არჩევა საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან;

(c) საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საწარმოს მმართველი საბჭოს წევრებისა და საწარმოს გენერალური დირექტორის არჩევა;

(d) ისეთი დამხმარე ორგანოების შექმნა, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის წინამდებარე ნაწილის შესაბამისად თავისი ფუნქციების განსახორციელებლად. ამ დამხმარე ორგანოების შემადგენლობაში სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპი და იმ წევრების განსაკუთრებული ინტერესები და საჭიროებები, რომლებიც კვალიფიციურები და კომპეტენტურები არიან ასეთი ორგანოების მიერ განსახილველ შესაბამის ტექნიკურ საკითხებში;

(e) ორგანოს ადმინისტრაციულ ბიუჯეტში წევრების შენატანების შეფასება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეგულარული ბიუჯეტისთვის გამოყენებული შკალის საფუძველზე შეთანხმებული შეფასების შკალის შესაბამისად, მანამ, სანამ ორგანოს სხვა წყაროებიდან არ ექნება საკმარისი შემოსავალი ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად;

(f) (i) საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, იმ ნორმების, წესებისა და პროცედურების განხილვა და დამტკიცება, რომლებიც ეხება რაიონში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიან განაწილებას და 82-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებულ გადახდებსა და შენატანებს, იმ განვითარებადი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესებისა და საჭიროებების განსაკუთრებულად გათვალისწინებით, რომლებმაც არ მიუღიათ სრული დამოუკიდებლობა ან სხვა თვითმმართველი სტატუსი. თუ ასამბლეა არ დაამტკიცებს საბჭოს რეკომენდაციებს, ასამბლეამ ისინი უნდა დაუბრუნოს საბჭოს ხელახლა განსახილველად, ასამბლეის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით;

(ii) საბჭოს მიერ 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (o) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ნორმების, წესებისა და პროცედურების, ასევე მათში ნებისმიერი ცვლილების განხილვა და დამტკიცება. ეს ნორმები, წესები და პროცედურები უნდა ეხებოდეს რაიონში საძიებო სამუშაოებს, დაზვერვასა და ექსპლუატაციას, ორგანოს ფინანსურ მართვას და შიდა ადმინისტრირებას და, საწარმოს მმართველი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ფინანსურის სახსრების გადარიცხვას საწარმოდან ორგანოსთვის;

(g) რაინში საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიანი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე კონვენციისა და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

(h) საბჭოს მიერ წარდგენილი ორგანოს წლიური ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

(i) საბჭოსა და საწარმოს პერიოდული ანგარიშებისა და საბჭოსგან ან ორგანოს ნებისმიერი სხვა ორგანოსგან მოთხოვნილი სპეციალური ანგარიშების განხილვა;

(j) კვლევების ინიცირება და რეკომენდაციების შემუშავება რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის პროგრესული განვითარებისა და მისი კოდიფიკაციის წახალისების მიზნით;

(k) რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის პრობლემების განხილვა, რომლებიც განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოებისთვის წარმოიშობა, ასევე სახელმწიფოებისთვის რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებული იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც გამოწვეულია მათი გეოგრაფიული მდებარეობით, განსაკუთრებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებისთვის;

(l) საბჭოს რეკომენდაციით, ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რჩევის საფუძველზე, კომპენსაციის სისტემის შექმნა ან ეკონომიკური ადაპტირების დახმარების სხვა ზომების მიღება, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლის მე-10 პუნქტით;

(m) წევრობიდან გამომდინარე უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელების შეჩერება 185-ე მუხლის შესაბამისად;

(n) ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი საკითხის განხილვა და, ორგანოს ორგანოებს შორის უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განაწილების შესაბამისად, იმის გადაწყვეტა, თუ ორგანოს რომელმა ორგანომ უნდა განიხილოს ისეთი საკითხი, რომლის განხილვაც პირდაპირ არ აქვს განსაზღვრული კონკრეტულ ორგანოს.

ქვეგანყოფილება C. საბჭო