1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ და შემდგომში ყოველ ოთხ თვეში, ორგანომ უნდა განიხილოს წარდგენილი სამუშაო გეგმები.
2. კონტრაქტის სახით წარდგენილი სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადის განხილვისას, ორგანომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს:
(a) დაიცვა თუ არა განმცხადებელმა წინამდებარე დანართის მე-4 მუხლის შესაბამისად განაცხადებისთვის დადგენილი პროცედურები და წარუდგინა თუ არა ორგანოს წინამდებარე მუხლით მოთხოვნილი ვალდებულებები და გარანტიები. ამ პროცედურების დაუცველობის ან ამ ვალდებულებებისა და გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა მიეცეს 45 დღე ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის;
(b) აქვს თუ არა განმცხადებელს წინამდებარე დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საჭირო კვალიფიკაცია.
3. ყველა წარდგენილი სამუშაო გეგმა განიხილება მათი მიღების თანმიმდევრობით. წარდგენილი სამუშაო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს და მოწესრიგდეს წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებებით და ორგანოს ნორმებით, წესებით და პროცედურებით, მათ შორის, ოპერატიული მოთხოვნებით, ფინანსური შენატანებით და ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებებით. თუ წარდგენილი სამუშაო გეგმები შეესაბამება ამ მოთხოვნებს, ორგანომ უნდა დაამტკიცოს ისინი იმ პირობით, რომ ისინი შეესაბამება ორგანოს ნორმებში, წესებსა და პროცედურებში დადგენილ ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
(a) შეთავაზებული სამუშაო გეგმით გათვალისწინებული არეალი ნაწილობრივ ან მთლიანად შედის დამტკიცებულ სამუშაო გეგმაში ან ადრე წარდგენილ შეთავაზებულ სამუშაო გეგმაში, რომელზეც ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია;
(b) შეთავაზებული სამუშაო გეგმით გათვალისწინებული არეალი ნაწილობრივ ან მთლიანად არ არის დამტკიცებული ორგანოს მიერ 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (x) ქვეპუნქტის შესაბამისად; ან
(c) შეთავაზებული სამუშაო გეგმა წარდგენილი ან დაფინანსებულია მხარე სახელმწიფოს მიერ, რომელსაც უკვე აქვს:
(i) პოლიმეტალური კვანძების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სამუშაო გეგმები არაგამოყოფილ არეალებში, რომლებიც, სამუშაო გეგმის განაცხადით დაფარული არეალის რომელიმე ნაწილთან ერთად, ზომით აღემატება შეთავაზებული სამუშაო გეგმით გათვალისწინებული არეალის რომელიმე ნაწილის ცენტრის გარშემო არსებული 400,000 კვადრატული კილომეტრის წრიული ფართობის 30 პროცენტს;
(ii) პოლიმეტალური კვანძების დაზვერვისა და ექსპლუატაციის სამუშაო გეგმები არაგამოყოფილ არეალებში, რომლებიც, ერთად აღებული, შეადგენს ზღვის ფსკერის მთლიანი ფართობის 2 პროცენტს, რომელიც არ არის გამოყოფილი ან არ არის დამტკიცებული ექსპლუატაციისთვის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის (x) ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებული სტანდარტის მიზნებისათვის, პარტნიორობის ან კონსორციუმის მიერ შეთავაზებული სამუშაო გეგმა დათვლილი უნდა იქნეს pro rata საფუძველზე წინამდებარე დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამის მონაწილე სპონსორ მხარე სახელმწიფოებს შორის. ორგანოს შეუძლია დაამტკიცოს მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო გეგმები, თუ იგი დაადგენს, რომ ასეთი დამტკიცება მხარე სახელმწიფოს ან მის მიერ დაფინანსებულ სუბიექტებს არ მისცემს საშუალებას, მოახდინონ რაიონში საქმიანობის განხორციელების მონოპოლიზაცია ან რაიონში საქმიანობის განხორციელებისგან გამორიცხონ სხვა მხარე სახელმწიფოები.
5. მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მიუხედავად, 151-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შუალედური პერიოდის დასრულების შემდეგ, ორგანოს შეუძლია ნორმების, წესებისა და პროცედურების მეშვეობით მიიღოს წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი სხვა პროცედურები და კრიტერიუმები იმის დასადგენად, თუ რომელ განმცხადებლებს უნდა დაუმტკიცდეთ სამუშაო გეგმები, როდესაც შეთავაზებულ არეალთან დაკავშირებით საჭიროა განმცხადებლებს შორის შერჩევა. ამ პროცედურებმა და კრიტერიუმებმა უნდა უზრუნველყონ სამუშაო გეგმების დამტკიცება სამართლიან და არადისკრიმინაციულ საფუძველზე.