1. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების ან მასთან შეერთების დროს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს, სახელმწიფო თავისუფალია, წერილობითი დეკლარაციის მეშვეობით, კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავების მოგვარებისთვის აირჩიოს ერთი ან მეტი შემდეგი საშუალება:

(a) საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც დაფუძნებულია VI დანართის შესაბამისად;

(b) მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო;

(c) საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც შექმნილია VII დანართის შესაბამისად;

(d) სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალი, რომელიც შექმნილია VIII დანართის შესაბამისად, მასში მითითებული დავების ერთი ან მეტი კატეგორიისთვის.

2. მხარე სახელმწიფოს ვალდებულებაზე – აღიაროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ზღვის ფსკერის დავების პალატის იურისდიქცია XI ნაწილის მე-5 განყოფილებით გათვალისწინებული მოცულობითა და წესით – გავლენას არ ახდენს პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია, და ეს ვალდებულება გავლენას არ ახდენს ამ დეკლარაციაზე.

3. ითვლება, რომ მხარე სახელმწიფო, რომელიც ისეთი დავის მხარეა, რომელსაც არ მოიცავს ძალაში მყოფი დეკლარაცია, დათანხმდა VII დანართის შესაბამისი არბიტრაჟის გამოყენებას.

4. თუ დავის მხარეებმა დავის მოგვარებისთვის ერთი და იგივე პროცედურა მიიღეს, ის შეიძლება გადაეცეს მხოლოდ ამ პროცედურას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

5. თუ დავის მხარეები არ დაეთანხმნენ დავის მოგვარების ერთსა და იმავე პროცედურას, იგი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ არბიტრაჟს VII დანართის შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

6. პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაცია ძალაში რჩება სამი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისი გაუქმების შესახებ შეტყობინება წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანს.

7. ახალი დეკლარაცია, გაუქმების შესახებ შეტყობინება ან დეკლარაციის ვადის გასვლა რაიმე ფორმით არ მოქმედებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული იურისდიქციის მქონე სასამართლოში ან ტრიბუნალში მიმდინარე სამართალწარმოებაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

8. წინამდებარე მუხლში მითითებული დეკლარაციები და შეტყობინებები უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელმაც მათი ასლები უნდა გაუგზავნოს მხარე სახელმწიფოებს.