1. მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა თავიდან უნდა აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას და სამართლიანობას.
2. მაუწყებელმა უნდა დანერგოს ინტერესთა კონფლიქტის აღმკვეთი ეფექტიანი სისტემა, პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია ეთიკური სტანდარტების შესახებ და გამოიძიოს ინტერესთა კონფლიქტის ყველა შესაძლო შემთხვევა. მაუწყებელმა თანამშრომელთა ეთიკური სტანდარტები უნდა ასახოს საკუთარ შინაგანაწესში.
3. ჟურნალისტი არ შეიძლება მუშაობდეს ერთდროულად ისეთ დამსაქმებლებთან, რამაც შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს.
4. მაუწყებელი არ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერას რომელიმე ორგანიზაციის, მისი პროდუქტის, ქმედებების ან მომსახურების მიმართ.
5. თუ მაუწყებლის თანამშრომელი ფიქრობს, რომ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, ამის შესახებ უნდა აცნობოს მაუწყებლის სარედაქციო ხელმძღვანელობას.
6. ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ბიზნეს ან ფინანსურ საკითხებზე, ვალდებულია მაუწყებელის სარედაქციო ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესების შესახებ.
7. ჟურნალისტს არ აქვს უფლება მაუწყებლის სახელი გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის.
8. მაუწყებლის თანამშრომელმა, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების არჩევნებში მონაწილეობას, კანდიდატურის წარდგენამდე უნდა აცნობოს ამის შესახებ მაუწყებელს და ითხოვოს შვებულება, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისა და მისი უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში – დატოვოს თანამდებობა.
9. მაუწყებლის თანამშრომლებმა არ შეიძლება მიიღონ საჩუქრები, მგზავრობის ან სხვა ხარჯები ან სხვა ძვირადღირებული ნივთები ინფორმაციის წყაროსგან ან იმ პირთაგან, რომლებზეც მაუწყებელი ამზადებს რეპორტაჟს.