„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2019
ავტორი
ენერგეტიკული გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/346/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები - ენერგეტიკული გაერთიანების შეთანხმების ხელშემკვრელი მხარეები, ისევე როგორც ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნები;“; ა.ბ) „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ლ) მაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ მიეკუთვნება არამაგისტრალურ მილსადენებს და ამ კანონით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებას;“. ბ) მეორე პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენი ან მილსადენების ქსელი და ყველა სხვა საშუალება, რომელიც გამოიყენება ქარხანაში, ან რეზერვუარში, ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტში გადაცემისთვის. სატრანსპორტო საშუალება არ მოიცავს ნებისმიერ სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენს, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ საშუალებას, ან ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელს, რომელიც განსაზღვრულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით;“ გ) მეორე პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მომხმარებელს ან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიის მფლობელს, ან სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს; 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) მესამე მხარის დაშვების უზრუნველყოფა სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთი დაშვების შემთხვევისთვის ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით, გარდა ქსელისა და მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის.“. 3. მე-81 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვების რეგულირება და მონიტორინგი და ამ კანონის 2512 მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა.“. 4. 252 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 2511 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2512 მუხლი: „მუხლი 2512. სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვება 1. სააგენტომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის საწარმოების და კვალიფიციური მომხმარებლის დაშვება სატრანსპორტო საშუალებაზე, ასეთი დაშვების შემთხვევისთვის ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით, გარდა ქსელისა და მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის. დაშვება უზრუნველყოფილი უნდა იყოს განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ბუნებრივი გაზის საწარმოების და კვალიფიციური მომხმარებლის მახასიათებლებისა. ამ ზომების შესახებ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 2. სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვება ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, რაც მიზნად უნდა ისახავდეს სამართლიან და ღია დაშვებას, კონკურენციის ხელშეწყობას და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო საშუალების და დაკავშირებული მოწყობილობების საოპერაციო უსაფრთხოების, კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ზომების უსაფრთხოების, გონივრულად ხელმისაწვდომი სიმძლავრის და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული: ა) დაშვებაზე უარის თქმის საჭიროება ტექნიკური მახასიათებლების ისეთი შეუსაბამობის შემთხვევაში, რომლის გადაფარვა შეუძლებელია; ბ) სირთულეების თავიდან არიდების საჭიროება, რომელთა მოგვარება გონივრულად შეუძლებელია და რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ნავთობისა და გაზის არსებული ან დაგეგმილი სამომავლო წარმოების ეფექტურობა, მათ შორის ზღვრული ეკონომიკური უნარიანობის თვალსაზრისით; გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან ოპერატორის სათანადოდ დასაბუთებული გონივრული საჭიროებები ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისა და დამუშავებისთვის, შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი სატრანსპორტო საშუალების ან სათანადო დამუშავების ან გატარების მოწყობილობების სხვა მოსარგებლეების ინტერესები; დ) წარმოების ან სატრანსპორტო საშუალების განვითარების უფლების მოპოვებისათვის სათანადო კანონმდებლობის, მათ შორის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების, ადმინისტრაციული პროცედურების დაკმაყოფილების საჭიროება; 3. სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს სააგენტო დაჩქარებული წესით, სააგენტოს მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესისა და პირობების შესაბამისად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვების მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების რაოდენობის გათვალისწინებით. 4. ტრანსსასაზღვრო დავების შემთხვევაში, გამოიყენება ენერგეტიკული გაერთიანების იმ მხარის დავის განხილვის წესები, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზე დაშვებაზეც უარი იქნა მიღებული. 5. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვების ნებისმიერ შეზღუდვაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი არ იქნება დასაბუთებული ამ მუხლის შესაბამისად.“. მუხლი 2. სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა მათ შორის არსებულ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომელიც ითვალისწინებს გაზის გადაცემის საქმიანობის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისგან (რაც ხორციელდება საბადოდან გადამამუშავებელ ქარხნამდე ან ქსელში მიწოდების საბოლოო პუნქტამდე) გამიჯვნას, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე მესამე პირების დაშვების უზრუნველყოფას არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პროცედურებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხები განისაზღვრება კანონით და გაზის გადაცემის საქმიანობის გამიჯვნისთვის ცვლილებებიც კანონით უნდა მოხდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის ითვალისწინებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე გაზის გადაცემის საქმიანობის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისგან გამიჯვნას და სატრანსპორტო საშუალებაზე მესამე პირების დაშვების ნორმების განსაზღვრას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების განმარტების დაზუსტებას, როგორსაც წარმოადგენს ნავთობის და გაზის ოპერაციების წარმოების, ან ქარხანაში, ან რეზერვუარში, ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტში გადაცემისთვის გამოყენებული ან/და აშენებული მილსადენი ან მილსადენების ქსელი და რომელზე მესამე მხარის დაშვება უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონით აღიარებული არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პროცედურებით. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონს ემატება შესაბამისი დებულებები და 2512 მუხლი, რომლითაც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ევალება სათანადო ზომების გატარება. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ის შემთხვევები რაც შეიძლება იყოს მესამე მხარის დაშვებაზე უარის თქმის საფუძველი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლასთან ერთად გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, _ მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არის. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ ენერგეტიკული გაერთიანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არის. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტი მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ. ქართული თარგმანი გადამუშავებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.