1. საბჭო არის ორგანოს აღმასრულებელი ორგანო. საბჭოს აქვს უფლებამოსილება, წინამდებარე კონვენციისა და ასამბლეის მიერ დადგენილი ზოგადი პოლიტიკის შესაბამისად, დაადგინოს კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც უნდა გაატაროს ორგანომ ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
2. გარდა ამისა, საბჭომ:
(a) უნდა განახორციელოს ზედამხედველობა და კოორდინაცია წინამდებარე ნაწილის დებულებების აღსრულებაზე ორგანოს კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე და ასამბლეის ყურადღება მიაპყროს შეუსრულებლობის შემთხვევებზე;
(b) ასამბლეას უნდა წარუდგინოს კანდიდატთა სია გენერალური მდივნის არჩევნებისთვის;
(c) ასამბლეას უნდა წარუდგინოს კანდიდატები საწარმოს მმართველი საბჭოს წევრებისა და საწარმოს გენერალური დირექტორის არჩევნებისთვის;
(d) საჭიროებისამებრ, და ეკონომიურობისა და ეფექტიანობის სათანადო გათვალისწინებით, უნდა შექმნას ისეთი დამხმარე ორგანოები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის წინამდებარე ნაწილის შესაბამისად თავისი ფუნქციების განსახორციელებლად. დამხმარე ორგანოების შემადგენლობისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ წევრების საჭიროებაზე, რომლებიც კვალიფიციურები და კომპეტენტურები არიან ამ ორგანოების მიერ განხილულ შესაბამის ტექნიკურ საკითხებში, იმ პირობით, რომ სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპი და განსაკუთრებული ინტერესები;
(e) უნდა მიიღოს თავისი პროცედურის ნორმები, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის მეთოდი;
(f) ორგანოს სახელით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასამბლეის მიერ დამტკიცების პირობით, უნდა დადოს შეთანხმებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
(g) უნდა განიხილოს საწარმოს ანგარიშები და რეკომენდაციებთან ერთად გაუგზავნოს ისინი ასამბლეას;
(h) ასამბლეას უნდა წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიშები და ისეთი სპეციალური ანგარიშები, რომლებიც შეიძლება ასამბლეამ მოითხოვოს;
(i) საწარმოს მიმართ უნდა გასცეს დირექტივები 170-ე მუხლის შესაბამისად;
(j) უნდა დაამტკიცოს სამუშაო გეგმები III დანართის მე-6 მუხლის შესაბამისად. საბჭომ თითოეულ სამუშაო გეგმაზე რეაგირება უნდა მოახდინოს საბჭოს სხდომაზე იურიდიული და ტექნიკური კომისიის მიერ წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში შემდეგი პროცედურების შესაბამისად:
(i) თუ კომისია რეკომენდაციას უწევს სამუშაო გეგმის დამტკიცებას, იგი უნდა ჩაითვალოს საბჭოს მიერ დამტკიცებულად, თუ საბჭოს არცერთი წევრი 14 დღის განმავლობაში წერილობით არ წარუდგენს პრეზიდენტს კონკრეტულ წინააღმდეგობას, რომელიც ამტკიცებს III დანართის მე-6 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობას. წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება 161-ე მუხლის მე-8 პუნქტის (e) ქვეპუნქტში მითითებული მორიგების პროცედურა. თუ მორიგების პროცედურის დასრულების შემდეგ წინააღმდეგობა კვლავ ძალაში რჩება, სამუშაო გეგმა უნდა ჩაითვალოს საბჭოს მიერ დამტკიცებულად, თუ საბჭო არ უარყოფს მას წევრებს შორის კონსენსუსით, იმ სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოების გამოკლებით, რომლებმაც წარადგინეს განაცხადი ან ასპონსორებენ განმცხადებელს;
(ii) თუ კომისია რეკომენდაციას უწევს სამუშაო გეგმის უარყოფას ან არ გასცემს რეკომენდაციას, საბჭოს შეუძლია სამუშაო გეგმა დაამტკიცოს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების სამი მეოთხედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს სესიაში მონაწილე წევრების უმრავლესობას;
(k) უნდა დაამტკიცოს საწარმოს მიერ წარდგენილი სამუშაო გეგმები IV დანართის მე-12 მუხლის შესაბამისად, (j) ქვეპუნქტში მითითებული პროცედურების mutatis mutandis გამოყენებით;
(l) უნდა განახორციელოს კონტროლი რაიონში განხორციელებულ საქმიანობაზე 153-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
(m) ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რეკომენდაციით, 150-ე მუხლის (h) ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი და შესაბამისი ზომები მასში მითითებული უარყოფითი ეკონომიკური შედეგებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად;
(n) ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რჩევის საფუძველზე, ასამბლეას უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები კომპენსაციის სისტემის ან ეკონომიკური ადაპტირების დახმარების სხვა ზომების შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლის მე-10 პუნქტით;
(o) (i) ასამბლეას უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ნორმების, წესებისა და პროცედურების შესახებ რაიონში საქმიანობიდან მიღებული ფინანსური და სხვა ეკონომიკური სარგებლის სამართლიანი განაწილებისა და 82-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული გადახდებისა და შენატანების თაობაზე, იმ განვითარებადი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესებისა და საჭიროებების განსაკუთრებული გათვალისწინებით, რომლებმაც არ მიუღია სრული დამოუკიდებლობა ან სხვა თვითმმართველი სტატუსი;
(ii) ასამბლეის მიერ დამტკიცებამდე, დროებით უნდა დაამტკიცოს და გამოიყენოს ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები და მათი ნებისმიერი ცვლილება, იურიდიული და ტექნიკური კომისიის ან სხვა ქვემდგომი ორგანოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. ეს ნორმები, წესები და პროცედურები უნდა ეხებოდეს რაიონში საძიებო სამუშაოებს, დაზვერვასა და ექსპლუატაციას, ასევე – ორგანოს ფინანსურ მართვასა და შიდა ადმინისტრირებას. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პოლიმეტალური კვანძების დაზვერვისა და ექსპლუატაციის ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღებას. პოლიმეტალური კვანძებისგან განსხვავებული ნებისმიერი რესურსის დაზვერვისა და ექსპლუატაციის ნორმები, წესები და პროცედურები მიღებულ უნდა იქნეს სამი წლის განმავლობაში ორგანოსთვის მისი რომელიმე წევრის მიერ ასეთი რესურსის მიმართ ასეთი ნორმების, წესებისა და პროცედურების მიღების მოთხოვნის დღიდან. ყველა ნორმა, წესი და პროცედურა დროებით ძალაში უნდა დარჩეს ასამბლეის მიერ დამტკიცებამდე ან, ასამბლეის მიერ გამოთქმული ნებისმიერი შეხედულების გათვალისწინებით, საბჭოს მიერ ცვლილებების შეტანამდე;
(p) უნდა მიმოიხილოს წინამდებარე ნაწილის შესაბამისად ოპერაციებთან დაკავშირებით ორგანოს მიერ გადასახდელი ან ორგანოსთვის გადასახდელი ყველა თანხის მიღება;
(q) უნდა განახორციელოს შერჩევა იმ განმცხადებლებს შორის, რომლებსაც მოთხოვნილი აქვთ წარმოების ნებართვები III დანართის მე-7 მუხლის შესაბამისად, თუ ასეთი შერჩევა გათვალისწინებულია ამ დებულებით;
(r) ასამბლეას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს ორგანოს წლიური ბიუჯეტის პროექტი;
(s) ასამბლეას უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები ორგანოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკის შესახებ;
(t) ასამბლეას უნდა წარუდგინოს რეკომენდაციები 185-ე მუხლის შესაბამისად წევრობის უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელების შეჩერების შესახებ
(u) შეუსრულებლობის შემთხვევებში ორგანოს სახელით, ზღვის ფსკერის დავების პალატაში უნდა დაიწყოს სამართალწარმოება;
(v) ასამბლეას უნდა აცნობოს ზღვის ფსკერის დავების პალატის მიერ (u) ქვეპუნქტის შესაბამისად დაწყებული საქმისწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და შეიმუშავოს ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელსაც იგი მიზანშეწონილად ჩათვლის გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით;
(w) უნდა გასცეს საგანგებო ბრძანებები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ბრძანებებს ოპერაციების შეჩერების ან ადაპტირების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზღვის გარემოსთვის რაიონში საქმიანობით გამოწვეული სერიოზული ზიანის მიყენება;
(x) არ უნდა დაამტკიცოს არეალები კონტრაქტორების ან საწარმოს მიერ ექსპლუატაციისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც არსებითი მტკიცებულებები მიუთითებს ზღვის გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკზე;
(y) უნდა შექმნას დამხმარე ორგანოს ფინანსური ნორმების, წესებისა და პროცედურების პროექტების შემუშავებისთვის, რომლებიც ეხება:
(i) ფინანსურ მართვას 171-ე – 175-ე მუხლების შესაბამისად; და
(ii) ფინანსურ შეთანხმებებს III დანართის მე-13 მუხლისა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად;
(z) უნდა შექმნას შესაბამისი მექანიზმები ინსპექტორთა პერსონალის ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობისთვის, რომლებმაც უნდა შეამოწმონ რაიონში საქმიანობა, რათა დაადგინონ, დაცულია თუ არა წინამდებარე ნაწილი, ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები, ასევე, ორგანოსთან დადებული ნებისმიერი კონტრაქტის პირობები.