„ინოვაციების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.04.2016
ავტორი
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/474/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ინოვაციების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-11
ბიუროს ნომერი 292

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ პროექტი I თავი. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვის და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების შეღწევა მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ინოვაციური საქმიანობების სუბიექტებზე, ინოვაციური საქმიანობების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაზე, ინოვაციური საქმიანობების დაფინანსებასა და ინოვაციების კომერციალიზაციაზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინოვაცია - ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც მათ შორის შესაძლებელია გამოხატულ იქნეს შემდეგი სახით: ა.ა) ინოვაციური პროდუქტი - ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას; ა.ბ) ინოვაციური პროცესი - ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წარმოების ან მომსახურების მეთოდის გამოყენება, რომელიც პირისთვის წარმოადგენს სიახლეს ან გაუმჯობესებას, იმის მიუხედავად ეს პროცესი შექმნილია თუ არა სხვა პირის მიერ; ა.გ) ორგანიზაციული ინოვაცია - მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ახალი ან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამიზნულია ორგანიზაციაში პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის ან/და ცოდნის გამოყენების გასაუმჯობესებლად ან ბიზნესის ეფექტიანობის გასაზრდელად; ა.დ) ინოვაციური მარკეტინგი - მარკეტინგის ახალი მეთოდის გამოყენება, მათ შორის მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქტის დიზაინში, შეფუთვაში და ამ პროდუქტის პოპულარიზაციაში; ბ) ინოვაციური საქმიანობა - საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად; გ) ინოვაციური საქმიანობის სუბიექტი - პირი, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას; დ) ინოვაციური პროექტი - პროექტი, რომლის მიზანია ინოვაციური საქმიანობის განხორციელება; ე) ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურა - გარემო, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კერძო სექტორის დაკავშირებისა და თანამშრომლობისკენ და ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისკენ; ვ) დამწყები ბიზნესი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომლის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციიდან არ გასულა ორ წელზე მეტი; ზ) კომერციალიზაცია - ინოვაციის პრაქტიკული გამოყენება, რომელიც იწვევს ეკონომიკურ ან სოციალურ დადებით ეფექტს; თ) ინოვაციების ეკოსისტემა - ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების სისტემების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფოს, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კერძო სექტორის თანამშრომლობას და რომელიც მიმართულია სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის შექმნის, განვითარების, გავრცელების და გამოყენებისათვის, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. მუხლი 3. ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია 1. ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წარდგინებით. 2. სახელმწიფო სტრატეგიაში დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სუბიექტებს. მუხლი 4. საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს - კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციები ინოვაციების სფეროში ინოვაციების სფეროში კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციებია: ა) ინოვაციების შესახებ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ბ) ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების კოორდინაცია, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ასევე სახელმწიფო, კერძო,საგანმანათლებლო და სამეცნიერო სექტორებს შორის; გ) საქართველოს მთავრობისთვის საქართველოში ინოვაციის საქმიანობების შესახებ ანგარიშის მომზადების კოორდინაცია და წარდგენა. დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები. მუხლი 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამოცანები საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) ხელს უწყობს ინოვაციების კომერციალიზაციას და ახდენს ინოვაციებისგამოყენების სტიმულირებას. II თავი. ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურა მუხლი 6. ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა 1. ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო ორგანოს ან სხვა პირის მიერ იქმნება შემდეგი ინფრასტრუქტურა: ა) სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკები; ბ) ბიზნეს ინკუბატორები; გ) ბიზნესამაჩქარებლები; დ) ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები; ე) სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FabLab) და ინოვაციების ლაბორატორიები (ILab); ვ) ინოვაციების ცენტრები; ზ) სხვა ინფრასტრუქტურა. 2. მუნიციპალიტეტები ინოვაციური განვითარების მხარდაჭერას ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 7. სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი 1. სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ინოვაციური საქმიანობის სხვა სუბიექტებისათვის. 2. სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი ხელს უწყობს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირების თანამშრომლობას, ახალი ტექნოლოგიების შესაძლო უსწრაფეს გამოყენებას, ახალი პროდუქტების და მომსახურებების შექმნას და ბაზარზე მათ გატანას. მუხლი 8. ბიზნეს ინკუბატორი ბიზნეს ინკუბატორის ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებისთვის სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სხვა სახის ტექნიკური დახმარების გაწევა არაუმეტეს 2 წლის ვადით. მუხლი 9. ბიზნესამაჩქარებელი ბიზნესამაჩქარებლის ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებისთვის უზრუნველყოს სამუშაო სივრცე, მათი ბიზნეს იდეის და მოდელის განვითარება და დახვეწა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტირება. მუხლი 10. ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი უზრუნველყოფს ინოვაციების გადაცემას, რაც მოიცავს ინოვაციის კომერციული პოტენციალის შეფასებას, პარტნიორთა მოძიებას ინოვაციის გადაცემისათვის და კომერციალიზაციის მიზნით ასეთი გადაცემის შეფასებას. მუხლი 11. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია განსაზღვრულ სივრცეში ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს, რომელიც გულისხმობს იდეების ტესტირებასა და ნიმუშის დამზადებას. მუხლი 12. ინოვაციების ლაბორატორია ინოვაციების ლაბორატორია საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლობის შედეგად ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს და ტრენინგებს, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ბიზნესზე ორიენტირებულ სწავლებას, იდეების ტესტირებას და ნიმუშის დამზადებას. მუხლი 13. ინოვაციების ცენტრი ინოვაციების ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ინოვაციების სფეროში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, დისტანციური სწავლებების და დასაქმების პლატფორმების დანერგვას. მუხლი 14. სააგენტოს ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურის რეგულირების წესი სააგენტოს სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკის, ბიზნეს ინკუბატორის, ბიზნესამაჩქარებლის და ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის მომსახურებების საფასური რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ინოვაციური საქმიანობის სხვა ინფრასტრუქტურის მომასხურების საფასურები დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 15. ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის დაფინანსება საქართველოს მთავრობას, სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე სხვა პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ განახორციელონ ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის დაფინანსება/თანადაფინანსება. III თავი. ინოვაციური საქმიანობის დაფინანსება მუხლი 16. ინოვაციური პროექტების დაფინანსება ინოვაციური პროექტების დაფინანსება ხორციელდება ამ კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 17. ფინანსური რესურსების გამოყენება 1. ინოვაციური პროექტების დაფინანსებისას ფინანსური რესურსების დაგეგმვისა და გამოყენებისას გამოიყენება გამჭვირვალეობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპი. 2. სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინოვაციური საქმიანობების თანადაფინანსებაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად. მუხლი 18. ინოვაციურ საქმიანობის წლიური ანგარიში კვლევებისა და ინოვაციების საბჭო ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს მთავრობას საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ინოვაციური საქმიანობების და ამ მიზნით გახარჯული ფინანსური რესურსების შესახებ წლიურ ანგარიშს. IV თავი. სახელმწიფოს (მათ შორის სააგენტოს) დაფინანსებული პროექტების კომერციალიზაცია მუხლი 19. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები 1. სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად სამსახურეობრივი ან ხელშეკრულებით დადგენილი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ეკუთვნის დამსაქმებელს ან შემკვეთს თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკუთვნის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ვალდებულია მიუთითოს გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის სახელი პატენტის რეგისტრაციისას. 3. სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. თუ გამოგონება შეიქმნა რამდენიმე პირის მიერ, თანაგამომგონებელთა შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოსავლების გადანაწილება ხდება თანაბრად, თუ თანაგამომგონებლებთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 20. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა 1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს სახელმწიფო დაფინანსების მიმღებს (შემდგომში ბენეფიციარს), უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელსა ან განმცხადებლებზე ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური ლიცენზიის გაცემა და თუ ბენეფიციარი, უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი უარს აცხადებს ასეთი თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთვარობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია: ა) თუ ბენეფიციარი ან მისი უფლებამონაცვლე გონივრულ ვადაში არ გაატარებს პატენტის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ ეფექტურ ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გატარება გონივრულ ვადაში არ არის მოსალოდნელი; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ ბენეფიციარი, უფლებამონაცვლე, ან მათი ლიცენზიანტები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისია დადგენილებით განსაზღვრული წესით. მუხლი 21. ინოვაციური პროექტების დაფინანსებიდან მიღებული შემოსავალი 1. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს, დაფინანსებიდან შემდგომი 7 წლის განმავლობაში, დაფინანსებული ინოვაციური პროექტის შემოსავლიდან წილი, წლიურად არაუმეტეს 5%-ის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წილის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. V თავი. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 22. გარდამავალი დებულება საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის დამტკიცება; ბ) ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული დადგენილების მიღება და სამთავრობო კომისიის შექმნა; გ) ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება. მუხლი 23. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ინოვაცია წარმოადგენს ადამიანის ინტელექტუალური საქმიანობის შედეგს, მისი ცოდნის, ფანტაზიის, შემოქმედებითი უნარის, გამომგონებლობის, აღმოჩენების და რაციონალიზაციის სინთეზს. შესაბამისად ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანს აქვს უნარი შეცვალოს არსებული რეალობა უკეთესობისკენ. საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობების განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და გლობალურ ეკონომიკაში თავისი ადგილის დაკავებას. შესაბამისად, ქვეყნისათვის ინოვაციური ხედვის შემუშავება ერთ-ერთ უმთავრეს ნაბიჯს წარმოადგენს, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკისა და ინოვაციის ეფექტური ეკოსისტემის შესაქმნელად. გლობალურმა კონკურენტუნარიანობამ და სხვა რიგმა ფაქტორებმა განაპირობა პრობლემების გადაჭრის ახლებური გზების მოძებნის საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს მდგრადობას. ინოვაციის შესახებ კანონის შექმნის საჭიროება განაპირობა, ქვეყნისთვის საჭირო რიგმა ფაქტორებმა, როგორებიცაა: კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესისთვის ეფექტური გარემოს შექმნა, კომპლექსური ინფრასტრუქტურის აუცილებლობა, განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და სხვა. ინოვაციების ეკოსისტემამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის პროდუქტიულობის ამაღლებას, რომლის შედეგადაც უნდა შეიქმნას ახალი პროდუქტები და საკითხთა ტექნოლოგიური გადაჭრის გზები. ინოვაციას არ აქვს შეზღუდვები, ის შეიძლება იყოს ნებისმიერ სფეროში. ინოვაციური იდეების რეალურ პროდუქტებად გარდასაქმნელად საჭირო არიან ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები, გამომგონებლები, მეცნიერები, მკვლევარები, მომხმარებლები და სხვა, რომლებიც თავიანთი ინტელექტუალური შრომის შედეგად შემოგვთავაზებენ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს. თუმცა, მხოლოდ ასეთი ადამიანების არსებობა არ არის საკმარისი, ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის. სახელმწიფომ ბიზნესის სექტორის აქტიური ჩართულობით დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში და სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით ხელი უნდა შეუწყოს ინოვატორი ადამიანების მიერ ინოვაციური პროდუქტების შექმნას. ქვეყანაში კარგი ინოვაციების კლიმატის არსებობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების ზრდას, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, ქართულ ბაზარზე კონკურენტული ეროვნული პროდუქტების გამოჩენას, ინოვაციური პროდუქტების ექსპორტს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროს განვითარებას, მოსახლეობაში ცოდნის ამაღლებას და ზოგადად, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას. დღესდღეისობით საქართველოში არსებული ინოვაციის დონე ჯერ ისევ არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება გლობალურ სტანდარტებს. სამეწარმეო სფეროში ინოვაციების მიმართულებით ქვეყანას დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც პირდაპირ მიუთითებს ინოვაციის სფეროს გაძლიერების საჭიროებაზე. დაბალია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე, რაც ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებასა და რეიტინგში. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GCI) 2015 – 2016 წლების ანგარიშის მიხედვით (რომელიც მოიცავს 148 ქვეყანას), 2013-2014 წლებთან შედარებით საქართველომ უკეთესი მაჩვენებელი აჩვენა და 72-ე ადგილიდან 66-ე ადგილზე გადავიდა. ინოვაციის გლობალურ ინდექსში 2015 (GII) საქართველო მსოფლიოში 73ე ადგილზეა. ქვეყანამ საკუთარი პოზიცია გასულ წელთან შედარებით ერთი პოზიციით გაიუმჯობესა. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით ,,საქართველო 2020“, მთავრობამ გამოხატა ნება, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნაში ინოვაციებსა და ტექნოლოგურ განვითარებას, რაც გამოიხატება ინოვაციური საქმიანობის დანერგვითა და უახლესი ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეწყობით. კერძო სექტორის განვითარების და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მთავრობა ხელს შეუწყობს კვლევასა და განვითარებას და ინოვაციის მხარდასაჭერად შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფოს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ინოვაციური საქმიანობის და უახლესი ტექნოლოგიების გადაცემის და დანერგვის ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისება. დღეს ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსებზე წვდომის საკითხი ინოვაციების მიმართულებით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, ინოვაციის მამოძრავებლები არიან. ინოვაციურად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად საქართველოს სჭირდება კვლევისა და განვითარების საერთო უნარის გაუმჯობესება და ადგილობრივი კომპანიების ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება. ქვეყნაში უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც ბიზნესი პასუხისმგებელი იქნება ცოდნის ინოვაციად გარდაქმნაზე. საქართველოს არამარტო ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება, არამედ გლობალურ ტენდენციებთან მიახლოება სჭირდება და შესაბამისად, უნდა მოხდეს ცოდნაზე დამყარებული დარგების განვითარება, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტების და სერვისების შექმნას. საზოგადოებაში ინოვაციური აზროვნების ხელშესაწყობად არ არის იმგვარი გარემო, სადაც წახალისდება და დაფინანსდება შემოქმედებითობა, სადაც იარსებებს ინოვაციებისთვის სტიმულის მიმცემი მექანიზმები. საქართველოში ინოვაციის ეკონომიკის შექმნისთვის საჭირო ძირითადი მიზანია: 1. სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს შემუშავება, რაც ხელს უწყობს ინოვაციური ეკონომიკის შექმნას ყველა დონეზე; 2. ინოვაციების ეკოსისტემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევის კომერციალიზაციას და ინოვაციების დანერგვას; 3. საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერება და ადამიანური კაპიტალის უნარჩვევების განვითარება, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ინოვაციურ საქმიანობაში ჩართულობას; 4. კვლევისა და განვითარების სექტორის გაძლიერება, რაც გააუმჯობესებს სამეცნიერო შედეგის ხარისხსა და რაოდენობას; ასევე გასათვალისწინებელია, რომ დღეს არ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა ინოვაციურ საქმიანობას, განსაზღვრავდა ინოვაციების მნიშვნელობას და ქმედით სამართლებრივ ჩარჩოს განუსაზღვრავდა შესაბამის დაინტერესებულ პირებს. გარდა ამისა, კანონპროექტის შემუშავება და მიღება ეხმიანება იმ მიზნებისა და ამოცანების ეტაპობრივ შესრულებას, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგიდან. ასოცირების შეთანხმებაში აქცენტირებულია ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მნიშვნელობა. ამიტომაც მასზე ჩანაწერები გვხვდება შეთანხმების სხვადასხვა კარში. საკითხი პრიორიტეტულად ჩაითვალა, რამეთუ ასახვა ჰპოვა ასოცირების დღის წესრიგის 2.6 ნაწილში კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შედეგად, რიგი ასპექტების რეგულირების მიზნით კონკრეტულმა აქტივობებმა ასახვა ჰპოვა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების 2015 და 2016 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში. მაგ.: 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გაიწერა შემდეგი ვალდებულებები მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის გახსნა (ტექნოლოგიური პარკი) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის ერთიანი ეკოსისტემის შესაქმნელად; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბ-ლაბი) და ინოვაციების ლაბორატორიების შექმნა საქართველოში. ინოვატორების საზოგადოების ჩამოყალიბება და სხვა. 2016 წლის სამოქმედო გეგმაში კი ვალდებულებად განისაზღვრა ინოვაციებთან დაკავშირებით კანონპროექტის შემუშავება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, ასევე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა. კვლევების და განვითარების კომერციალიზაციის მიზნით, კერძო სექტორს და განათლების სისტემას შორის კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა გამოყენებითი კვლევისა და განვითარების როგორც ხარისხის, ასევე პრაქტიკაში დანერგვის (კომერციალიზაციის) ეფექტიანობის ასამაღლებლად. საქართველოს კონკურენტუნარიანობის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობა აპირებს შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკაში, საზოგადოებაში და მთავრობაში ინოვაციების დანერგვასა და განვითარებას, ასევე ქვეყანაში ახალი ინოვაციური პროდუქტებისა და საწარმოების შექმნას. შესაბამისად მთავრობის სტრატეგია მიმართულია შემდეგი მიზნებისკენ: ● ეკოსისტემის ფორმირება ახალი ინოვაციური პროდუქტებისა და საწარმოების შესაქმნელად; ბიზნესის და მეცნიერების ურთიერთქმედების სტიმულირება ქართული ინოვაციური პროდუქტების და სერვისების შესაქმნელად; ● ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციური დამწყები (სტარტაპი) ბიზნესის და მეწარმეების გაჩენის ხელშეწყობა; ● ინოვაციების ეკოსისტემაში მოღვაწე სუბიექტების პროფესიული ცოდნის და კონკურენტუნარიანობის მუდმივი ამაღლება; ● ინოვაციების და გამოგონებების, ინოვაციური სტარტაპების შექმნისთვის და განსავითარებლად ფინანსებთან წვდომის ეფექტური მექანიზმების შექმნის სტიმულირება. თავად კანონპროექტის მიზანია შექმნას ინოვაციების ეკოსისტემის სამართლებრივი ჩარჩო, განსაზღვროს ინოვაციური საქმიანობის სუბიექტები და მათი უფლებები, საჯარო ინტერესების შესაბამისად მოაწესრიგოს ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო დაფინანსების შედეგები, ასევე განსაზღვროს ცალკეული ინოვაციების ინფრასტრუქტურის დანიშნულებები, შექმნას ინტელექტუალური პროდუქტების, ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ერთიანი სისტემა, რომელიც მიმართული იქნება ასეთი პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისკენ. საბოლოო ჯამში, კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი განსაზღვრავს მისი შექმნის მიზანს და მოქმედების სფეროს, რომლის თანახმადაც მისი მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, ინტელექტუალური პროდუქტების, ინოვაციების და ტექნოლოგიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების საქართველოს მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ხოლო მისი მოქმედება ვრცელდება ინოვაციური საქმიანობების სუბიექტებზე, ინოვაციური საქმიანობების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაზე, ინოვაციური საქმიანობების დაფინანსებასა და კომერციალიზაციაზე. კანონპროექტს შემოაქვს ახალი სამართლებრივი ცნებები და ტერმინები. მათ შორის: ინოვაცია, რომელიც კანონპროექტით განიმარტება ფართოდ და მოიცავს არამხოლოდ ინოვაციურ პროდუქტს, არამედ ინოვაციურ პროცესს, ორგანიზაციულ ინოვაციასა და ინოვაციურ მარკეტინგს. აღნიშნული საშუალებას იძლევა ინოვაციური საქმიანობა გავრცელდეს ფართო მასშტაბით. კანონის თანახმად განიმარტება ინოვაცია, როგორც ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და განისაზღვრება ინოვაციის გამოხატვის 4 ძირითადი მახასიათებელი, თუმცა კანონი იქვე აღნიშნავს რომ ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. აღნიშნული 4 ძირითადი მახასიათებელი წარმოადგენს ამჟამად საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული ინოვაციების ძირითად სახეობებს. კანონპროექტი ასევე განმარტავს ინოვაციურ საქმიანობას, როგორც ინოვაციის შესაქმნელად გაწეულ საქმიანობას და განსაზღვრავს რომ ამ საქმიანობის გამწევი არის ინოვაციური საქმიანობის სუბიექტი. კანონპროექტით განიმარტა ინოვაციების ინფრასტრუქტურა, როგორც საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კერძო სექტორის თანამშრომლობისკენ და დაკავშირებისკენ მიმართული გარემო - ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად. ამ კანონის მიზნებისთვის განიმარტა დამწყები ბიზნესი, რომელიც გულისხმობს: მეწარმე სუბიექტს, რომლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან არ გასულა ორ წელზე მეტი. კანონპროექტი ახდენს საქართველოს მთავრობის როლის განსაზღვრას ინოვაციების სფეროში, რომელიც ამტკიცებს ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიას, კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წარდგინებით. კანონპროექტი ასევე განსაზღრავს კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციებს ინოვაციების სფეროში: ინოვაციების შესახებ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების კოორდინაცია; საქართველოს განვითარების პოტენციალის შესაბამისად, მთავრობისთვის საქართველოში ინოვაციის საქმიანობების შესახებ ანგარიშის მომზადების კოორდინაცია და წარდგენა. აღნიშნულის პარალელურად, კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ძირითად ამოცანებს, რომლის თანახმადაც სააგენტომ ხელი უნდა შეუწყოს ინოვაციების კომერციალიზაციას და მოახდინოს ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება. კანონპროექტი ქმნის ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს თითოეული ელემენტის ფუნქციურ სტატუსს, ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა აერთიანებს თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: • სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკები - უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებებისა და ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებისათვის განკუთვნილი განსაზღვრულ სივრცეში ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურებების ერთიანი სივრცე; • ბიზნეს ინკუბატორები - განსაზღვრული სივრცეში მოქცეული რესურსები, რომლის ძირითადი ფუნქცია კონკურსის წესით შერჩეული სტარტაპების უზრუნველყოფა სამუშაო სივრცით, ადმინისტრაციული და სხვა სახის ტექნიკური რესურსით არაუმეტეს 2 წლის ვადით; • ბიზნესამაჩქარებლები - იგივე ბიზნესისამაჩქარებელი, განსაზღვრულ სივრცეში მოქცეული რესურსები, რომლის ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული პირებისთვის უზრუნველყოს სამუშაო სივრცე, მათი ბიზნეს იდეის და მოდელის განვითარება და დახვეწა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტირება; • ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები - უზრუნველყოფენ ინოვაციების გადაცემას, რაც მოიცავს ინოვაციის კომერციული პოტენციალის შეფასებას, პარტნიორთა მოძიებას ინოვაციების გადაცემისათვის და ასეთი გადაცემის შეფასებას კომერციალიზაციის მიზნით. ასევე, უზრუნველყოფენ ინოვაციური საქმიანობის სუბიექტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. კანონპროექტი ქმნის ინტელექტუალური პროდუქტების, ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ხელშეწყობის სისტემას, რომელიც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მეშვეობით, რომლის მიზანია სამეცნიერო პროგრესის კონკრეტულ პრუდუქტებად ქცევა და ამ პროდუქტებიდან მიღებული შემოსავლის გამომგონებლისთვის და უნივერსიტეტისთვის/ორგანიზაციებისთვის დაბრუნება შემდგომი კვლევის დასაფინანსებლად. ცენტრი აფასებს გამოგონების კომერციალიზაციის პოტენციალს და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში ლიცენზიას გასცემს კერძო კომპანიაზე. შეფასების ეტაპზე ცენტრი შეიმუშავებს ლიცენზირების სტრატეგიას, ახორციელებს ბაზრის და ტექნიკური რისკების ანალიზს და კომერციალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამომგონებელთან ერთად ეძებს ყველა პოტენციურ კომპანიას, რომელიც შესაძლოა, რომ დაინტერესებული იყოს კონკრეტული გამოგონების კომერციალიზაციით. სააგენტოს მიერ შექმნილი ანდა დაფინანსებული ტექნოლოგიური პარკების, ბიზნეს ინკუბატორების, ბიზნესამაჩქარებლების და ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრების მომსახურებით სარგებლობის ტარიფები, რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა ასევე აერთიანებს შემდეგს: სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (FabLab) ლაბორატორია, რომელიც განსაზღვრულ სივრცეში ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს, რაც გულისხმობს იდეების ტესტირებასა და ნიმუშის დამზადებას; • ინოვაციების ლაბორატორიები (ILab) ლაბორატორია საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლობის შედეგად ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს და ტრენინგებს, რაც გულისხმობს კონკრეტულ ბიზნესზე ორიენტირებულ სწავლებას, იდეების ტესტირებას და ნიმუშის დამზადებას; • ინოვაციების ცენტრები - ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სამეწარმეო უნარჩვევების განვითარებას, დისტანციური სწავლებების და დასაქმების პლატფორმების დანერგვას. კანონპროექტი აყალიბებს ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების წყაროს და პრინციპებს. კერძოდ, სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ფინანსური რესურსის დაგეგმვა და გამოყენება ხდება გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულების, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით. ამასთან, კანონპროექტით დადგენილია განხორციელებული და მიმდინარე ინოვაციური საქმიანობის და ამ მიზნით გახარჯული ფინანსური რესურსების შესახებ წლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს - კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მოვალეობა. • კანონპროექტი ინოვაციური საქმიანობის განსაზღვრასთან ერთად ახდენს ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლებების ჩამოყალიბებას. კერძოდ, კანონპროექტის მე-19 მუხლი განამტკიცებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციით მიღებული შემოსავლიდან გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის გარანტირებული შემოსავლის მიღების უფლებას. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად სამსახურეობრივი ან ხელშეკრულებით დადგენილი მოვალეობის შესრულებისას, დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ინოვაციურ პროდუქტზე მიღებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ეკუთვნის დამსაქმებელს ან შემკვეთს თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუმცა აქვე ადგენს, რომ აღნიშნული პირი ვალდებულია მიუთითოს გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის სახელი ამ გამოგონებასთან დაკავშირებული პატენტის რეგისტრაციისას. ხოლო შემდგომში ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციით მიღებული შემოსავლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წილი უნდა ეკუთვნოდეს გამომგონებელს. კანონპროექტი დამატებით, ადგენს თანაგამომგონებლთა შორის მოგების განაწილებს ზოგად პრინციპს, თუმცა ასევე ტოვებს შესაძლებლობას, რომ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით კომერციალიზაციის შედეგად მიღებული მოგება განაწილდეს განსხვავებულად. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვან მიმართულებას აძლევს შემოსავლის განაწილების პრინციპს და დიდი როლის თამაში შეუძლია გამომგონებლებსა და კვლევით ინსტიტუტებს/უნივერსიტეტებს შორის ნდობის აღდგენის საკითხში. გამომგონებელი ან სასარგებლო მოდელის შემქმნელი დაცული იქნება გარანტირებული შემოსავლით, რაც მას აღარ უბიძგებს გამოგონების ინსტიტუტისათვის დამალვისკენ და თავად, როგორც ფიზიკური პირის მიერ, დაპატენტებისკენ (რაც სამწუხაროდ გახშირებული პრაქტიკაა). ფიზიკური პირის მიერ შექმნილი პატენტის კომერციალიზაცია მთელ მსოფლიოში ურთულესია. ბიზნესი მეტწილად თანამშრომლობს ინსტიტუტებთან, რომელთაც გააჩნიათ გამომგონებლური რესურსი და არა კერძოდ ერთ ან თუნდაც რამდენიმე გამომგონებელთან. ამასთან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ანდა სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ მოქმედებს საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმი. საჯარო ინტერესის დაცვა ხდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტის მიმართ იმ შემთხვევებში: როდესაც ბენეფიციარი გონივრულ ვადაში არ ატარებს პატენტის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ ეფექტურ ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გატარება გონივრულ ვადაში არ არის მოსალოდნელი; ან/და ბენეფიციარი ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებებს. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია მოითხოვოს ბენეფიციარისგან სათანადო განმცხადებელზე პატენტიდან გამომდინარე ლიცენზიის გაცემა, ხოლო თუ ბენეფიციარი უარს აცხადებს ასეთი ქმედების განხორციელებაზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიხედვით თავად გასცეს ლიცენზია. აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვანია, დადგან სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარება ეფექტიანად გამოიყენებოდეს და ის რასაც სახელმწიფო მიღებული პატენტებიდან ელის, იყოს უზრუნველყოფილი (კომერციალიზაცია), რაც ასევე ნიშნავს ქართულ ეკონომიკაში ფულის დაბრუნებას და საზოგადო სიკეთის შექმნას. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უფლების მფლობელის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციაზე, ასეთ შემთხვევაშიც კი კომერციალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი გადაეცემა ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონეს და არა სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აღნიშნულ პროცედურას იწყებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული განმცხადებელი/დაინტერესებული პირი/ინვესტორი, რომელსაც სურს მოახდინოს სახელმწიფოს დაფინანსებით შექმნილი პროდუქტის კომერციალიზაცია და აღნიშნული გამოგონების ლიცენზირებაზე ან მიყიდვაზე უარს აცხადებს თავად ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე და თავადაც არ დგამს შესამის ნაბიჯს კომერციალიზაციისათვის. შესაბამისად, კანონპროექტი განამტკიცებს ამ მექანიზმის გამოყენების საგამონაკლისო ხასიათს. ამდენად, მისი გამოყენება დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტის 21-ე მუხლით დგინდება ინოვაციური პროექტების დაფინანსებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ დგინდება შემოსავლის მაქსიმალური განაკვეთი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირის მიერ დაფინანსებული პროექტის კომერციალიზაციიდან წლიურად მიღებული შემოსავლის მთლიანი ოდენობის 5%-ს. კონკრეტულ ოდენობა განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობას 2016 წლის 1 დეკემბრამდე დაევალა - სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვის წესის და მექანიზმის შექმნა, შესაბამისი სამთავრობო კომისიის შექმნა და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელებისას მიღებული შემოსავლიდან, ამავე ორგანოს წილის მოთხოვნის წესის და პროცედურების განსაზღვრა, ასევე კომერციალიზაციიდან გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის წილის დადგენა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასური ერიცხება, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საკუთარ საშემოსავლო ნაწილში. ხოლო კანონპროექტის 21-ე მუხლით გათვალისწინებული წილი მიექცევა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის (მაგალითად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს) საშემოსავლო ნაწილში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით განისაზღვრა, რომ ორგანიზაციაში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციით მიღებული შემოსავლიდან გარანტირებული წილი უნდა ეკუთვნოდეს გამომგონებელს/სასარგებლო მოდელის შექმნელს, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადისა და მოსაკრებლის შემოღებას. ამასთან, სხვა სახის გადასახდელის შემოღების კუთხით, კანონპროექტით დგინდება, რომ სააგენტოს სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკის, ბიზნეს ინკუბატორის, ბიზნესამაჩქარებლის და ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის მომსახურებების საფასური რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ინოვაციური საქმიანობის სხვა ინფრასტრუქტურის მომსახურების საფასურები დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის მოწვეულმა ექსპერტებმა, კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში არსებულმა სამუშაო ჯგუფებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.