1. საბჭო შედგება ორგანოს 36 წევრისგან, რომლებსაც ასამბლეა ირჩევს შემდეგი თანმიმდევრობით:
(a) ოთხ წევრს იმ სახელმწიფოებიდან, რომლებთან მიმართებითაც ხელმისაწვდომია სტატისტიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მოიხმარეს მსოფლიო მოხმარების 2 პროცენტზე მეტი ან განახორციელეს რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიებიდან წარმოებული საქონლის მსოფლიო იმპორტის 2 პროცენტზე მეტი წმინდა იმპორტი, და, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპის (სოციალისტური) რეგიონიდან, ასევე ყველაზე დიდ მომხმარებელს;
(b) ოთხ წევრს რვა მონაწილე სახელმწიფოდან, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი ინვესტიციები რაიონში საქმიანობის მომზადებასა და განხორციელებაში, პირდაპირ ან თავიანთი მოქალაქეების მეშვეობით, მათ შორის, სულ მცირე ერთ სახელმწიფოს აღმოსავლეთ ევროპის (სოციალისტური) რეგიონიდან;
(c) ოთხ წევრს მხარე სახელმწიფოებიდან, რომლებიც თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფ არეალებში წარმოების საფუძველზე არიან რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიების ძირითადი წმინდა ექსპორტიორები, მათ შორის, სულ მცირე, ორ განვითარებად სახელმწიფოს, რომელთა მიერ ასეთი მინერალების ექსპორტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მათ ეკონომიკაზე;
(d) ექვს წევრს განვითარებადი მხარე სახელმწიფოებიდან, რომლებიც წარმოადგენენ განსაკუთრებულ ინტერესებს. წარმოსადგენი განსაკუთრებული ინტერესები მოიცავს დიდი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოების, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ან გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოების, რაიონიდან მოსაპოვებელი მინერალების კატეგორიების ძირითადი იმპორტიორი სახელმწიფოების, ასეთი მინერალების პოტენციურად მწარმოებელი სახელმწიფოების და ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების ინტერესებს;
(e) თვრამეტ წევრს, რომლებიც არჩეულია მთლიანად საბჭოში ადგილების სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების უზრუნველყოფის პრინციპის შესაბამისად, იმ პირობით, რომ თითოეულ გეოგრაფიულ რეგიონს ჰყავს წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად არჩეული სულ მცირე ერთი წევრი. ამ მიზნით გეოგრაფიული რეგიონებია აფრიკა, აზია, აღმოსავლეთ ევროპა (სოციალისტური), ლათინური ამერიკა და დასავლეთ ევროპა და სხვები.
2. საბჭოს წევრების პირველი პუნქტის შესაბამისად არჩევისას ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს, რომ:
(a) ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოები წარმოდგენილნი არიან იმ ხარისხით, რაც გონივრულად პროპორციულია ასამბლეაში მათი წარმომადგენლობის ხარისხის;
(b) სანაპირო სახელმწიფოები, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ პირველი პუნქტის (a), (b), (c) ან (d) ქვეპუნქტების პირობებს, არიან იმ ხარისხით, რაც გონივრულად პროპორციულია ასამბლეაში მათი წარმომადგენლობის ხარისხის;
(c) საბჭოში წარმოსადგენი მხარე სახელმწიფოების თითოეული ჯგუფი წარმოდგენილია იმ წევრებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ნომინირებულნი არიან ამ ჯგუფის მიერ.
3. არჩევნები უნდა ჩატარდეს ასამბლეის რეგულარულ სესიებზე. საბჭოს თითოეული წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით. თუმცა, პირველ არჩევნებზე პირველ პუნქტში მითითებული თითოეული ჯგუფის წევრთა ერთი ნახევრის ვადა არის ორი წელი.
4. საბჭოს წევრებს აქვთ ხელახლა არჩევის უფლება, თუმცა, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს წევრთა როტაციის სასურველობას.
5. საბჭო ფუნქციონირებს ორგანოს ადგილსამყოფელზე და იკრიბება იმ სიხშირით, რასაც მოითხოვს ორგანოს საქმიანობა, მაგრამ არანაკლებ წელიწადში სამჯერ.
6. საბჭოს წევრთა უმრავლესობა შეადგენს კვორუმს.
7. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
8. (a) პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების უმრავლესობით.
(b) შემდეგი დებულებებიდან გამომდინარე არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს საბჭოს წევრების უმრავლესობას: 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (f), (g), (h), (i), (n), (p) და (v) ქვეპუნქტები; 191-ე მუხლი.
(c) შემდეგი დებულებებიდან გამომდინარე არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების სამი მეოთხედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს საბჭოს წევრების უმრავლესობას: 162-ე მუხლის პირველი პუნქტი; 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (a), (b), (c), (d), (e), (l), (q), (r), (s), (t) და (u) ქვეპუნქტები – კონტრაქტორის ან სპონსორის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევებში; (w) ქვეპუნქტი – იმ პირობით, რომ მათ საფუძველზე გაცემული ბრძანებები შეიძლება იყოს სავალდებულო არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, თუ ისინი არ დადასტურდება (d) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით; 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (x); (y); (z) ქვეპუნქტები; 163-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 174-ე მუხლის მე-3 პუნქტი; IV დანართის მე-11 მუხლი.
(d) შემდეგი დებულებებიდან გამომდინარე არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით: 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (m) და (o) ქვეპუნქტები; XI ნაწილის ცვლილებების მიღება.
(e) (d), (f) და (g) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, „კონსენსუსი“ ნიშნავს რაიმე ფორმალური წინააღმდეგობის არარსებობას. საბჭოსთვის წინადადების წარდგენიდან 14 დღის განმავლობაში, საბჭოს პრეზიდენტი განსაზღვრავს, იქნება თუ არა ფორმალური წინააღმდეგობა წინადადების მიღებასთან დაკავშირებით. თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ ასეთი წინააღმდეგობა იქნება, პრეზიდენტმა, ასეთი გადაწყვეტილებიდან სამი დღის განმავლობაში უნდა შექმნას და მოიწვიოს საბჭოს არაუმეტეს ცხრა წევრისგან შემდგარი მორიგების კომიტეტი, პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, უთანხმოებების გადასაჭრელად და ისეთი წინადადების წარმოსადგენად, რომლის მიღება შესაძლებელია კონსენსუსით. კომიტეტმა უნდა იმუშაოს დაჩქარებულად და საბჭოს ანგარიში წარუდგინოს შექმნიდან 14 დღის განმავლობაში. თუ კომიტეტი ვერ შეძლებს ისეთი წინადადების წარდგენას, რომლის მიღება შესაძლებელია კონსენსუსით, მან თავის ანგარიშში უნდა მიუთითოს წინადადების მიმართ არსებული წინააღმდეგობის საფუძვლები.
(f) გადაწყვეტილებები იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი და რომელთა მიღების უფლებამოსილებაც საბჭოს აქვს ორგანოს ნორმებით, წესებითა და პროცედურებით; ან რომლებიც სხვაგვარად უნდა იქნეს მიღებული ნორმებში, წესებსა და პროცედურებში მითითებული წინამდებარე პუნქტის ქვეპუნქტების შესაბამისად; ან, თუ ისინი არ არის მითითებული მათში, მაშინ კონსენსუსით, საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ ეს შესაძლებელია.
(g) როდესაც საკითხი წამოიჭრება იმის შესახებ, ექცევა თუ არა საკითხი (a), (b), (c) ან (d) ქვეპუნქტებში, საკითხი განიხილება როგორც ამ ქვეპუნქტის ფარგლებში მოქცეული საკითხი, რომელიც მოითხოვს უფრო მაღალ ან უმაღლეს უმრავლესობას ან კონსენსუსს, შემთხვევის მიხედვით, თუ საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს აღნიშნული უმრავლესობით ან კონსენსუსით.
9. საბჭომ უნდა დაადგინოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც ორგანოს წევრს, რომელიც არ არის წარმოდგენილი საბჭოში, შეუძლია გაგზავნოს წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, როდესაც ასეთი წევრი მოითხოვს ამას, ან როდესაც განიხილება საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მასზე. ასეთ წარმომადგენელს აქვს განხილვებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ არ აქვს ხმის მიცემის უფლება.