1. არჩევნების სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად მაუწყებელმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში მნიშვნელოვან საკითხებზე კომენტარის გაკეთების საშუალება.
2. ყოველკვირეული პროგრამები ან ყოველდღიურ პროგრამათა სერია, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს რომელიმე ერთ პარტიაზე, უნდა იძლეოდეს მომდევნო და გასული პროგრამების მოკლე ანოტაციას, რათა აუდიტორიისთვის აშკარა გახდეს, რომ ბალანსი მიიღწევა გარკვეული დროის მანძილზე. ასეთ პროგრამებში ბალანსი მიღწეულ უნდა იქნეს მთელი კამპანიის მანძილზე.
3. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებში და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში.
4. მაუწყებელი უნდა შეეცადოს კანდიდატების ან პოლიტიკური პარტიების შეხედულებები გააშუქოს მათი საკუთარი სიტყვებით და არა მესამე პირთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
5. წინასაარჩევნო კაპმანიის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა გააშუქოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მიმდინარე მოვლენების და პოლიტიკური პარტიების ან მათი კანდიდატების განცხადებების გაშუქებით.
6. თუ ერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სხვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ გამოთქვამს ბრალდებას, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მეორე მხარის შეპასუხების უფლება.
7. საარჩევნო კამპანიის დროს, თუ პროგრამაში შუქდება ერთი რომელიმე საარჩევნო ოლქის შესახებ ინფორმაცია, უნდა დასახელდეს ამ ოლქში რეგისტრირებული ყველა კანდიდატი, მათი სახელი, გვარი და პარტია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშოს მისი დამოუკიდებლობა. დასახელება შეიძლება განხორციელდეს ხმით ან ვიზუალურად. თუ არ მოხდება კანდიდატთა სრული სიის წარმოდგენა, აუდიტორიას უნდა ეცნობოს იმ ვებგვერდის მისამართი, სადაც შესაძლებელია სრული მონაცემების ნახვა.
8. არჩევნებთან დაკავშირებული პროგრამის მონაწილის შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ თანაბარი სტატუსი შესაბამის პოლიტიკურ პარტიებში; მაუწყებლები კანდიდატებს უნდა მოეპყრონ თანასწორად და დაუთმონ თანაბარი საეთერო დრო. იმ პირის შერჩევა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის შედეგად უნდა განცხადდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მაუწყებელი.
9. საარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა საჭიროა გამიჯნოს სახელმწიფოებრივი და პარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვას მიუკერძოებლობის, ობიექტურობის პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი. მაუწყებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სახელმწიფო მოხელის საქმიანობის გაშუქებისას, იმისათვის, რომ მკაფიოდ განასხვავოს მისი როგორც თანამდებობის პირის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და კერძო/პარტიული/საარჩევნო საქმიანობა.
10. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის განცხადების გაშუქებისას, რომელიც შეეხება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ან წინასაარჩევნო სადებატო საკითხებს, პარტიულ ჭრილში წარმოაჩენს ხელისუფლების პოლიტიკას ან გადაწყვეტილებას, შეიცავს პარტიულ ლოზუნგებს, აკრიტიკებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკოსებს, მაუწყებლი ვალდებულია აგრეთვე გააშუქოს სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ იმავე თემაზე გაკეთებული კომენტარები.
11. მაუწყებელმა უნდა დაიცვას სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპები როგორც საჯარო დაწესებულებაში, ისე კერძო ორგანიზაციაში და საზღვარგარეთ გამართული არჩევნების გაშუქებისას.