1. საწარმოს, მხარე სახელმწიფოებს და 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ სხვა სუბიექტებს შეუძლიათ მიმართონ ორგანოს რაიონში საქმიანობის სამუშაო გეგმების დამტკიცების მოთხოვნით.

2. საწარმოს განაცხადის შეტანა შეუძლია რაიონის ნებისმიერ ნაწილთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა სუბიექტების განაცხადები გამოყოფილ არეალებთან დაკავშირებით ექვემდებარება წინამდებარე დანართის მე-9 მუხლის დამატებით მოთხოვნებს.

3. დაზვერვა და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ 153-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ სამუშაო გეგმებში მოცემულ და ორგანოს მიერ წინამდებარე კონვენციისა და ორგანოს შესაბამისი ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად დამტკიცებულ არეალებში.

4. ყველა დამტკიცებული სამუშაო გეგმა:

(a) უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციას და ორგანოს ნორმებს, წესებსა და პროცედურებს;

(b) უნდა ითვალისწინებდეს ორგანოს მიერ კონტროლს რაიონში საქმიანობაზე 153-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

(c) ოპერატორს, ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, უნდა ანიჭებდეს ექსკლუზიურ უფლებას, დაზვერვოს სამუშაო გეგმაში შემავალი არეალის რესურსების განსაზღვრული კატეგორიები და განახორციელოს მათი ექსპლუატაცია. თუმცა, თუ განმცხადებელი დასამტკიცებლად წარადგენს სამუშაო გეგმას, რომელიც მოიცავს მხოლოდ დაზვერვის ან ექსპლუატაციის ეტაპს, დამტკიცებული სამუშაო გეგმა ასეთ ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს მხოლოდ ამ ეტაპთან დაკავშირებით.

5. ორგანოს მიერ დამტკიცების შემდეგ, ყველა სამუშაო გეგმა, გარდა საწარმოს მიერ წარდგენილისა, უნდა გაფორმდეს ორგანოსა და განმცხადებელს ან განმცხადებლებს შორის დადებული კონტრაქტის სახით.