1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი დაუსაბუთებლად არ უნდა ზღუდავდეს პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნებს და პირებს, რომლებიც არ იკავებენ საჯარო თანამდებობას. პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელება, ნებადართულია მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის პირობებში.
2. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პირის კერძო საკუთრების ან პირის ოჯახის ადგილსამყოფლის შესახებ, ამ პირის ან მისი ოჯახის წევრის ნებართვის გარეშე, გარდა საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევებისა.
3. ძალადობის სცენების, ძალადობის შედეგების, ან სტიქიური უბედურებების გადმოცემისას, დაცული უნდა იქნეს ბალანსი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და თანაგრძნობის გამოვლენას შორის, რომელიც ქმნის მაღალი მგრძნობელობის რისკს და შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი დარღვევის რისკი.
4. პროგრამებში, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას უბედური შემთხვევების ან ოჯახების ტრაგედიების შესახებ, დაცული უნდა იქნეს მსხვერპლთა და ამ მოვლენებით დაზარალებულ სხვა პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
5. არასრულწლოვანთა და სოციალურად დაუცველ პირთა ვინაობა და პერსონალური მონაცემები, ასევე მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური ურთიერთობების დეტალები არ უნდა გამჟღავნდეს იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ინფორმაციის გავრცელება საფრთხეს შეუქმნის მათ კეთილდღეობას და ღირსებას.
6. არასრულწლოვნები არ კარგავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მშობლების ქცევის, ან სკოლაში შექმნილი გარემოებების გამო.
7. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვანთა ანონიმურობა, რომლებიც არიან ეჭვმიტანილნი, ბრალდებულნი, მსჯავრდებულნი, მოწმეები და დანაშაულის მსხვერპლნი (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის შემთხვევაში).
8. გარდა საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევებისა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ გაავრცელოს მედიასა და პირებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რესპოდენტის წინასწარი თანხმობის გარეშე, რომელსაც უნდა ეცნობოს ზარის განხორციელების მიზეზი და მიეწოდოს ინფორმაცია საუბრის ჩაწერის თაობაზე.
9. გარდა „ფარული კამერის“ და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, შემთხვევითი ანონიმური პირების კადრების ჩვენება, საიდანაც ცხადია, რომ ისინი შემთხვევით არიან ჩაწერილნი, ამ პირების თანხმობას არ საჭიროებს.
10. საჯარო ან კერძო დაწესებულებაში გადაღების ნებართვა მიიღება შესაბამისი უწყებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უნებართვოდ გადაღება ან ჩაწერა წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს.
11. აუცილებელია გადაღებაზე ან ჩაწერაზე თანხმობა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლები, საავადმყოფოები, ციხეები, პოლიციის განყოფილებები, ან სასწრაფო დახმარების მანქანები. ნებართვა მიიღება შესაბამისი უწყებისგან და გადაღებული პირისგან, გარდა საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევების