1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ და შემდგომში ყოველ ოთხ თვეში, ორგანომ უნდა განიხილოს უშუალოდ წინა პერიოდში წარდგენილი წარმოების ნებართვების განაცხადები. ორგანომ უნდა გასცეს მოთხოვნილი ნებართვები, თუ ყველა ასეთი განაცხადის დამტკიცება შესაძლებელია წარმოების ლიმიტის გადაჭარბების ან ორგანოს ვალდებულებების დარღვევის გარეშე, რომელიც გათვალისწინებულია იმ სასაქონლო შეთანხმებით ან გარიგებით, რომლის მხარეც ის გახდა, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლით.

2. როდესაც წარმოების ნებართვების განმცხადებლებს შორის შერჩევა აუცილებელია 151-ე მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წარმოების ლიმიტის გამო, ან ორგანოს იმ სასაქონლო შეთანხმებით ან გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების გამო, რომლის მხარეც ის გახდა, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლის პირველი პუნქტით, ორგანომ შერჩევა უნდა განახორციელოს თავის ნორმებში, წესებსა და პროცედურებში დადგენილი ობიექტური და არადისკრიმინაციული სტანდარტების საფუძველზე.

3. მე-2 პუნქტის გამოყენებისას ორგანომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ განმცხადებლებს, რომლებიც:

(a) უზრუნველყოფენ შესრულების უკეთეს გარანტიას, მათი ფინანსური და ტექნიკური კვალიფიკაციის და ადრე დამტკიცებული სამუშაო გეგმების შესაბამისად მათი შესრულების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებით;

(b) ორგანოს უფრო ადრე მოუტანენ მოსალოდნელ ფინანსურ სარგებელს, კომერციული წარმოების დაწყების დაგეგმილი ვადის გათვალისწინებით;

(c) უკვე მოახდინეს ყველაზე მეტი რესურსის და ძალისხმევის ინვესტირება საძიებო სამუშაოებში ან დაზვერვაში.

4. განმცხადებლებს, რომლებიც არ შეირჩევიან რომელიმე პერიოდში, უპირატესობა უნდა მიენიჭოთ შემდგომ პერიოდებში, სანამ არ მიიღებენ წარმოების ნებართვას.

5. შერჩევა უნდა განხორციელდეს ყველა მხარე სახელმწიფოსთვის შესაძლებლობების გაზრდის საჭიროების გათვალისწინებით, მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების ან გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახელმწიფოს ან სისტემის დისკრიმინაცია, მიიღონ მონაწილეობა რაიონის საქმიანობაში და თავიდან იქნეს აცილებული ამ საქმიანობის მონოპოლიზაცია.

6. როდესაც ექსპლუატაციაშია ნაკლები რაოდენობის გამოყოფილი არეალები არაგამოყოფილ არეალებთან შედარებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გამოყოფილ არეალებთან დაკავშირებული წარმოების ნებართვის განაცხადებს.

7. წინამდებარე მუხლში მითითებული გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად.