1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა გადასცეს პროგრამა, რომელიც წაახალისებს დანაშაულს, ან გამოიწვევს ანტისოციალურ ქცევას, დაასაბუთებს ან წაახალისებს უკანონო, ძალადობრივ, სახიფათო, ან ანტისოციალურ ქცევას.
2. დანაშაულის, ანტისოციალური ქცევის ან/და სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი იცავს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
3. დანაშაულის, ანტისოციალური ქცევის ან/და სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმირებისას, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ბრალდებულის ვინაობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ვინაობა ცნობილია საზოგადოებისთვის, ან საკითხის მიმართ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი.
4. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის სანაცვლოდ, ბრალდებულს, მსჯავრდებულს, მოწმეს, დაზარალებულს ან სხვა პირს არ უნდა გადაუხადოს თანხა, არ დაპირდეს თანხის გადახდას ან ნატურით ანაზღაურებას.
5. გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დაუშვებელია მოწმისთვის, მათი ნათესავების და ოჯახის წევრებისთვის თანხის გადახდა ან პირდაპირ ან ირიბად გადახდის დაპირება, გარდა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული ხარჯებისა. დანაშაულის და ანტისოციალური ქცევის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის თანხის გადახდა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გავრცელება განპირობებულია საზოგადოებრივი ინტერესით.
6. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ან ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სასამართლო პროცესს და გავლენა მოახდინოს მის შედეგზე.
7. დაუშვებელია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ იმ კრიმინალური მეთოდების აღწერა და დემონსტრირება, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას დანაშაულის ჩადენის გასაადვილებლად, თუ ეს არ არის რედაქციულად დასაბუთებული.
შეიარაღებული კონფლიქტი, უბედური შემთხვევები, საგანგებო სიტუაციე