1. სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებისათვის უნდა შესრულდეს შემდეგი ორგანიზაციული ღონისძიებები:
ა) სამუშაოს უსაფრთხოდ მიმდინარეობისათვის პასუხისმგებელ პირთა დანიშვნა;
ბ) განწესის ან განკარგულების გაცემა;
გ) სამუშაო ადგილის მომზადებისა და დაშვების ნებართვის გაცემა;
დ) სამუშაო ადგილის მომზადება და დაშვება;
ე) ზედამხედველობა სამუშაოს მიმდინარეობის დროს;
ვ) სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანა;
ზ) მუშაობის დროს შესვენებებისა და სამუშაოს დამთავრების გაფორმება.
2. სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები არიან:
ა) განწესის ან განკარგულების გამცემი;
ბ) სამუშაოს ხელმძღვანელი;
გ) სამუშაო ადგილის მომზადებისა და დაშვების ნებართვის გამცემი;
დ) სამუშაო ადგილის მომმზადებელი და დამშვები;
ე) სამუშაოს მწარმოებელი;
ვ) მეთვალყურე;
ზ) ბრიგადის წევრები.
3. განწესის, განკარგულების გამცემი განსაზღვრავს სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებისათვის აუცილებელ ღონისძიებებს, პასუხს აგებს მათ სისწორესა და საკმარისობაზე, ბრიგადის შემადგენლობის რაოდენობასა და კვალიფიკაციის დონეზე, პასუხისმგებელი პირების დანიშვნაზე, აგრეთვე განწესში შეყვანილი მუშაკების უსაფრთხოების ჯგუფების შესაბამისობაზე შესასრულებელ სამუშაოსთან.
4. განწესისა და განკარგულების გაცემის უფლება ენიჭებათ:
ა) უსაფრთხოების V ჯგუფის მქონე პირებს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და სტრუქტურული ქვედანაყოფების პერსონალიდან;
ბ) ავარიის აღმოფხვრისა და მისი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების საწარმოებლად, განწესის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, განწესი ან განკარგულება დასაშვებია გასცეს მოცემული ელექტროდანადგარების მომსახურე უსაფრთხოების IV ჯგუფის მქონე ოპერატიულმა პერსონალმა, რომლებზეც აღნიშნული უფლება გაფორმებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელის წერილობითი განკარგულებით.
5. სამუშაოს ხელმძღვანელი, როგორც წესი, ინიშნება 1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებში მუშაობისას. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში სამუშაოს ხელმძღვანელი, როგორც წესი, არ ინიშნება.
6. სამუშაოს ხელმძღვანელი პასუხს აგებს განწესში მითითებული უსაფრთხოების ღონისძიებების სრული მოცულობით შესრულებაზე, მის მიერ დამატებით განხორციელებულ უსაფრთხოების ღონისძიებებზე, ბრიგადისათვის მის მიერ, აგრეთვე დამშვებისა და სამუშაოს მწარმოებლის მიერ ჩატარებული მიზნობრივი ინსტრუქტაჟის სისრულეზე და ხარისხზე, აგრეთვე უსაფრთხო მუშაობის ორგანიზებაზე.
7. სამუშაოს ხელმძღვანელად ინიშნება უსაფრთხოების V ჯგუფის მქონე პირი ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან. იმ შემთხვევაში, როცა ცალკეული სამუშაოები (სამუშაოს ეტაპები) აუცილებელია შესრულდეს სამუშაოს ხელმძღვანელის ზედამხედველობით და მართვით, განწესის გამცემმა უნდა გააკეთოს ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე განწესის სტრიქონში – „ცალკეული მითითებები“.
8. სამუშაოს ხელმძღვანელი ინიშნება სამუშაოებზე, რომლებიც სრულდება:
ა) მექანიზმების და ტვირთამწე მანქანების გამოყენებით;
ბ) ელექტრომოწყობილობების გამორთვით (გარდა სამუშაოებისა ელექტროდანადგარებში, სადაც ძაბვა მოხსნილია ყველა დენგამტარი ნაწილიდან), ელექტრული მიერთებების მარტივი და თვალსაჩინო სქემის ელექტროდანადგარებში, ელექტროძრავებზე და მათ მიერთებებზე გმ-ში);
გ) სკეგხ-ებს და სკკგხ-ებზე კომუნიკაციების განლაგებისა და ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის ზონებში;
დ) მრავალჯაჭვა სეგხ-ის გამორთულ ჯაჭვზე, თუ ჯაჭვები განლაგებულნი არიან ერთი მეორის ზემოთ ან იმ შემთხვევებში, როცა ჯაჭვების რაოდენობა 2-ზე მეტია და მათგან ერთი ან ყველა დანარჩენი რჩება ძაბვის ქვეშ;
ე) სეგხ-ის სხვა სეგხ-თან ან სატრანსპორტო მაგისტრალთან გადაკვეთის ადგილებში, ღგმ-ში სადენების გადაკვეთის მალებში;
ვ) ყველა ტიპის ანძის მონტაჟის, დემონტაჟის და ცალკეული ელემენტების შეცვლისას;
ზ) ახლად აშენებული საჰაერო ხაზის ჩართვისას;
თ) სეგხ-ის სადენების და გვარლების მიერთებების სქემის შეცვლისას;
ი) ერთ ელექტროდანადგარზე ორი ან მეტი ბრიგადის ერთდროული მუშაობისას;
კ) საჰაერო ხაზის ფაზობრივი რემონტის დროს;
ლ) ინდუცირებული ძაბვის ქვეშ მუშაობის დროს;
მ) დენგამტარ ნაწილებზე ძაბვის მოუხსნელად ადამიანის იზოლაციით მიწიდან;
ნ) დტმს-ის მოწყობილობებზე და დანადგარებზე საანძო გადასასვლელების მოწყობისას, სკგხ-ის გამოცდისას; მომსახურების გარეშე გამაძლიერებელი პუნქტების (რეგენერაციის პუნქტების) აპარატურაზე და მიერთებების ფილტრებზე კავშირის კონდენსატორის დამამიწებელი დანის ჩაურთველად მუშაობისას.
ო) სამუშაოს ხელმძღვანელის დანიშვნის აუცილებლობას განსაზღვრავს განწესის გამცემი, რომელსაც უფლება აქვს სამუშაოს ხელმძღვანელი დანიშნოს ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების გარდა სხვა სამუშაოებზეც.
9. სამუშაო ადგილის მომზადებისა და დაშვების ნებართვის გამცემი პასუხისმგებელია ელექტროდანადგარებზე, რომლებზეც გათვალისწინებულია მუშაობა, გამორთვების სისწორესა და დამიწებების საკმარისობაზე და მათი განხორციელების შესაძლებლობაზე, აგრეთვე დასაშვები ბრიგადებისათვის დროის და სამუშაო ადგილის განსაზღვრაზე და კოორდინაციაზე.
ა) სამუშაო ადგილის მომზადებისა და დაშვების ნებართვის გამცემი ვალდებულია დამშვებს ან სამუშაო ადგილის მომმზადებელს ოპერატიულ-სარემონტო პერსონალიდან აცნობოს მოწყობილობების გამორთვისა და დამიწების წინასწარ განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
ბ) სამუშაო ადგილის მომზადებისა და დაშვებაზე ნებართვის გაცემის უფლება აქვს უსაფრთხოების IV ჯგუფის მქონე პირს ზემდგომი ოპერატიული პერსონალიდან, აგრეთვე პირებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალიდან, რომელთაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წერილობითი განკარგულებით.
10. დამშვები პასუხს აგებს განხორციელებული გამორთვებისა და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებების სისწორესა და საკმარისობაზე, სამუშაო ადგილთან, სამუშაოს ხასიათთან და განწესში მითითებულ ღონისძიებებთან მათ შესაბამისობაზე, სამუშაოზე სწორად დაშვებაზე, აგრეთვე მის მიერ ბრიგადის წევრებისათვის ინსტრუქტაჟის სრულად და ხარისხიანად ჩატარებაზე.
11. დამშვები ინიშნება ოპერატიული პერსონალის შემადგენლობიდან, ხოლო ელექტროდანადგარებში ოპერატიული პერსონალის გარეშე – ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან. გამონაკლისს წარმოადგენს დაშვება სეგხ-ზე, რომელიც უნდა ჩატარდეს წინამდებარე წესების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტში ჩამოთვლილი პირობების დაცვით. ელექტროდანადგარებში დამშვებს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების IV ჯგუფი. დამშვებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განკარგულებით მინიჭებული უნდა ქონდეს ოპერატიული გადართვების განხორციელების უფლება.
12. სამუშაოს მწარმოებელი პასუხისმგებელია:
ა) მომზადებული სამუშაო ადგილის შესაბამისობაზე განწესში მითითებულთან და სამუშაოს შესრულების პირობებიდან გამომდინარე მის მიერ განხორციელებულ უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებებზე;
ბ) ბრიგადის წევრებთან ინსტრუქტაჟის მკაფიოდ და სრულად ჩატარებაზე;
გ) აუცილებელი დამცავი საშუალებების, ინვენტარის, ინსტრუმენტების და სამარჯვების გამართულობაზე და სწორად გამოყენებაზე;
დ) სამუშაო ადგილზე შემოღობვების, უსაფრთხოების პლაკატებისა და ნიშნების, დამიწებების, ჩამკეტი მოწყობილობების დაცულობაზე;
ე) სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე და ბრიგადის წევრებისა და მის მიერ წინამდებარე წესების დაცვაზე;
ვ) ბრიგადის წევრებზე მუდმივი კონტროლის განხორციელებაზე.
ზ) ელექტროდანადგარებში განწესით სამუშაოს მწარმოებელს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების IV ჯგუფი.
თ) ელექტროდანადგარებში სამუშაოს მწარმოებელს, რომელიც სამუშაოს განკარგულების საფუძველზე ასრულებს, შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოების III ჯგუფი.
13. მეთვალყურე ინიშნება ისეთი ბრიგადების ზედამხედველობისათვის, რომლებსაც არა აქვთ ელექტროდანადგარებში დამოუკიდებლად მუშაობის უფლება. მეთვალყურე პასახისმგებელია:
ა) მომზადებული სამუშაო ადგილის შესაბამისობაზე განწესში მითითებულთან;
ბ) სამუშაო ადგილზე დაყენებული დამიწებების, შემოღობვების, პლაკატების და უსაფრთხოების ნიშნების, ამძრავების ჩამკეტი მოწყობილობების არსებობასა და დაცულობაზე;
გ) ბრიგადის წევრების ინსტრუქტაჟის მკაფიოდ და სრულად ჩატარებაზე;
დ) ბრიგადის წევრების უსაფრთხოებაზე ელექტროდანადგარების ელექტრული დენით გამოწვეული დაზიანებისაგან;
ე) მეთვალყურედ შეიძლება დაინიშნოს უსაფრთხოების III ჯგუფის მქონე მომუშავე.
14. ბრიგადის ყველა წევრის სამუშაოს ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ბრიგადის ხელმძღვანელი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე წესები, შრომის დაცვის ინსტრუქციები და სამუშაოზე დაშვების წინ და მუშაობის დროს მიღებული ინსტრუქტაჟის მოთხოვნები, მუდმივად უნდა იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე. მისი გვარი აღინიშნება განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებანი“.
15. განწესის ან განკარგულების გაცემაზე, სამუშაოს ხელმძღვანელობაზე, სამუშაოს წარმოებაზე (მეთვალყურეობაზე), დაშვებაზე, აგრეთვე ელექტროდანადგარების ერთპიროვნულ დათვალიერებაზე, ოპერატიული გადართვების წარმოებაზე და ოპერატიულ მოლაპარაკებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის მინიჭებული უფლებები გაფორმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წერილობითი განკარგულებით.
16. დასაშვებია პასუხიმგებელ პირთა მოვალეობებიდან ერთ-ერთის შეთავსება ცხრილი №2-ის შესაბამისად.
ა) დამშვებმა ოპერატიულ-სარემონტო პერსონალიდან შეიძლება შეასრულოს ბრიგადის წევრის მოვალეობა;
ბ) ყველა დონის ძაბვის სეგხ-ზე დასაშვებია სამუშაოს ხელმძღვანელმა ან სამუშაოს მწარმოებელმა სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან შეითავსოს დამშვების მოვალეობა იმ შემთხვევებში, თუ სამუშაო ადგილის მოსამზადებლად საჭირო არ არის საკომუტაციო აპარატებით ოპერირება და საკმარისია ძაბვის არარსებობის შემოწმება და გადასატანი დამიწების დაყენება.
ცხრილი №2
პასუხისმგებელ პირთა მოვალეობის შეთავსება
პასუხისმგებელი პირი
შესათავსებელი მოვალეობები
განწესის, განკარგულების გამცემი
სამუშაოს ხელმძღვანელი, დამშვები ელექტროდანადგარებში ადგილობრივი მორიგე პერსონალის გარეშე.
სამუშაოს ხელმძღვანელი
სამუშაოს მწარმოებელი, დამშვები ელექტროდანადგარებში ადგილობრივი მორიგე პერსონალის გარეშე.
სამუშაოს მწარმოებელი ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან
დამშვები მარტივი და თვალსაჩინო სქემის ელექტროდანადგარებში
IV ჯგუფის სამუშაოს მწარმოებელი
დამშვები მარტივი 70-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში
დამშვები ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის შემადგენლობიდან
ბრიგადის წევრი