1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან/და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში ან პერიოდულად, შერჩევით უნდა ჩატარდეს სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა სრული ან ნაწილობრივი სამედიცინო შემოწმება.
2. სამსახურიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი ხელშეკრულება სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც:
ა) შეგნებულად თავს არიდებენ სამედიცინო შემოწმებას;
ბ) სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებენ უარყოფით სამედიცინო დასკვნას.
დანართი №1

ჩამონათვალი
იმ მონაცემებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული კანდიდატის ავტობიოგრაფიაში
ავტობიოგრაფია იწერება კანდიდატის მიერ საკუთარი ხელით, შესწორების გარეშე, თავისუფალი ფორმით, მხოლოდ შემდეგი მონაცემების აუცილებელი მითითებით:
– გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, სოციალური მდგომარეობა;
– განათლება, როდის, სად და რომელ სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა, სპეციალობა;
– როდის დაიწყო მუშაობა, რა თანამდებობაზე, სად (მიეთითება ყველა დაწესებულების და ორგანიზაციის ადგილმდებარეობა და მისამართი, სადაც იგი მუშაობდა);
– სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულება, მსახურობდა თუ არა შეიარაღებულ ძალებში (თუ არა, მიეთითოს მიზეზი), როდის და ვის მიერ იყო გაწვეული, სად და რად მსახურობდა, მისი წოდება თადარიგში გასვლისას, სამხედრო ნაწილის ნომერი, სპეციალური წოდება;
– არის თუ არა კანდიდატი რომელიმე პარტიის წევრი, ეწეოდა თუ არა რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიეთითება როდის და რა თანამდებობაზე იქნა არჩეული;
– ოჯახური მდგომარეობა, როდის დაქორწინდა, მეუღლის გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, ეროვნება, მეუღლის (ცოლის, ქმრის) გვარის მითითება აუცილებელია ქორწინებამდე და შემდეგ, თუ იქორწინა მეორედ, მიეთითოს დაწვრილებით პირველი ცოლის (ქმრის) შესახებ, განქორწინების მიზეზი, განქორწინების მოწმობის ნომერი და თარიღი, სად, როდის და ვის მიერ არის ის გაცემული;
– სხვა უახლოესი ნათესავები: მამა, დედა, დები, ძმები, შვილები გვარების, სახელების, მამის სახელების მითითებით (თუ რომელიმე ნათესავთაგან შეცვლილი აქვს გვარი, სახელი, მამის სახელი, ქორწინების ან შვილად აყვანის გამო, მიეთითოს წინა სახელი და გვარი), ნათესავების დაბადების თარიღი და ადგილი – ეროვნება, პარტიულობა, სამუშაო ადგილი და მისამართი (თუ მშობლები პენსიონერები არიან, მიეთითოს მათი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა);
– იყო თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში კანდიდატი (ან მისი ახლო ნათესავი), როდის, რატომ და სასჯელის ზომა;
კანდიდატის მუდმივი სამუშაო ადგილი და საცხოვრებლის ადგილმდებარეობა.
ხელმოწერა და თარიღი