ამ დადგენილებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) მშენებლობის განმახორციელებელი (განმცხადებელი) – „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ბ) შემთანხმებელი ორგანო – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ადგენს/ითანხმებს მშენებლობის განსახორციელებლად ქალაქთმშენებლობით ან/და სხვა ტექნიკურ პირობებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დადგენის პროცედურებზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის წესები და პრინციპები;
დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები – „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული ობიექტები;
ე) სამშენებლო დოკუმენტაცია – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე გაიცემა მშენებლობის თაობაზე შეთანხმება