1. ტექზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის შედეგების ანალიზი არის საზედამხედველო საქმიანობის აუცილებელი ნაწილი, რომელიც მოიცავს მის ყველა მიმართულებას.
2. ტექზედამხედველობის ორგანოებში აღრიცხვასა და ანალიზს ექვემდებარება:
ა) საზედამხედველო ობიექტების ჩამონათვალი და მათი განაწილება თითოეულ მთავარ სპეციალისტზე;
ბ) საზედამხედველო ობიექტის შემოწმების შედეგების საფუძველზე გაცემული მიწერილობები;
გ) საზედამხედველო ობიექტის შეტყობინებები ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტების მიერ გამოვლენილი ტექნიკური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ;
დ) IV თავის შესაბამისად შესრულებული საზედამხედველო საქმიანობის შედეგები;
ე) ტექზედამხედველობის სახელით გამოყენებული სანქციის ქმედუნარიანობის მახასიათებელი მასალები;
ვ) ორგანოს ანგარიში და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის მახასიათებელი სხვა ინფორმაცია.
3. საზედამხედველო საქმიანობის შედეგების შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი წარმოებს ტექნიკური უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების და სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციისა და განხორციელების სრულყოფისათვის.
4. საზედამხედველო საქმიანობის სრულყოფისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით ტექზედამხედველობის ორგანოებში კვარტალში ერთხელ ხდება ჩატარებული შემოწმების შედეგების შეჯამება და განზოგადება, ნორმატიულ-ტექნიკური მუშაობისა და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხილვა.
5. საჭიროებისას ანალიზის შედეგების მიხედვით ტექზედამხედველობა საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელებს აწვდის განზოგადებულ ინფორმაციას კონკრეტული მიმართულებით ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის, მომხდარი ავარიისა და უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და განსახორციელებელი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ