„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.11.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/517/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-30
ბიუროს ნომერი 354

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N003, 07/03/1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა - ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამაპულაციური მეცნიერული კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა - ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; გ) ვიზიტორთა ზონა - ეწყობა ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის; დ) აღდგენის ზონა - ეწყობა ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის; ე) ისტორიულ-კულტურული ზონა - ეწყობა ბუნებრივი გარემოს, ისტორიულკულტურული ობიექტებისა ან/და არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს); ვ) ადმინისტრაციის ზონა - ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად; ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა - ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასათან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება, გარდა მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულების წესით განსაზღვრული დამხმარე ან დროებითი ნაგებობების და შინაური ცხოველების სადგომების განთავსებისა.“ 2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებელია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“ 3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: კ) დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემით მიღებული შემოსავლები“. 4. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიზნით, ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების (ფიქალის ქვა) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა“. 5. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებული იქნას; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: ,,41. 2016 წლის 31 დეკემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ 42. 2016 წლის 1 ივლისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების და მასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2014 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ა(ა)იპ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი“-დან გამოყოფილი თანხებით დაზუსტდა/დაკორექტდა დაცული ტერიტორიების საზღვრები, კერძოდ, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, კოლხეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის, ქობულეთის აღკვეთილის, გარდაბნის აღკვეთილის, კაცობურის აღკვეთილის, ივრის აღკვეთილის და გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლის საზღვრები. დემარკაციის შედეგებმა (დაცული ტერიტორიების საზღვრება გარეთ გამოტანილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, სასაფლაოები, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრება და სხვა) გამოიწვია გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა დაცულ ტერიტორიბზე რესურსთსარგებლობის, დროებითი ინფრასტრუქტურის განთავსების და არსებული რეალობის გათვალისწინებით ,,დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ახლებურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია დემარკაციის შედეგების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციების შემოღებისა და ცალკეული სამართლებრივი აქტის მიღების ვადების გადაწევისაკენ. უფრო კონკრეტულად, კანონის არსებული რედაქციის თანახმად აკრძალულია ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება. რეალურად დაცულ ტერიტორიებზე საკმაოდაა წარმოდგენილი საძოვრები (მაგალითად, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი, ლაგოდეხის აღკვეთილი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი), სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად ეწევა მესაქონლეობას და მეცხვარეობას. შესაბამისად, მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება ტრადიციულ საძოვრებზე მოაწყონ მცირე ზომის დამხმარე ინფრასტრუქტურა (დამხმარე ან დროებითი ნაგებობები და შინაური ცხოველების სადგომები), რომლის პარამეტრებიც განსაზღვრული იქნება მენეჯმენტის გეგმით. ამასთანავე, კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის არსებული რედაქციის თანახმად დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაუშვებელია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩანაწერი - „სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაუშვებელია საკუთრების სხვა ფორმებიც“ წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას. აღნიშნული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, რომლის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, ვინაიდან თუშეთის დაცული ლანდშაფტი მოიცავს სოფლებს ომალოს, დიკლოს, შენაქოს და სხვა. ანალოგიური სიტუაციაა კინტრიშის დაცული ლანდშაფტის შემთხვევაშიც, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია სოფლები ხინო, ზერაბოსელი და სხვა. ჩანაწერი ასევე ეწინააღმდეგება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ე“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია სასოფლოსამეურნეო მიწის პრივატიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით მიეთითება, რომ დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია საკუთრების სხვა ფორმებიც. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული სერვისების მართვის უფლებით გადაცემის საშუალებას, რამაც საბოლოო ჯამში დადებითად უნდა იმოქმედოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლების ზრდაზე. მაგალითისათვის, სააგენტომ მართვის უფლებით შესაძლებელია გასცეს ოკაცეს პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტების ნავებით მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს სააგენტოს არ გაწიოს დამატებითი ხარჯი ნავების, ნავმისადგომის, ნავების შესანახი ნაგებობების მომსახურებისათვის და სხვა. ეს თავისთავად შეამცირებს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხარჯებს. ამასთანავე, სააგენტო მიიღებს შემოსავალს იმ პირებისაგან, რომლებიც განახორციელებენ პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის საწყლოსნო მონაკვეთის ტურისტული სერვისით მომსახურებას. თავის მხრივ, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა განახორციელოს საქმიანობა ტურისტულ სექტორში, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურებებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გაცემა განხორციელდება აუქციონის მეშვეობით. კანონპროექტით, დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიზნით, ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების (ფიქალის ქვა) მოგროვება. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დაცული ტერიტორიების ნაწილზე, კერძოდ, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე, ყაზბეგის ეროვნულ პარკში ადგილობრივი მოსახლეობა შენობანაგებობების მშენებლობისათვის ისტორიულად გამოიყენებდა ფიქალის ქვას, რაც წარმოადგენს არაგანახლებად ბუნებრივ რესურსს. წარმოდგენილი ცვლილებით ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა უფლება არაკარიერული წესით მოაგროვოს ფიქალის ქვა გზებზე და სხვა ადგილას ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიზნით, ასევე სსიპ დაცული ტერიტორიების საგენტოს მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული საქმიანობისათვის, რაც არ გამოიწვევს ბუნებრივი გარემოს სახეცვლილებას (მაგ. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის, სამცველოების და ტურისტული თავშესაფრების მშენებლობა). კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებში ზოგიერთი ნორმატიული აქტის ვადის გადაწევას და ასევე ახალი ნორმატიული აქტის მიღების ვალდებულების განსაზღვრას. კერძოდ, იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალში, რომელიც უნდა იქნას მიღებული, აღარ იქნება გათვალისწინებული „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. აღნიშნული ნორმატიული აქტის ამოღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მასში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება რეგულირდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული თითოეული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით, კერძოდ: „ტექნიკური რეგლამენტის – ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 იანვრის №23 დადგენილებით, „ტექნიკური რეგლამენტის თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებით, „ტექნიკური რეგლამენტის - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებით, „ტექნიკური რეგლამენტის - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №18 დადგენილებით, „ტექნიკური რეგლამენტის – იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის №306 დადგენილებით, „ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №349 დადგენილებით, „ტექნიკური რეგლამენტის - მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 აგვისტოს №413 დადგენილებითა და „ტექნიკური რეგლამენტების: „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თბილისის წესის“, ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებით. მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ 35-ე მუხლში ზონების მიხედვით განსაზღვრულია სხვადასხვა ღონისძიებები: დაცვისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებისაგან ბიოლოგიური დაცვა, პატრულირება და სხვა. გამომდინარე აქედან, არ განხორციელდა „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლაპატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება და მისი მიღების საჭიროებაც აღარ არსებობს. „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების გამოცემის ვადის გადაწევა ხდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული სამართლებრივი აქტი ვერ გამოიცა კანონით დადგენილ ვადაში, რადგან სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან და საბოლოო ჯამში გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ შექმნილმა „ტრანსსასაზღვრო გაერთიანებულმა სამდივნომ“ აიღო ვალდებულება დაეხმაროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ 2016 წლის 1 ივნისამდე უნდა გამოიცეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების და მასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, რომელიც განსაზღვრავს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიზანია ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ამასთანავე, მასში არსებული ტექნიკური უზუსტობების გამოსწორება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტით, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილება: ა) ხდება კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გადანომრვა და მასში არსებული ტექნიკური ხარვეზების გასწორება. ამასთანავე, ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულ საქმიანობათა ჩამონათვალს ემატება მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულების წესით განსაზღვრული დამხმარე ან დროებითი ნაგებობების და შინაური ცხოველების სადგომების განთავსება. ბ) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებული იქნება საკუთრების სხვა ფორმებიც. გ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურებების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემით მიღებული შემოსავლები. დ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტს ემატება „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც დაცულ ტერიტორიაზე დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიზნით, ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის, არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების (ფიქალის ქვა) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ე) კანონის გარდამავალი დებულებებში ნორმატიული აქტების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნება „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლაპატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილების პროექტის მიღების ვალდებულება. ვ) კანონის გარდამავალი დებულებებში ნორმატიული აქტების ჩამონათვალს დაემატება „დაცული ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების და მასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც მიღებულ უნდა იქნას 2016 წლის 1 ივლისამდე. ზ) ცვლილებით გათვალისწინებულია „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების გამოცემის ვადის გადაწევა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება დამატებით გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში; კანონპოექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 5. ეროვნული პარკი 1. ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის. 2. ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა. 3. ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) ბუნების მართვადი დაცვის ზონა; გ) ვიზიტორთა ზონა; დ) აღდგენის ზონა; ე) ისტორიულ-კულტურული ზონა; ვ) ადმინისტრაციის ზონა; ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ბუნების მართვადი დაცვის ზონა ეწყობა სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლაპატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ვიზიტორთა ზონა ეწოდება ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. აღდგენის ზონა ეწოდება ანთროპოგენური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის. ისტორიულ-კულტურული ზონა ეწოდება ბუნებრივი გარემოს, ისტორიულკულტურული ობიექტებისა და (ან) არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს). ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებასათან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება. 4. ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და (ან) თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო კატეგორიას. მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის მუხლი 12. საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე 1. დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ- ფუნქციონალური ზონების მიხედვით. 2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 21. ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 22 . ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებ ში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისა თვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 23 . ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებში, აგრეთვე აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობისთვის, ამავე გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტ ურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშულების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 49 წლისა , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით. 24 . დაცულ ტერიტორია ზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა. 25. ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაუშვებელია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-ანთროპოგენულ და ანთროპოგენულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას. ამ ზონაში დაუშვებელია ბუნებრივი რესურსების სარგებლობაში გადაცემა. ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები მომთაბარე ცოცხალი ორგანიზმების ჩათვლით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ბიოსფერული რეზერვატის აღდგენისა და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონებში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების, ბუნებრივ-კულტურული და ისტორიულ-კულტურული ობიექტები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დაიშვება, აგრეთვე, საკუთრების სხვა ფორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიისა და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების საკუთრების ფორმები განისაზღვრება იმ დაცული ტერიტორიების კატეგორიების საკუთრების ფორმით, რომელთა საფუძველზეც ისინი ჩამოყალიბდა. მუხლი 19. დაფინანსება 1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი; ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობებით მიღებული შემოსავლები; ვ) რეკრეაციული, სამეურნეო, ტურისტული და არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები; ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობების დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები; ი) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები. 21. ამ კანონის მე-12 მუხლის 25 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. დაცული ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე 1. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად. 2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება: ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით; ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით; გ) დროებითი რეგულირებით. 3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით. 4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება: ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა; ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება; გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება; დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება; ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა; ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი სხვა საქმიანობა. 5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება: ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში; ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება; გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში; დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ; ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება. 6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება: ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა; ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა; დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება; ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია; ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების მიზნებთან; თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა რაოდენობასთან. ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე. 7. დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება: ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე; ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით). 8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება: ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში; ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების მიზნით); გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები (აღმკვეთი ჯარიმის დაწესება); დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია. მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი 1. 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 2. 2013 წლის 1 ივნისამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ)„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. 2013 წლის 1 ივლისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 4. 2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოიცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებები: ა) „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურის შესახებ“; ბ) „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 5. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №476). 6. 2014 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“. 7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.