1. ასამბლეა შედგება ორგანოს ყველა წევრისგან. თითოეულ წევრს ასამბლეაში ჰყავს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს შემცვლელი წევრები და მრჩევლები.

2. ასამბლეა იკრიბება რეგულარულ ყოველწლიურ სესიებზე და ისეთ სპეციალურ სესიებზე, რომელთა მოწვევა შეიძლება გადაწყვიტოს ასამბლეამ, ან მოიწვიოს გენერალურმა მდივანმა საბჭოს ან ორგანოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.

3. სესიები უნდა ჩატარდეს ორგანოს ადგილსამყოფელში, თუ ასამბლეა სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

4. ასამბლეა იღებს თავის პროცედურის წესებს. ყოველი რეგულარული სესიის დასაწყისში იგი ირჩევს თავის პრეზიდენტს და, საჭიროებისამებრ, სხვა ოფიცრებს. ისინი თანამდებობას იკავებენ მანამ, სანამ შემდეგ რეგულარულ სესიაზე არ აირჩევიან ახალი პრეზიდენტი და სხვა ოფიცრები.

5. ასამბლეის წევრთა უმრავლესობა წარმოადგენს კვორუმს.

6. ასამბლეის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.

7. პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები, მათ შორის, გადაწყვეტილებები ასამბლეის სპეციალური სესიების მოწვევის შესახებ, მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმების უმრავლესობით.

8. არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე წევრების ორი მესამედის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ასეთი უმრავლესობა მოიცავს სესიაში მონაწილე წევრების უმრავლესობას. როდესაც საკითხი წამოიჭრება, არის თუ არა საკითხი არსებითი, ეს საკითხი განიხილება როგორც არსებითი, თუ ასამბლეა სხვაგვარად არ გადაწყვეტს არსებით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უმრავლესობით.

9. როდესაც არსებითი საკითხი პირველად დგება კენჭისყრაზე, პრეზიდენტს შეუძლია და, ასამბლეის წევრების სულ მცირე ერთი მეხუთედის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ საკითხზე კენჭისყრის საკითხი უნდა გადადოს არაუმეტეს ხუთი კალენდარული დღის ვადით. ეს წესი ნებისმიერ საკითხზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთხელ და არ უნდა იქნეს გამოყენებული ისე, რომ საკითხი გადაიდოს სესიის დასრულების შემდეგ.

10. პრეზიდენტისადმი გაგზავნილი და ორგანოს წევრების სულ მცირე ერთი მეოთხედის მიერ დასპონსორებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილია საკონსულტაციო მოსაზრება ასამბლეისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადების წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ, ასამბლეამ უნდა მიმართოს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ზღვის ფსკერის დავების პალატას აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსულტაციო მოსაზრების გაცემის მოთხოვნით და ასეთ წინადადებაზე კენჭისყრის გამართვა უნდა გადადოს პალატისგან საკონსულტაციო მოსაზრების მიღებამდე. თუ საკონსულტაციო მოსაზრება არ იქნება მიღებული იმ სესიის ბოლო კვირამდე, რომლის მიმდინარეობისას ის არის მოთხოვნილი, ასამბლეამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის შეიკრიბოს გადავადებულ წინადადებაზე კენჭისყრისთვის.