1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში აირბალონების განთავსებისას ბალონები, ისევე როგორც არმატურა და მაერთებელი ელემენტები, მოთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ ნაკვეთურში ან ბალონების ყელი, ვენტილები და აირმილების შეერთებები უნდა მოექცეს ადგილობრივ გარსაცმში.
2. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქციამ აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში მისი შეღწევის შესაძლებლობა.
3. ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქციაში არახისტი მასალის გამოყენებისას ცალკე უნდა იყოს გათვალისწინებული მექანიკური ზღუდრის მოწყობა.
4. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) შიდა სივრცის ვენტილაცია უნდა მოხდეს ერთი ან რამდენიმე ხვრელის მეშვეობით შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) სავენტილაციო ხვრელების ჯამური ფართობი (მათში შემავალი აირსადენების ფართობის გამოკლებით) არ უნდა იყოს 500 მმ2-ზე ნაკლები;
ბ) სავენტილაციო ხვრელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის სისტემიდან ან სითბოს სხვა რომელიმე წყაროდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ-ით;
გ) ვენტილაციისას გამორიცხული უნდა იყოს რაიმე სიღრუეში ბუნებრივი აირის დაგროვების შესაძლებლობა.
5. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ბალონის ვენტილებთან თავისუფალ მიდგომას მათ დასაკეტად ან გასახსნელად. ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით ვენტილის სახელურის განთავსების შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) თუ ნაკვეთურის (გარსაცმის) ხისტი კონსტრუქციის პირობებში ბალონის ვენტილის სახელური მთლიანად ნაკვეთურის შიგნით არის მოქცეული, მაშინ სახელურთან მიდგომა უნდა განხორციელდეს ჰერმეტული საძრომის (ლიუკის) მეშვეობით, რომელიც უნდა იღებოდეს ხელით, ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ამასთან, საძრომზე სავალდებულოა იყოს წარწერა „დაკეტილია“;
ბ) თუ ნაკვეთურის (გარსაცმის) არახისტი კონსტრუქციის პირობებში ბალონის ვენტილის სახელური ასევე მთლიანად ნაკვეთურის შიგნით არის მოქცეული, ნაკვეთურის (გარსაცმის) ზედაპირზე მონიშნული უნდა იყოს სახელურის განლაგების ადგილი მისი სწრაფად მიკვლევის მიზნით. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ვენტილის საგანგებო (სწრაფი) დაკეტვის შესაძლებლობა;
გ) თუ ბალონის ვენტილის სახელური ნაკვეთურის (გარსაცმის) გარეთ არის მოქცეული და სახელურის ჭოკი მის კედელში გადის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნაკვეთურის (გარსაცმის) ჰერმეტულობის დაცვა სახელურის ბრუნვისას.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონების დამაგრება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
ა) ბალონების განთავსებისა და ადგილზე დამაგრების ხერხმა უნდა გამორიცხოს აირბალონის კორპუსის ნებისმიერი დაზიანების შესაძლებლობა;
ბ) ბალონის ადგილზე დამაგრების ხერხი არ უნდა ასუსტებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის სიმტკიცეს. ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ ადგილის კონსტრუქცია, სადაც უნდა დამაგრდეს ბალონი, შეიძლება გაძლიერდეს ამ „წესების“ მე-12 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) დაუშვებელია ფოლადის გვარლით აირბალონების დამაგრება;
დ) დაუშვებელია შედუღების გამოყენება აირბალონზე სამაგრი დეტალების მისაერთებლად;
ე) ჩარჩოზე აირბალონის დამაგრება უნდა მოხდეს არანაკლებ ორი ცალუღის მეშვეობით. თუ ცალუღებზე ბალონის წონაც მოდის, მაშინ ცალუღების რაოდენობა სამზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ვ) ცალუღების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს აირბალონის სრიალი, გადაადგილება. ცალუღებმა უნდა მოიცვან ბალონის შემოწერილობის მთელი (ან თითქმის მთელი) სიგრძე;
ზ) ბალონის გარსსა და სამაგრ ცალუღს შორის მოთავსებული უნდა იყოს დამცავი (საამორტიზაციო) საფენი;
თ) თუ აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება მის გასწვრივ, ანუ ისე, რომ ბალონის ღერძი ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწვრივ სიბრტყესთან ქმნის კუთხეს არა უმეტეს 30 გრადუსისა, ჩარჩოს წინა მხარეს უნდა დაყენდეს ბჯენი.
7. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებადართულია მხოლოდ იმ ბალონების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია ბუნებრივ აირზე სამუშაოდ 20 მეგპა მუშა წნევით (საგამოცდო წნევა – 30 მეგპა)