1. განწესი დგება ორ ეგზემპლარად, ხოლო ტელეფონით ან რადიოკავშირით გადაცემის დროს – სამ ეგზემპლარად. ამ შემთხვევაში განწესის გამცემი განწესის ერთ ეგზემპლარს გამოწერს თავისთვის, ხოლო ტექსტის ტელეფონით ან რადიოგრამის სახით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით მიმღები პირი ავსებს განწესის ორ ეგზემპლარს და უკუშემოწმების შემდეგ განწესის გამცემის ხელმოწერის ადგილზე მიუთითებს განწესის გამცემის გვარს და ინიციალებს, ხოლო ჩანაწერის სისწორეს დაამოწმებს თავისი ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, როცა სამუშაოს მწარმოებელი ინიშნება ამავე დროს დამშვებად, განწესი, მიუხედავად მისი გაცემის ფორმისა, გაიცემა ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება განწესის გამცემთან. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით (სადისპეტჩერო პუნქტის განლაგება) განწესის ერთი ეგზემპლარი შეიძლება დარჩეს სამუშაო ადგილის მომზადებისა და დაშვების ნებართვის გამცემ პირთან (დისპეტჩერთან).

2. სამუშაოს ხელმძღვანელზე გასაცემი განწესების რაოდენობას განსაზღვრავს განწესის გამცემი. დასაშვებია დამშვებზე და სამუშაოს მწარმოებელზე (მეთვალყურეზე) გაცემულ იქნეს ერთდროულად რამდენიმე განწესი და განკარგულება, იმ პირობით, რომ ყველა მომდევნო სამუშაოზე დაშვება განხორციელდება წინა სამუშაოს დამთავრების შემდეგ (განწესის, განკარგულების დახურვის შემდეგ).

3. განწესის გაცემა ნებადართულია მუშაობის დაწყებიდან არა უმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით. განწესი შეიძლება გაგრძელდეს ერთხელ მაქსიმუმ 15 კალენდარული დღით. მუშაობაში იძულებითი შესვენების დროს (მარაგნაწილების, დამცავი საშუალებების, მასალის მიწოდების შეფერხება) განწესი რჩება ძალაში (ვადები არ იცვლება).

4. განწესის ვადის გაგრძელება შეუძლია მის გამცემს ან სხვა მომუშავეს, რომლებსაც აქვს ამ ელექტროდანადგარში განწესის გაცემის უფლება. ნებართვა განწესის გაგრძელებაზე შეიძლება გადაეცეს ტელეფონით, რადიოკავშირით ან შიკრიკის მეშვეობით დამშვებს, სამუშაოს ხელმძღვანელს ან სამუშაოს მწარმოებელს, რომელიც განწესში თავისი ხელმოწერის შემდეგ მიუთითებს განწესის ვადის გაგრძელებაზე ნებართვის გამცემი პირის გვარს და ინიციალებს.

5. განწესი მთლიანად დამთავრებულ სამუშაოზე ინახება 30 დღე-ღამის განმავლობაში, რის შემდეგ შეიძლება მისი განადგურება. თუ განწესით სამუშაოს შესრულებისას ადგილი ჰქონდა ავარიას, ინციდენტს ან უბედურ შემთხვევას, მაშინ ეს განწესი ინახება ორგანიზაციის არქივში გამოკვლევის მასალებთან ერთად.

6. განწესით სამუშაოები აღირიცხება განწესების და განკარგულებების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №5). სამუშაოების ჩატარება ერთი განწესით რამდენიმე სამუშაო ადგილზე.

7. განწესი ნებადართულია გაიცეს ერთი მიერთების ერთ ან რამდენიმე სამუშაო ადგილზე, გარდა წინამდებარე წესების მე-8 მუხლის მე-8, მე-9, მე-11, მე-12, მე-14 პუნქტებში ჩამოთვლილი შემთხვევებისა.

8. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში, სადაც ყველა დენგამტარი ნაწილებიდან, მათ შორის, სეგხ-ის და სკეგხ-ის გამომყვანებიდან მოხსნილია ძაბვა და ჩაკეტილია შესასვლელი მეზობელ ელექტროდანადგარებში (ანაკრებები და ფარები 1000 ვოლტამდე შესაძლებელია დარჩეს ძაბვის ქვეშ), დასაშვებია გაიცეს ერთი განწესი ყველა მიერთებაზე ერთდროული მუშაობისათვის. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში ყველა დენგამტარ ნაწილებზე ძაბვის მთლიანი მოხსნით დასაშვებია გაიცეს ერთი განწესი გმ-ის შემკრებ სალტეებზე, გამანაწილებელ ფარებზე, ანაკრებებზე, აგრეთვე ამ დანადგარების ყველა მინაერთზე სამუშაოების ერთდროულად შესასრულებლად.

9. ერთი განწესის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ერთი ძაბვის ელექტროძრავებზე და ერთი გმ-ის იმ მიერთებებზე სამუშაოდ, რომლებიც კვებავს ამ ძრავებს.

10. გმ-ში, რომელიც დაკომპლექტებულია კგმ-ის კარადებით, ელექტროძრავებსა და მათ მიერთებებზე ერთი განწესით მუშაობის დროს ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადაყვანის გაფორმება საჭირო არ არის. ამასთან, დასაშვებია ბრიგადის წევრების გადანაწილება სხვადასხვა სამუშაო ადგილზე. სხვა კონსტრუქციული შესრულების გმ-ში ელექტროძრავების მიერთებებზე დაშვება და მუშაობა უნდა წარმოებდეს ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადაყვანის გაფორმებით.

11. 3-110 კვ გმ-ში სალტეთა ერთმაგი სისტემით და სექციათა ნებისმიერი რაოდენობით შეკეთებაში ერთი სექციის მთლიანად ჩაყენებისას ნებადართულია ამ სექციის სალტეებზე და ყველა მიერთებაზე ან მათ ნაწილზე სამუშაოდ ერთი განწესის გაცემა. ნებადართულია ამ სექციის ფარგლებში ბრიგადის წევრების გადანაწილება სხვადასხვა სამუშაო ადგილზე.

12. ერთი განწესი სამუშაოთა ერთდროული ან რიგრიგობით შესრულებისათვის რამდენიმე მიერთების სხვადასხვა სამუშაო ადგილზე შეიძლება გაიცეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ძალოვანი და საკონტროლო კაბელების ჩაწყობისა და გადაწყობისას, ელექტროდანადგარების გამოცდებისას, რელეური დაცვების, გაზომვების, ბლოკირებების, ელექტროავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირგაბმულობის მოწყობილობების და ა.შ. შემოწმებისას;

ბ) ერთი მიერთების საკომუტაციო აპარატების შეკეთებისას, მათ შორის, როცა მათი ამძრავები იმყოფება სხვა სათავსოში;

გ) ცალკეული კაბელების შეკეთებისას გვირაბში, კოლექტორში, ჭაში, არხში, ტრანშეაში, ქვაბულში;

დ) კაბელების (არა უმეტეს ორისა) შეკეთებისას, რომელიც სრულდება ორ ქვაბულში ან გმ-ში და გვერდით ქვაბულში, როდესაც სამუშაო ადგილების განლაგება საშუალებას აძლევს სამუშაოს მწარმოებელს განახორციელოს ბრიგადის ზედამხედველობა;

ე) ნებადართულია ბრიგადის წევრების გადანაწილება სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, განწესში ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადაყვანის გაფორმების გარეშე.

13. წინამდებარე წესების მე-8 მუხლის მე-8, მე-9, მე-11, მე-12 პუნქტების თანახმად, სამუშაობის ჩატარებისას ყველა სამუშაო ადგილი მომზადებულ უნდა იქნეს პირველ სამუშაო ადგილზე დაშვების დაწყებამდე. აკრძალულია განწესით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანად დამთავრებამდე რომელიმე მინაერთის მომზადება ჩასართავად, მათ შორის, ელექტროძრავების მოსინჯვა.

ა) ბრიგადის წევრების სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე გადანაწილების შემთხვევაში დასაშვებია ბრიგადის უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე ერთი ან რამდენიმე წევრის სამუშაოს მწარმოებლისაგან დამოუკიდებლად (განცალკევებით) ყოფნა;

ბ) ბრიგადის წევრები, რომლებმაც უნდა იმუშაონ სამუშაოს მწარმოებლისაგან დამოუკიდებლად, ამ უკანასკნელმა უნდა მიიყვანოს სამუშაო ადგილზე და ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების ღონისძიებებზე.

14. დასაშვებია ერთი განწესის გაცემა რამდენიმე ქვესადგურზე ან ერთი ქვესადგურის რამდენიმე მინაერთზე ერთი ტიპის სამუშაოების რიგრიგობით შესასრულებლად. ასეთ სამუშაოებს განეკუთვნება: იზოლატორების წმენდა, კონტაქტური შეერთებების (მომჭერების) დაჭიმვა, ზეთის სინჯის აღება და დამატება, ტრანსფორმატორების გრაგნილების განშტოებების გადართვა, რელეური დაცვის, ელექტროავტომატიკის მოწყობილობების, მზომი ხელსაწყოების შემოწმება, გარე წყაროდან ამაღლებული ძაბვით გამოცდა; იზოლატორების შემოწმება მზომი შტანგით, სკეგხ-ზე დაზიანების ადგილის მოძებნა. ასეთი განწესის მოქმედების ვადაა ერთი დღე-ღამე. დაშვება თითოეულ სამუშაო ადგილზე ფორმდება განწესის შესაბამის გრაფაში (დანართი №4). ძაბვის მიწოდება თითოეული ქვესადგურისათვის დასაშვებია მხოლოდ ამ ქვესადგურზე განწესით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანად დამთავრების შემდე