1. მიწერილობის გაცემა შემოწმების შედეგების გაფორმების სავალდებულო პროცედურაა. მიწერილობა დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი რჩება შემმოწმებელთან შემდგომი მოქმედების განსახორციელებლად, ხოლო მეორე ეგზემპლარი ბარდება ობიექტის წარმომადგენელს. მიწერილობის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად.
2. მიწერილობის ფორმები მოცემულია დანართის სახით.
3. მიწერილობაში აისახება:
ა) შემოწმების მონაწილეთა შემადგენლობა;
ბ) შემოწმების დროს განხილული ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები;
გ) ადრე გაცემული მიწერილობის შესრულების შემოწმების შედეგები;
დ) ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების, უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა გამოვლენილი დარღვევები შესაბამისი პარაგრაფების, მუხლების, პუნქტების სავალდებულო მითითებით, აგრეთვე გამოვლენილი დარღვევის მოკლე აღწერა;
ე) ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტის გადაწყვეტილება სამუშაოს შეჩერების ან დარღვევების აღმოსაფხვრელად გარკვეული ვადის მიცემის შესახებ. ვადის განსაზღვრა იმ დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომლებიც საშიშიროებას უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუშვებელია. ამ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოება უნდა შეჩერდეს დარღვევის სრულად აღმოფხვრამდე;
ვ) სანქცია, რომელიც ტექზედამხედველობის მთავარმა სპეციალისტმა გამოიყენა ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის გამო.
4. მიწერილობაში მითითებული ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულების ვადებს ადგენს ტექზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი, გამოვლენილი დარღვევების პოტენციური საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით (როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ისე ქონების მიმართ).
5. ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირის მხრიდან მიწერილობის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მიწერილობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ამასთან, მას შეიძლება დაერთოს ობიექტის წარმომადგენლის წერილობითი განმარტება მიწერილობასთან დაკავშირებით.
6. ობიექტის წარმომადგენლის მიერ შემოწმების შესახებ მიწერილობის ხელმოწერაზე უარი არ არის საბაბი, რომ მიწერილობაში აღნიშნული დარღვევები არ იქნეს აღმოფხვრილი.
7. მიზნობრივი და კომპლექსური შემოწმების დასრულების შემდგომ ჯგუფის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრების მიერ შედგენილი ანგარიშების საფუძველზე ადგენს მიწერილობას შემოწმების შესახებ.
8. ნებისმიერი შემოწმების შედეგების შემმოწმებელმა (ან ჯგუფის ხელმძღვანელმა) უნდა მოახსენოს შემოწმების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირს.
9. აუცილებლობისას მიწერილობის ასლი თანდართულ მიმართვა-წერილთან ერთად გაეგზავნებათ დაინტერესებულ ორგანიზაციებს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
10. მიწერილობა და ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის ამსახველი სხვა მასალები ტექზედამხედველობის ორგანოებში ინახება ხუთი წლის განმავლობაში. მიწერილობები შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ დადგენილი წესით აღირიცხება ტექზედამხედველობის ორგანოს მიწერილობების აღრიცხვის ჟურნალში. ჟურნალის ფორმა და მისი წარმოების წესი განისაზღვრება ტექზედამხედველობის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
11. გაცემული მიწერილობების შესრულების კონტროლი ტექზედამხედველობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომელიც ხორციელდება საზედამხედველო ობიექტის განმეორებითი (გეგმური) შემოწმების ან მიწერილობის შესრულების სპეციალური შემოწმების გზით (შედეგები ფორმდება მიწერილობის სახით, შესრულებული სამუშაოების მითითებით).
12. მიწერილობის (ან მისი ცალკეული პუნქტების) შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ტექზედამხედველობის წარმომადგენელი ვალდებულია საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელობისაგან მოითხოვოს წერილობითი განმარტება.
13. თუ მიწერილობის (ან მისი ცალკეული პუნქტების) შეუსრულებლობის მიზეზი არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ, მაშინ ხდება შესაბამისი სამუშაოს შეჩერება. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში დასაშვებია მიწერილობის შესრულების ვადის გაგრძელება იმ პირობით, რომ საზედამხედველო ობიექტის ხელმძღვანელები განახორციელებენ დამატებით ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დარღვევათა აღმოფხვრამდე სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებას.
14. შეჩერებული ობიექტის, უბნის, საამქროს მუშაობის ან ცალკეული სამუშაოს განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საზედამხედველო ობიექტის მიერ მიწერილობაში მითითებული ყველა პუნქტის შესრულების შესახებ ტექზედამხედველობისათვის შეტყობინებისა და ადგილზე მიწერილობაში აღნიშნული დარღვევების გადამოწმების საფუძველზე