„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.10.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/260/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-08
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელწოდებაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 16. შინაარსობრივი ვალდებულებები 1. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება; ბ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის; გ) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; დ) საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები; ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი; ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი; ზ) საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; ი) ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები; კ) გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი; ლ) ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას; მ) სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები; ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია; ო) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ; პ) საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა.