1. თუ დავა სათანადოდ წარედგინა სასამართლოს ან ტრიბუნალს, რომელიც მიიჩნევს, რომ prima facie აქვს იურისდიქცია წინამდებარე ნაწილის ან XI ნაწილის მე-5 განყოფილების შესაბამისად, სასამართლოს ან ტრიბუნალს შეუძლია განსაზღვროს ნებისმიერი დროებითი ზომა, რომელსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს გარემოებების გათვალისწინებით, რათა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაიცვას დავის მხარეთა შესაბამისი უფლებები ან თავიდან აიცილოს ზღვის გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენება.

2. დროებითი ზომები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს, როგორც კი შეიცვლება ან არსებობას შეწყვეტს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ.

3. დროებითი ზომები შეიძლება განისაზღვროს, შეიცვალოს ან გაუქმდეს წინამდებარე მუხლის შესაბამისად მხოლოდ დავის მხარის მოთხოვნით და მას შემდეგ, რაც მხარეებს მიეცემათ მათი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.

4. სასამართლომ ან ტრიბუნალმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დავის მხარეებს და სხვა მხარე სახელმწიფოებს, რომლებსაც ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროებითი ღონისძიებების განსაზღვრის, შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

5. საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის დასრულებამდე, რომელსაც დავა გადაეცემა წინამდებარე განყოფილების შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სასამართლოს ან ტრიბუნალს, ან თუ ასეთი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული დროებითი ზომების მოთხოვნიდან ორი კვირის განმავლობაში, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს ან ზღვის ფსკერის დავების პალატას, რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, შეუძლია განსაზღვროს, შეცვალოს ან გააუქმოს დროებითი ზომები წინამდებარე მუხლის შესაბამისად, თუ ჩათვლის, რომ ტრიბუნალს, რომელიც უნდა შეიქმნას, prima facie ექნება იურისდიქცია და რომ სიტუაციის გადაუდებლობა ამას მოითხოვს. შექმნის შემდეგ, ტრიბუნალს, რომელსაც დავა გადაეცა, შეუძლია, პირველი – მე-4 პუნქტების შესაბამისად, შეცვალოს, გააუქმოს ან დაადასტუროს ეს დროებითი ზომები.

6. დავის მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ წინამდებარე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ნებისმიერი დროებითი ზომა.