1. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება პოლიტიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, რელიგიური ან/და სხვა სახის ზეწოლისგან.

2. დაუშვებელია სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა.

3. მაუწყებელმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია მის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის შესახებ.

4. მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და უფლება, საკუთარი სინდისისა და დამკვიდრებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.

5. მაუწყებელმა უნდა დაიცვას ჟურნალისტის უფლება, პროფესიული მოვალეობების შესრულებისას, იხელმძღვანელოს სინდისის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის სტანდარტებით.

6. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს პირის პირად ცხოვრებას და უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო ცხოვრებაში.

7. ჟურნალისტმა არ უნდა შელახოს მაუწყებლის დამოუკიდებლობა საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით და თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი.

8. მაუწყებლის თანამშრომელმა, რომელიც წარმოადგენს მაუწყებელს, არ შეიძლება საჯაროდ გამოხატოს მხარდაჭერა რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ. მაუწყებელი არ შეიძლება მონაწილეობდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის თანხის შეგროვებაში ან სხვა ქმედებაში, რომელიც გამიზნულია რომელიმე კანდიდატის, პოლიტიკური პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მხარდასაჭერად.

9. მაუწყებლის თანამშრომელს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან სხვა გაერთიანების, ნარკოტიკული საშუალებების, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს- გამოსახულებიანი სიმბოლიკის ტარება გადაცემების მსველობისას ან/და პირდაპირ ეთერში.

10. მაუწყებლის თანამშრომლებმა უნდა განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის შესახე