1. ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წინამდებარე წესები – (შემდგომში – წესები) მოიცავს ელექტროსადგურების და ელექტრული ქსელების ელექტროდანადგარების და მოწყობილობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს და ვრცელდება ორგანიზაციების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) პერსონალზე და სხვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ელექტროდანადგარების ტექნიკურ მომსახურებას, ოპერატიულ გადართვებს, ასრულებენ საპროექტო, სამშენებლო, სამონტაჟო, გაწყობის, სარემონტო სამუშაოებს, გამოცდებს და გაზომვებს.
2. წესები განსაზღვრავს ელექტროდანადგარებზე მუშაობისას უსაფრთხოების პირობებს.
3. ორგანიზაციას უფლება აქვს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მიიღოს შრომის უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესებს.
4. წინამდებარე წესების შესაბამისად გამოყენებული დამცავი საშუალებები უნდა აკმაყოფილებდნენ სახელმწიფო სტანდარტების და 1982 წლის 26 ივნისს სსრკ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ „ელექტროდანადგარებში გამოყენებული დამცავი საშუალებების ხმარების და გამოცდის წესების“ მოთხოვნებს.
5. მუშაობის დროს გამოიყენება მხოლოდ გამოცდილი მექანიზმები და ტვირთამწე მანქანები, საკომპრესორო დანადგარები და ჰაერშემკრებები, სამარჯვები და ინსტრუმენტები, ამასთან, მათი ექსპლუატაცია წარმოებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, ტექზედამხედველობის წესების, 1985 წლის 30 აპრილს სსრკ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „უსაფრთხოების წესები ინსტრუმენტებით და სამარჯვებით მუშაობისას“ და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
6. ორგანიზაციებში უნდა დაწესდეს მუდმივი კონტროლი წინამდებარე წესების, შრომის დაცვის ინსტრუქციების მოთხოვნების შესრულებაზე და ინსტრუქტაჟების ჩატარებაზე. შრომის დაცვის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს