1. აირბალონიან მოწყობილობას ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება უტარდება ამ „წესების“ მე-19 მუხლით განსაზღვრული პერიოდულობით.
2. აირბალონიანი მოწყობილობის გამოცდა ხდება შეკუმშული ჰაერით ან ბუნებრივი აირით 20 მეგპა (200 ატმ) წნევით.
3. შესაბამისობის შესაფასებლად საჭიროა:
ა) მოთავსდეს სრულად დაკომპლექტებული და გარეცხილი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაბამისობის ჩასატარებელ სამუშაო ადგილზე;
ბ) დაიკეტოს შემვსები, მაგისტრალური და სახარჯო ვენტილები;
გ) მომზადდეს სამუშაოდ შეკუმშული ჰაერის (აირის) მიწოდების პოსტი;
დ) მოიხსნას სახშობი შემვსები ვენტილის მილყელიდან (მარცხენა კუთხვილი);
ე) მიუერთდეს შეკუმშული ჰაერის (აირის) მიწოდების შლანგი აირმოწყობილობის შემვსებ ვენტილს.
4. ჰერმეტულობაზე შემოწმება წარმოებს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საპნის ქაფის მეშვეობით უნდა შემოწმდეს საჰაერო (აირის) შლანგის შემვსებ ვენტილთან შეერთების ჰერმეტულობა. ამისათვის აირმოწყობილობას უნდა მიეწოდოს ჰაერი (აირი) 1-1,2 მეგპა წნევით. თუ ჰერმეტულობა დარღვეულია, უნდა გაიხსნას ჰაერის (აირის) გაშვების ვენტილი და წნევის ნულამდე შემცირების შემდეგ კუთხვილიანი შეერთებების მოჭერით ან მამჭიდროებლის შეცვლით აღდგენილი უნდა იქნეს ჰერმეტულობა. ხელახლა უნდა შემოწმდეს საჰაერო (აირის) შლანგის შემვსებ ვენტილთან შეერთების ჰერმეტულობა.
ბ) უნდა გაიხსნას ბალონების შემვსები და სახარჯო ვენტილები და დაიწყოს ძრავი
ს კვების აირსისტემის თანდათანობითი შევსება შეკუმშული ჰაერით (აირით) 1 მეგპა წნევამდე;
გ) სისტემაში წნევის 1 მეგპა-მდე მიღწევისას უნდა შეწყდეს შეკუმშული ჰაერის (აირის) მიწოდება და 2-3 წთ-ის შემდეგ დაიწყოს ჰერმეტულობაზე შემოწმება;
დ) საპნის ქაფის მეშვეობით უნდა შემოწმდეს შემვსები ვენტილის სამკაპასთან, ბალონების სახარჯო ვენტილების, ბალონზე დაყენებული ჯვარედინების, მცველების, მანომეტრების, მილგაყვანილობის შეერთებები. გაჟონვის აღმოჩენისას უნდა გაიხსნას ჰაერის (აირის) გაშვების ვენტილი და წნევა სისტემაში შემცირდეს ნულამდე. გაჟონვა უნდა აღმოიფხვრას კუთხვილიანი შეერთებების მოჭერით ან ძრავას კვების აირსისტემის მამჭიდროებლის, დეტალების და კვანძების შეცვლით. ჰერმეტულობაზე შემოწმება უნდა განმეორდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) უნდა შემოწმდეს მაგისტრალური ვენტილის შიგა ჰერმეტულობა სისტემაში 1 მეგპა წნევისას. ამ მიზნით უნდა ჩაირთოს ავტომობილის ანთების სისტემა, საწვავის სახის გადამრთველი გადაირთოს მდგომარეობაში „აირი“. მაგისტრალური ვენტილის ჰერმეტულობის შემთხვევაში დაბალი წნევის ორსაფეხურიანი რედუქტორის მანომეტრზე ისარი არ უნდა გადაადგილდეს. თუ ჰერმეტულობა დარღვეულია, მანომეტრის ისარმა უნდა აჩვენოს წნევა რედუქტორში. შემოწმების შემდეგ ძრავას ანთების სისტემა გამოირთოს, ხოლო საწვავის სახის გადამრთველი გადაირთოს მდგომარეობაში „ბენზინი“;
ვ) უნდა შემოწმდეს შეერთებების ჰერმეტულობა მაგისტრალური ვენტილიდან აირის ფილტრის ელექტრომაგნიტურ ჩამკეტ სარქვლამდე. ამ მიზნით:
ვ.ა) თანდათანობით უნდა გაიხსნას ავტომობილზე მაგისტრალური ვენტილი;
ვ.ბ) საპნის ქაფის მეშვეობით უნდა შემოწმდეს შეერთებები მაგისტრალურ ვენტილთან, მაღალი წნევის რედუქტორთან (რედუქტორი მთლიანად უნდა დაიფაროს საპნის ქაფით), ელექტრომაგნიტურ ჩამკეტ სარქველთან, აგრეთვე მილგაყვანილობის შეერთებები კაპოტის ქვეშ;
ზ) უნდა შემოწმდეს აირსისტემის ჰერმეტულობა ელექტრომაგნიტური სარქვლიდან დაბალი წნევის ორსაფეხურიან რედუქტორამდე. ამ მიზნით:
ზ.ა) უნდა ჩაირთოს ანთების სისტემა;
ზ.ბ) საწვავის სახის გადამრთველი უნდა გადაირთოს მდგომარეობაში „აირი“;
ზ.გ) საპნის ქაფის მეშვეობით უნდა შემოწმდეს ყველა შეერთება სარქვლიდან რედუქტორამდე;
ზ.დ) უნდა გამოირთოს ანთების სისტემა;
თ) უნდა შემოწმდეს ძრავის ბენზინის კვების სისტემის ელექტრომაგნიტური სარქვლის მუშაობა, რისთვისაც:
თ.ა) საწვავის სახის გადამრთველი უნდა გადაირთოს მდგომარეობაში „ბენზინი“;
თ.ბ) უნდა ჩაირთოს ანთების სისტემა და ძრავა ამუშავდეს ბენზინზე;
თ.გ) საწვავის სახის გადამრთველი უნდა გადაირთოს „0“ მდგომარეობაში. მოკლე ხნით მუშაობის შემდეგ ძრავა უნდა ჩაქრეს;
ი) უნდა შემოწმდეს დაბალი წნევის ორსაფეხურიანი რედუქტორის მუშაობა. ამისათვის, მას შემდეგ, რაც ძრავა გამოირთვება (ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტი), საწვავის სახის გადამრთველი უნდა გადაირთოს მდგომარეობაში „აირი“. დაბალი წნევის მანომეტრმა უნდა აჩვენოს დაახლოებით 0,2 მეგპა წნევა;
კ) უნდა გამოირთოს ანთების სისტემა.
5. აირბალონიანი მოწყობილობის დაწნეხა სრულდება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) თუ 1 მეგპა წნევისას ავტომობილის კვების აირსისტემა ჰერმეტულია, უნდა გაიზარდოს მისაწოდებელი ჰაერის (აირის) წნევა 2,5 მეგპა-მდე;
ბ) უნდა შეწყდეს შეკუმშული ჰაერის (აირის) მიწოდება და შემოწმდეს ბალონის მაღალი წნევის მანომეტრის და საკონტროლო მანომეტრის ჩვენებების შესაბამისობა;
გ) უნდა შემოწმდეს სისტემის ჰერმეტულობა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ამასთან, როდესაც დასრულდება სამუშაოები „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და დაიწყება „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, ძრავის ანთების სისტემა არ უნდა გამოირთოს;
დ) თუ 2,5 მეგპა წნევისას კვების აირსისტემა ჰერმეტულია, უნდა გაიხსნას ჰაერის (აირის) გაშვების ვენტილი და ავტომობილის აირსისტემაში წნევა შემცირდეს ნულამდე;
ე) მაღალი წნევის რედუქტორის სარეგულირებელი ხრახნი უნდა ამოიხრახნოს 17-19 ბრუნვით;
ვ) უნდა ჩატარდეს აირბალონიანი მოწყობილობის საბოლოო დაწნეხა. ამისათვის, ავტომობილის ბალონებში წნევა თანამიმდევრულად უნდა გაიზარდოს 5, 10 და 20 მეგპა-მდე და თითოეულ შემთხვევისთვის უნდა შემოწმდეს ბალონის მაღალი წნევის მანომეტრის და საკონტროლო მანომეტრის ჩვენებების შესაბამისობა. ჰაერის (აირის) წნევის თითოეულ საფეხურზე შეერთებების ჰერმეტულობა უნდა შემოწმდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ზ) 20 მეგპა წნევაზე დაწნეხის დამთავრების შემდეგ უნდა ჩაიკეტოს შემვსები ვენტილი;
თ) შეკუმშული ჰაერის (აირის) მიწოდების შლანგი უნდა მოიხსნას შემვსები ვენტილიდან;
ი) შემვსები ვენტილის კუთხვილიანი შეერთებების გამოსაშვები ნახვრეტი უნდა დაიფაროს საპნის ქაფით. ვენტილი უნდა იყოს ჰერმეტული;
კ) შემვსებ ვენტილს უნდა მიუერთდეს სპეციალური გამომყვანი ჰაერსადენის მოწყობილობა. ნელა უნდა გაიხსნას შემვსები ვენტილი და სისტემიდან გამოიდევნოს შეკუმშული ჰაერი (აირი). ამასთან, ბალონზე მანომეტრის ჩვენება ნულამდე უნდა შემცირდეს;
ლ) შემვსები ვენტილი უნდა დაიკეტოს;
მ) შემვსებ ვენტილს უნდა მოეხსნას გამომყვანი ჰაერსადენი;
ნ) მაღალი წნევის რედუქტორის სარეგულირებელი ხრახნი უნდა ჩაიხრახნოს 17-19 ბრუნით. რედუქტორზე უნდა დაიდგას ადრე მოხსნილი გარსაცმი;
ო) აირბალონიანი მოწყობილობის დაწნეხის სამუშაოების დამთავრების შემდეგ უნდა ჩატარდეს ბალონების ვაკუუმირება. ამ მიზნით შემვსებ ვენტილს ვაკუუმტუმბოდან უნდა მიუერთდეს შლანგი, მაგისტრალური ვენტილი უნდა დაიკეტოს და ბალონიდან ჰაერი (აირი) უნდა ამოიტუმბოს მანამდე, სანამ წნევა ბალონში არ შემცირდება 0,01 მეგპა-მდე მაინც. ამის შემდეგ ბალონის ვენტილი უნდა დაიკეტოს და შემვსები ვენტილიდან შლანგი მოიხსნას;
პ) ავტომობილი უნდა ამუშავდეს ბენზინზე
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 16. შესაბამისობის შეფასების სამუშაოები
თავი V — აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მისი პერიოდულობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
- მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
- მუხლი 14. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ბალონების იდენტიფიკაცია
- მუხლი 15. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების ჩატარება
- მუხლი 17. შესაბამისობის შეფასების შედეგების გაფორმება
- მუხლი 18. ბალონების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 19. შესაბამისობის შეფასების პერიოდულობა
- მუხლი 20. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის მდგომარეობის მიმართ
- მუხლი 21. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-16/