1. მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) გაშუქება, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესების შესაბამისად.
2. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს, ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ.
3. საარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელი უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას, არამედ ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას, გააკეთონ კომენტარი.
4. მაუწყებელს ეკრძალება პოლიტიკოსს მისცეს დაპირება გაშუქების შინაარსთან დაკავშირებით.
5. საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.
6. მაუწყებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო რეკლამის განაწილების წესები, აგრეთვე წინასაარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვების პირობები, ტექნიკური სტანდარტები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
7. არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულებამდე, არჩევნების გაშუქება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების გაშუქებით, რათა საარჩევნო უბნების დახურვამდე ეთერში გასულმა ინფორმაციამ ზეგავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. მაუწყებელი ვალდებულია აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია და კომენტარი ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე.
8. პლებისციტისა და რეფერენდუმის დროს მაუწყებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით განსაზღვრული პრინციპები