თითოეული განაცხადი, გარდა საწარმოს ან სხვა სუბიექტების მიერ დაჯავშნილი არეალებისთვის წარდგენილი განაცხადებისა, უნდა მოიცავდეს მთლიან არეალს – არ არის აუცილებელი, რომ იყოს ერთი უწყვეტი არეალი – საკმარისად დიდს და სავარაუდოდ საკმარისი კომერციული ღირებულების მქონეს, რათა იძლეოდეს ორი სამთო ოპერაციის შესაძლებლობას. განმცხადებელმა უნდა მიუთითოს კოორდინატები, რომლებიც არეალს ყოფს თანაბარი სავარაუდო კომერციული ღირებულების ორ ნაწილად და უნდა წარადგინოს მის მიერ ორივე ნაწილთან დაკავშირებით მოპოვებული ყველა მონაცემი. წინამდებარე დანართის მე-17 მუხლის შესაბამისად ორგანოს უფლებამოსილების შეზღუდვის გარეშე, პოლიმეტალური კვანძების შესახებ წარსადგენი მონაცემები უნდა ეხებოდეს რუკების შედგენას, ნიმუშის აღებას, კვანძების რაოდენობას და მათში ლითონის შემცველობას. ასეთი მონაცემების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში ორგანომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელი ნაწილი დაიჯავშნოს მხოლოდ ორგანოს მიერ, საწარმოს მეშვეობით ან განვითარებად სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, საქმიანობის განსახორციელებლად. ასეთი განსაზღვრა შეიძლება გადაიდოს კიდევ 45 დღით, თუ ორგანო დამოუკიდებელ ექსპერტს მოსთხოვს იმის შეფასებას წარდგენილია თუ არა წინამდებარე მუხლით მოთხოვნილი ყველა მონაცემი. განსაზღვრული არეალი გახდება დაჯავშნილი ტერიტორია, როგორც კი დამტკიცდება არაგამოყოფილი არეალის სამუშაო გეგმა და ხელი მოეწერება კონტრაქტს.