1. მოქმედ ელექტროდანადგარებში მუშაობა წარმოებს განწესის შესაბამისად, რომლის ფორმა და მითითებები მისი შევსების შესახებ მოყვანილია №4 დანართში. წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებადართულია სამუშაოს შესრულება განკარგულებით.
2. აკრძალულია თვითნებური მუშაობა, აგრეთვე განწესით ან განკარგულებით განსაზღვრული სამუშაო ადგილის და დავალების მოცულობის გაფართოება.
3. ელექტროდანადგარებში ნებისმიერი სამუშაოს შესრულება სხვა განწესის მოქმედების ზონაში შეთანხმებულ უნდა იქნეს ადრე დაწყებული სამუშაოს ხელმძღვანელთან ან განწესის გამცემთან.
შეთანხმება ფორმდება სამუშაო ადგილის მომზადებამდე განწესის პირველ გვერდზე ჩანაწერით „შეთანხმებულია“ და შემთანხმებელ პირთა ხელმოწერით.
4. 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობების რემონტი, სამუშაოები 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში დენგამტარ ნაწილებზე ძაბვის მოუხსნელად, აგრეთვე სესხების რემონტი, მიუხედავად ძაბვის სიდიდისა, როგორც წესი, ხორციელდება ტექნოლოგიური რუკების ან სამუშაოს წარმოების პროექტის თანახმად.
5. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადარებში და სკეგხ-ებზე ძაბვის ქვეშ მუშაობის დროს აუცილებელია:
ა) შემოიღობოს სამუშაო ადგილთან ახლოს განლაგებული ძაბვის ქვეშ მყოფი სხვა დენგამტარი ნაწილები, რომლებთანაც შესაძლებელია შემთხვევითი შეხება;
ბ) სამუშაო შესრულდეს დიელექტრიკული ბოტებით, ან მაიზოლირებელ სადგარზე ან/და რეზინის დიელექტრიკულ ხალიჩაზე დგომით;
გ) მუშაობისას გამოყენებულ იქნეს მაიზოლირებელ სახელურიანი ინსტრუმენტები (სახრახნისს, გარდა მაიზოლირებელი სახელურისა, ღეროც უნდა ჰქონდეს იზოლირებული) და დიელექტრიკული ხელთათმანები.
6. დაუშვებელია მოკლესახელოიანი ან სახელოაკეცილი ტანსაცმლით მუშაობა, აგრეთვე ლითონის ხერხის, ქლიბის, ლითონის მზომის და ა.შ. გამოყენება.
7. აკრძალულია ელექტროდანადგარებში მუშაობა მოხრილ მდგომარეობაში, თუ გასწორების შემთხვევაში მანძილი დენგამტარ ნაწილებამდე №1 ცხრილში მითითებულზე ნაკლებია.
8. ელექტროდანადგარების შემოუღობავ დენგამტარ ნაწილებთან ახლოს მუშაობის დროს დაუშვებელია, ძაბვის ქვეშ მყოფი ნაწილების მომუშავის ზურგს უკან ან მისგან ორივე გვერდით მხარეს მოქცევა.
9. აკრძალულია იზოლატორებთან და ძაბვის ქვეშ მყოფ მოწყობილობების მაიზოლირებელ ნაწილებთან შეხება ელექტროდამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.
10. სეგხ-ის და სკხ-ის ელექტრულად დაკავშირებული ნაწილების (სადენების, გვარლების) შეერთების ან გაწყვეტის წინ აუცილებელია ამ ნაწილების პოტენციალების გათანაბრება. პოტენციალთა გათანაბრება ხორციელდება ამ ნაწილების ერთმანეთთან გამტარით შეერთებით, ან წყვეტის (მოსალოდნელი წყვეტის) ორივე მხარის ერთ დამამიწებელზე (დამიწებულ მოწყობილობებზე) მიერთებით.
11. ელექტროდამცავი საშუალებების (მაიზოლირებელი შტანგებისა და მარწუხების, ელექტრომზომი მარწუხებისა და შტანგების, ძაბვის მაჩვენებლების) გამოყენებით მუშაობის დროს დასაშვებია ადამიანის მიახლოება დენგამტარ ნაწილებთან იმ მანძილზე, რომელიც განისაზღვრება დამცავი საშუალების მაიზოლირებელი ნაწილის სიგრძით.
12. გადაკვეთის მალებში ძაბვის ქვეშ მყოფი სადენების ქვემოთ განლაგებული სადენების (გვარლების), მათი იზოლატორების და არმატურის შეცვლისას, შესაცვლელ სადენებზე (გვარლებზე) გადაკიდებული უნდა იყოს მცენარეული ან სინთეტიკური ბოჭკოს ბაგირები, რათა გამოირიცხოს მათი შეხების შესაძლებლობა ზემოთ დაკიდულ სადენთან. ბაგირები უნდა გადაიკიდოს – გადაკვეთის ადგილის ორივე მხარეს და მათი ბოლოები უნდა დამაგრდეს ღუზაზე, კონსტრუქციებზე და ა.შ.. სადენის აწევა უნდა ხდებოდეს ნელა და მდორედ.
13. ძაბვის ქვეშ მყოფი სადენების (გვარლების) ზემოთ განლაგებულ სადენებზე (გვარლებზე) და მათ იზოლატორებზე, არმატურაზე მუშაობა უნდა ჩატარდეს სწპ-ის მიხედვით. სწპ-ში გათვალისწინებული უნდა იყოს ინდუცირებული ძაბვისაგან დაცვის და სადენების (გვარლების) დაბლა დაშვების გამომრიცხავი ღონისძიებები. აკრძალულია ასეთი სამუშაოების შესრულების დროს სადენების (გვარლების) შეცვლა გადამკვეთი სადენებიდან ძაბვის მოუხსნელად.
14. პერსონალს უნდა ახსოვდეს, რომ ელექტროდანადგარიდან ძაბვის გაქრობის შემდეგ ის შეიძლება კვლავ მიეწოდოს გაუფრთხილებლად.
15. დაუშვებელია მუშაობა გაუნათებელ ადგილებში. სამუშაო უბნებზე, სამუშაო ადგილებზე, გასასვლელებში და მისასვლელებში განათება უნდა იყოს თანაბარი და მომუშავეებზე არ ახდენდეს დამაბრმავებელ ზემოქმედებას.
16. ჭექა-ქუხილის მოახლოების დროს უნდა შეწყდეს ყველა სამუშაო სეგხ-ზე, სკხ-ზე, ღგმ-ში, დგმ-ის უშუალოდ საჰაერო ხაზებთან მიერთებულ შემყვანებზე და საკომუტაციო აპარატურაზე, სეგხ-ის უბნებზე ჩართულ სკეგხ-ებზე, აგრეთვე კავშირგაბმულობის კვანძის შენობებში სკხ-ების შემყვანებზე და საანტენო-საანძო ნაგებობებზე.
17. მოქმედი ელექტრომოწყობილობების შენობებში (მართვის, სარელეო და მათი მსგავსი ფარების გარდა), ღგმ-სა და დგმ-ში, ჭებში, გვირაბებში და ტრანშეებში მომუშავე, აგრეთვე სეგხ-ის მომსახურე და კაპიტალურ შეკეთებაში მონაწილე მთელი პერსონალი ვალდებულია სარგებლობდეს დამცავი ჩაჩქანით.
18. საკომპრესორო დანადგარებისა და ჰაერშემკრებების, სააკუმულატორო ბატარეების და დამმუხტავი მოწყობილობების მომსახურე მუშაკებს უნდა ჰქონდეთ ელექტროუსაფრთხოების III ჯგუფი.
19. სეგხ-ზე, მიუხედავად ძაბვის კლასისა, დასაშვებია მომუშავის გადაადგილება არა უმცირესი 240 მმ2 კვეთის სადენებზე და არა უმცირესი 70 მმ2 კვეთის გვარლებზე, იმ პირობით, რომ სადენები და გვარლები არიან ნორმალურ ტექნიკურ მდგომარეობაში, ე.ი. არა აქვთ ვიბრაციით, კოროზიით და სხვა მიზეზებით გამოწვეული დაზიანებები. გახლეჩილი ფაზის სადენებსა და გვარლებზე გადაადგილებისას დამცავი ქამრის ჯამბარა უნდა დამაგრდეს მათზე, ხოლო სპეციალური ურიკის გამოყენებისას – ურიკაზე.
20. ორგანიზაციის ან მივლინებულ პერსონალს ერთპიროვნულად, მორიგის ნებართვით, შეეძლება ჩაიწეროს მართვის ფარზე და გმ-ში დაყენებული მრიცხველების და სხვა საზომი ხელსაწყოების ჩვენებები. ადგილობრივი პერსონალის არსებობისას ამ პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების II ჯგუფი, ხოლო ადგილობრივი პერსონალის არარსებობისას უსაფრთხოების III ჯგუფი.
21. მიწის სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვა
ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.10.2010
მუხლი 6. სამუშაოთა შესრულების წესი და პირობები
თავი II — ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. „წესებში“ გამოყენებული შემოკლებები:
- მუხლი 4. მოთხოვნები პერსონალის მიმართ
- მუხლი 5. ოპერატიული მომსახურება და ელექტროდანადგარების დათვალიერება
- მუხლი 7. ორგანიზაციული ღონისძიებები (საერთო მოთხოვნები, სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები, მათი უფლებები და მოვალეობები)
- მუხლი 8. განწესით სამუშაოთა ორგანიზების წესი
- მუხლი 9. სამუშაოები გამანაწილებელი მოწყობილობების საჰაერო, საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზების და კავშირგაბმულობის უბნებზე
- მუხლი 10. განწესით მუშაობა მრავალჯაჭვა სეგხ-ზე, სეგხ-ის გადაკვეთებზე, სეგხ-ის სხვადასხვა უბნებზე
- მუხლი 11. განკარგულებით შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზება
- მუხლი 12. მიმდინარე ექსპლუატაციისას შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №100, 18.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.22.025.012.407 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80518/muxli-6/