1. ტექზედამხედველობის ორგანოები ,,საშიში საწარმოო ობიექტის ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (საქტექზედამხედველობა) უფროსის 2003 წლის 17 ივლისის №20 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად განიხილავენ:
ა) საზედამხედველო ობიექტის გაფართოების, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღების, მშენებლობის პროექტებს;
ბ) სამთო სამუშაოთა წლიური განვითარების გეგმებს;
გ) მიწისქვეშა ნაგებობების (რომელიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან) მშენებლობის პროექტებს;
დ) გაზმომარაგების სისტემების, მაგისტრალური გაზ-
, ნავთობ- და პროდუქტსადენების მშენებლობის პროექტებს;
ე) მუშაობის ნორმატიული ვადის გასვლის შემდეგ საზედამხედველო ობიექტზე საფრთხის შემცველი მოწყობილობის ექსპლუატაციის საკითხებს;
ვ) საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საწარმოო-ტექნიკურ დოკუმენტაციას.
2. ექსპერტიზის მიზანია საზედამხედველო ობიექტის პროექტით გათვალისწინებული ტექნიკური მოწყობილობისა და დანადგარების, ტექნოლოგიური მოწყობილობისა და ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისობის შეფასება ტექნიკური უსაფრთხოების მოქმედ ნორმებსა და წესებთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან.
3. ექსპერტიზის ჩატარების პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: საწყისი ეტაპი; ექსპერტიზის პროცესი; ექსპერტიზის დასკვნა.
4. საწყის ეტაპზე განისაზღვრება ექსპერტიზის ობიექტი და მისი მოწყობის ვადები, მზადდება იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზისათვის მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ექსპერტიზის პროცესი მოიცავს ობიექტის ექსპერტიზისათვის აუცილებელი მასალებისა და დოკუმენტების შერჩევას, ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის ან მთავარ სპეციალისტთა ჯგუფის გამოყოფას და ექსპერტიზის მოწყობას. ჯგუფის შემთხვევაში მისი მუშაობის შედეგებისათვის პასუხისმგებელი პირი შეიძლება იყოს ტექზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.
6. მთავარ სპეციალისტთა ჯგუფის არსებობისას ექსპერტიზის დასკვნის პროექტის მოსამზადებლად ყოველი სპეციალისტის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შედეგები ფორმდება ანგარიშის სახით. ანგარიშებისათვის პასუხისმგებელი პირი განაზოგადებს და აფორმებს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება დადებითი ან უარყოფითი დასკვნის შესახებ.
7. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში მთავარი სპეციალისტის ან პასუხისმგებელი პირის დასკვნაში უნდა აისახოს ასეთი გადაწყვეტილების დასაბუთებული შედეგები ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებისა და წესების, სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისი მუხლების, პუნქტების მითითებით