1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

2. პროგრამის მომზადებისა და გადაცემისას ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მაუწყებლის მიერ მასალის მოპოვების მიზნით გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს პროგრამის შინაარსის პროპორციული.

4. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

5. ეთერში გადაცემამდე მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული კადრები, სიტყვები ან ქმედება არ არის ისეთი პირადი ცხოვრების ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის ან გადაღებული ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას.

6. ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

7. გაშუქებულ მოვლენებში შემთხვევით დაფიქსირებული ადამიანები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არც პროგრამის მომზადების და არც მისი ეთერში გაშვებისას, თუ ასეთი ხელყოფა გამართლებული არ არის. აღნიშნული წესი მოქმედებს მოვლენების მიმდინარეობის დროსაც და მოგვიანებით ამ მოვლენების ამსახველი პროგრამების ეთერში გაშვების შემთხვევაშიც.

8. საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება შესაბამისი უფლებამოსილი პირისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო იმ პიროვნებისაგან, რომელიც შემთხვევით მოხვდა ჩაწერილ მასალაში, ან, თუ მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

9. სკოლაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოების ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

10. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.

11. დორსტეპინგი გაუმართლებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას.

12. მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრების ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს (თუ ეს არის ჩაწერის მიზეზი). თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ჩაწერილი საუბარი ეთერით გადაიცემა (მაგრამ ამის შესახებ რესპონდენტს სატელეფონო საუბრის დროს არ ეცნობა), მაშინ მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარი ქცევა გამართლებული არ არის.

13. საჯარო ადგილებში მაუწყებელს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე აიღოს ინტერვიუ, გადაიღოს და ჩაწეროს ადამიანები საინფორმაციო პროგრამებისათვის.

14. ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა გამართლებულია:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ მოსაზრების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, სტრესს ან უხერხულობას.

15. კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

16. ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.

17. ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.

18. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირების და/ან ორგანიზაციების იდენტიფიცირება.

19. ფარული ჩანაწერის რედაქტირების შედეგად მომხდარი ფაქტი ზუსტად და სამართლიანად უნდა აისახოს პროგრამაში.

20. მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გადაღებასა და მასალის გავრცელებაზე საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.

21. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ ინტერვიუზე.

22. დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

23. ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს.

24. შესაძლებლობის ფარგლებში მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეატყობინოს მასალაში ასახულ პიროვნებას (პიროვნებებს) და/ან მისი ოჯახის წევრებს დაგეგმილი პროგრამის შესახებ და პროგრამის ეთერში გაშვებაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული მასალა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო წარსულში.

25. მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 18 წლამდე ასაკის პირები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მათი მშობლების პოპულარობის ან სკანდალური იმიჯის გამო.

26. 18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მათი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განხილვის საგანი არ არის მნიშვნელოვანი ან ადეკვატურია არასრულწლოვანთა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის სოციალურ სტატუსთან, ან, თუ ინდივიდის მონაწილეობა პროგრამაში უმნიშვნელოა, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

27. 18 წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისათვის შეკითხვის დასმა დასაშვებია მხოლოდ მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კითხვები არ შეეხება სადავო ფაქტებს ან მოვლენებს, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესი