„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.07.2020
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/501/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 761 მუხლი: „მუხლი 761. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა 1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი გამეორებით,გამოიწვევს დაჯარიმება 20 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი გამეორებით,გამოიწვევს დაჯარიმება 40 000 ლარის ოდენობით.“; 2. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 77. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედება ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება 1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველები) დადგენილი ნორმების გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე. 5. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება – გამოიწვევს დაჯარიმებას: - დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით; - დადგენილზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში - 15 000 ლარის ოდენობით; - დადგენილზე 10-ჯერ და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვევაში - 45 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გაორმაგებას. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.“; 3. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 78. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, ან/და გაუმართაობა, აგრეთვე ამ მოწყობილობათა გამოუყენებლობა ან უქონლობა 1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და გაუმართაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 10 000 ლარამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. 3. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000-დან 15 000 ლარამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. 5. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000-დან 20 000 ლარამდე. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას.“; 4. 792 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 792. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა „1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) პირობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტება, – გამოიწვევს დაჯარიმებას: - დადგენილ ნორმაზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით; - დადგენილ ნორმაზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში - 15 000 ლარის ოდენობით; - დადგენილ ნორმაზე 10-ჯერ და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვევაში - 45 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას. 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. 3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დასკვნის მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას. 4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დასკვნის მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“; 5. 798 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8 „მუხლი 79 . გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა 1. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტება, – გამოიწვევს დაჯარიმებას: - დადგენილ ნორმაზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში - 5 000 ლარის ოდენობით; - დადგენილ ნორმაზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში - 15 000 ლარის ოდენობით; - დადგენილ ნორმაზე 10-ჯერ და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვევაში - 45 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საქმიანობის განმახორციელებლისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას. 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საქმიანობის განმახორციელებლისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“; 6. 822 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 822. ზედაპირული წყლის ობიექტებისათვის და ხის ნახშირის წარმოებისთვის გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 5. ხის ნახშირის წარმოებისთვის გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა,– გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.“; 7. კოდექსის 84-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 84. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის ორმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 ნაწილები: „31. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რეგულირების ობიექტისთვის ქმედების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული მიწერილობის) შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე ოდენობით. 32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე ოდენობით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის („გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი) შემადგენელ ნაწილს და მიზნად ისახავს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის გათვალისწინებით, შესაბამისი პასუხისმგებლობის დადგენას/გამკაცრებას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სფეროში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, მისი მოქმედება არ გავრცელდება შემთხვევაზე, რომელიც გამოწვეულია დიფუზიური ხასიათის ემისიებით (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება). აღნიშნულიდან გამომდინარე, მთელ რიგ შემთხვევებში (მაგ: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისას), სამართალდამრღვევს დაეკისრება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (შემდგომში - კოდექსი) გათვალისწინებული ჯარიმა (რაც დღესდღებით საკმაოდ დაბალია, რის გამოც არ გააჩნია შემაკავებელი ეფექტი) და აღარ დაეკისრება გარემოზე (მოცემულ შემთხვევაში - ატმოსფერულ ჰაერზე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, იმისთვის, რომ გარემოს სხვა კომპონენტებისთვის (ნიადაგი, წყალი, ბიომრავალფეროვნება) ზიანის მიყენებისთვის „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონით დაწესებული, ზიანის ადეკვატური პასუხისმგებლობის დაწესების მსგავსად, აუცილებელია ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესაბამისი გამკაცრებაც, რისთვისაც საჭიროა ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევებისთვის დაწესდება ადეკვატური სახდელები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი სახის სამართალდარღვევების რეალურ პრევენციას და შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვას და გაუმჯობესებას.   ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილებები შედის კოდექსის შემდეგ მუხლებში: კოდექსს ემატება 761 მუხლი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რისთვისაც სახდელის სახით გათვალისწინებული ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით (განმეორების შემთხვევვაში, შესაბამისად 20000 და 40000 ლარის ოდენობით) კოდექსის 77-ე მუხლის პირველ ნაწილში შედის ცვლილება, რომლის შესაბამისადაც, მუხლის ამ ნაწილით პირი დაჯარიმდება ასევე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების      წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობისთვის, რადგან პრაქტიკაში ხშირია ასეთი შემთხვევები და შესაბამისად საჭიროა ასეთი დარღვევისთვის არესბობდეს შესაბამისი პასუხისმგებლობაც. 77-ე მუხლს ემატება პირველი და მე-2 ნაწილების განმეორებით ჩადენისათვის შესაბამის საჯარიმო სანქციები. მუხლს ასევე, ემატება მე-5 ნაწილი, რომელიც შემუშავდა გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტებისთვის პასუხისმგებლობის ცალკე გამოყოფისა და ამ დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციის შემოღების მიზნით. ცვლილება შედის კოდექსის 78-ე მუხლში და ხდება პირველი ნაწილის შინაარსობრივი გასწორება, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა მხოლოდ აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის სანქციას, რასაც დაემატა სიტყვა - გაუმართაობა. პროექტით მკაცრდება ჯარიმა პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. ამასთან, მუხლს ემატება შესაბამისი ნაწილები სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის. მუხლს ასევე ემატება ახალი ნაწილი აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობისათვის და ამ შემთხვევისათვის საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 10 000-დან 20 000 ლარამდე. კოდექსის 798 მუხლის მოქმედი რედაქციის მე-2 და მე-3 ნაწილები ყალიბდება მუხლის შენიშვნის სახით და სწორდება შინაარსობრივად, 792 მუხლის შენიშვნის მსგავსად. კოდექსის 77-ე და 78-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილება ასევე შედის 792 და 798 მუხლებში (ემატება ახალი ნაწილები), რადგან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტებისათვის ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის, ან/და გაუმართაობისათვის, აგრეთვე ამ მოწყობილობათა გამოუყენებლობისათვის ან უქონლობისთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელებს დაეკისროთ ადექვატური პასუხისმგებლობა (ჯარიმა), რომელიც არ უნდა იყოს 77-ე ან 78-ე მუხლიებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე (ჯარიმაზე) უფრო მსუბუქი. კოდექსის 822 მუხლის დისპოზიცია ზუსტდება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ ზედაპირული წყლის ობიექტებისათვის გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ერთიდაიგივე ქმედება (წყლის ობიექტებთან დაკავშირებით) არ კვალიფიცირდებოდეს კოდექსის ორი სხვადასხვა მუხლით (582, 822). ასევე, განისაზღვრება პასუხისმგებლობა ხის ნახშირის წარმოებისთვის „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე. 84-ე მუხლის (ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 281 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა) სათაური ზუსტდება ამავე კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ახალი რედაქციით ყალიბდება მუხლის პირველი ნაწილიც. ასევე, დამატებით, მუხლს ემატება 31-32 ნაწილები რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტით (ამავე საკანონდებლო პაკეტით წარმოდგენილი ცვლილება) გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგულირების ობიექტისთვის ქმედების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული მიწერილობის) შეუსრულებლობისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია ეტაპობრივად. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი ნაწილის (დგინდება პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის) ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2021 წლის 1 ივნისიდან. აღნიშნული ვადა დადგენილია იმისთვის, რომ მეწარმეებს მიეცეთ საკმარისი დრო შესაბამისი გადაიარაღებისთვის და საკუთარი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის. რაც შეეხება კანონპროექტის დანარჩენ მუხლებს, რომლებითაც ზუსტდება ნორმების დისპოზიციები, ტერმინები და გარკვეული სამართალდარღვევებისთვის მკაცრდება სანქციები - ისინი ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ახალი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევების განმსაზღვრელი ნორმების აღსასრულებლად აუცილებელი არ იქნება ახალი თანამშრომლების აყვანა ან სხვა ადმინისტრაციული ხარჯის გაღება. მათი აღსრულება 2021 წელს მოხდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით უკვე გამოყოფილი სახსრების ფარგლებში. ასევე, მომდევნო წლების (2022-2024) ბიუჯეტებში არ იქნება საჭირო მათ აღსასრულებლად დამატებითი ხარჯების გათვალისწინება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე კანონპროექტით გათვალისწინებული საჯარიმო თანხების დაკისრებაში. კანონპროექტით, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები. მაგალითად, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გაუმართაობა, ხის ნახშირის წარმოებისთვის გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რაც მდგომარეობს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობაში, და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რეგულირების ობიექტისთვის ქმედების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული მიწერილობის) შეუსრულებლობა. კანონპროექტით აგრეთვე იზრდება ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. მაგალითად, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველები) დადგენილი ნორმების გადამეტებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტებისთვის, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევისთვის, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობისთვის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) პირობის დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის და სხვ. ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის დონე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს დაეკისრება ჯარიმა კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევების ჩადენის გამო და რამდენ პირს დაეკისრება კანონპროექტის შესაბამისად გაზრდილი ჯარიმა უკვე არსებული სამართალდარღვევების გამო, ასევე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევვის სახეზე. ამასთან, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის მიახლოებითი განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ გასული ორი წლის სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ: კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობ) 2018 წელს 342-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 408-ჯერ. კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტება, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტება) 2018 წელს 21-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 16-ჯერ. კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა) 2018 წელს 3-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 2-ჯერ. კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა) 2018 და 2019 წლებში თითო-თითოჯერ იქნა ჩადენილი. კოდექსის 792 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევა (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა) 2018 წელს 47-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 89-ჯერ. კოდექსის 798 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევა (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა) 2018 წელს არ ყოფილა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს 25-ჯერ იქნა ჩადენილი. კოდექსის 822 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ კოდექსის 582 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)) 2018 წელს 180-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 150-ჯერ. კოდექსის 822 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით) 2018 წელს 2-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 10-ჯერ. კოდექსის 822 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების მიერ ზღვაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა) 2018 წელს ერთხელ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს არ დაფიქსირებულა. კოდექსის 822 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით) 2018 წელს საერთოდ არ ყოფილა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს ერთხელ იქნა ჩადენილი. კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა) 2018 წელს 7-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 45-ჯერ. კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან (ჯარიმის დაკისრებიდან) ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა) 2018 და 2019 წლებში თითო-თითოჯერ იქნა ჩადენილი. კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 281 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლა) 2018 წელს 30-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 39-ჯერ. კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 281 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნათა შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა)) - 2018 წელს 21-ჯერ იქნა ჩადენილი, ხოლო 2019 წელს - 17-ჯერ. კოდექსის 84-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა (ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით) 2018 და 2019 წლებში თითოთითოჯერ იქნა ჩადენილი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევების განმსაზღვრელი ნორმების აღსასრულებლად საჭირო არ იქნება ახალი თანამშრომლების აყვანა ან სხვა ადმინისტრაციული ხარჯის გაღება. აღნიშნული ნორმების აღსრულება 2021 წელს მოხდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით უკვე გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში, შესაბამისი წლების ბიუჯეტების მიხედვით, დამატებითი დამატებითი ასიგნებების გარშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისთვის, რაც გამოიხატება მათთვის კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებაში. კანონპროექტით, იზრდება არამხოლოდ საჯარიმო სანქციები, არამედ ფართოვდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამონათვალი. ამასთან, აღნიშნული ფინანსური შედეგების სიმძიმე დამოკიდებული იქნება პირების მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის რაოდენობასა და სახეზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევა - გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა, რომლის ჩადენაც გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში იმავე სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევაა აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე სამართალდარღვევის, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობის (რომლის განმეორებით ჩადენისთვის დღეს სანქცია არაა განსაზღვრული) განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველები) დადგენილი ნორმების გადამეტებისათვის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით. კანონპროექტით კი, აღნიშნული ჯარიის ოდენობა იზრდება და, ამასთან, ხდება მისი დიფერენცირება ქმედების შედეგის სიმძიმის მიხედვით. კერძოდ, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველები) დადგენილი ნორმების გადამეტება გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) ხმაურის დონის დადგენილ ნორმაზე 10 დბ-მდე გადამეტების შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 10 დბ და მეტი გადამეტების შემთხვევაში 4000 ლარის ოდენობით; ბ) ელექტრომაგნიტური ველის დადგენილ ნორმაზე 10 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტების შემთხვევაში 2 000 ლარის ოდენობით, 10 მკვტ/სმ 2 -დან 20 მკვტ/სმ 2 -მდე გადამეტების შემთხვევაში 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო 20 მკვტ/სმ 2 და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვევაში 6000 ლარის ოდენობით; გ) ვიბრაციის დონის დადგენილ ნორმაზე გადამეტების შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გადამეტებისთვის დღეს კოდექსით განსაზღვრულია ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით. კანონპროექტის მიხედვით კი, იზრდება აღნიშნული ჯარიმის ოდენობა და ხდება მისი დიფერენცირება ქმედების შედეგის სიმძიმის მიხედვით. კერძოდ, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება გამოიწვევს დაჯარიმებას: დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით; დადგენილზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 15 000 ლარის ოდენობით; დადგენილზე 10-ჯერ და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვეაში 45 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი სახის სამართალდარღვევის - აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გაუმართაობის - შემოღებას, რომლის ჩადენაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 10 000 ლარამდე. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევისთვის დღეს განსაზღვრულია ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე. კანონპროექტით იზრდება აღნიშნული ოდენობა და ამ სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 10 000 ლარამდე. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის დღეს სანქცია განსაზღვრული არ არის. კანონპროექტის თანახმად კი, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ზემოაღნიშნული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. კოდექსის დღევანდელი რედაქციის თანახმად, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა იწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორიათას ლარამდე. კანონპროექტით აღიშნული ოდენობა იზრდება და ამ სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000-დან 15 000 ლარამდე. რაც შეეხება აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სანქციას, კოდექსის დღევანდელი რედაქცია მას არ ითვალისწინებს. ხოლო კანონპროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დასახელებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. კანონპროექტით, კანონს ემატება ახალი სამართალდარღვევა - აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა, რომლის ჩადენაც გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000-დან 20 000 ლარამდე. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დასახელებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. კოდექსის მოქმედი რედაქციით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის გარემოსდაცვითი ნებართვის) ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) პირობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტება, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტით, იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას: დადგენილ ნორმაზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით; დადგენილ ნორმაზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 15 000 ლარის ოდენობით; დადგენილ ნორმაზე 10-ჯერ და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვეაში 45 000 ლარის ოდენობით. კოდექსის მოქედი რედაქციით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტება, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო კანონპროექტის თანახმად, იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას: დადგენილ ნორმაზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით; დადგენილ ნორმაზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 15 000 ლარის ოდენობით; დადგენილ ნორმაზე 10-ჯერ და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვეაში 45 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შემოღებას, კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევა, კერძოდ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რაც მდგომარეობს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ, მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობაში, რომლის ჩადენაც გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევა - ხის ნახშირის წარმოებისთვის გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით, ფინანსური სანქცია მკაცრდება კოდექსის 239-ემუხლის მე-4, 41 ან 281 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობისთვის. კერძოდ, თუკი, დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული სამართალდარღვევა თავდაპირველად იწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას) კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, ხოლო მხოლოდ დადებული ადმინისტრაციული სახდელის (დაკისრებული ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში იწვევს კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა პირველივე ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას, კოდექსის იმ შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის ორმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა. კოდექსს ემატება ახალი სამართადარღვევა, კერძოდ, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რეგულირების ობიექტისთვის ქმედების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული მიწერილობის) შეუსრულებლობა, რომლის ჩადენაც გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000-30 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა - დაჯარიმებას 20 000-60 000 ლარის ოდენობით.“. ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს დაეკისრება ჯარიმა კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი სამართალდარღვევების ჩადენის გამო და რამდენ პირს დაეკისრება კანონპროექტის შესაბამისად გაზრდილი ჯარიმა უკვე არსებული სამართალდარღვევების გამო. კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობები შერჩეულია სამართალდარღვევის შედეგების სიმძიმის მიხედვით და იმგვარად, რომ ჯარიმებმა იქონიონ შესაბამისი, სამართალდარღვევების შემაკავებელი ეფექტი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი, საჯარო გაცნობისთვის, გამოქვეყნებული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე და მიღებული იქნა გარკვეული მოსაზრებები. ასევე, კანონპროექტის მომზადების პროცესში, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყების (მათ შორის ბიზნესომბუდსმენის აპარატის) და საზოგადოებრივი მოძრაობის (ა(ა)იპ „გავიგუდეთ“ (ორგანიზაციის მიზანია ქ. რუსთავში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება) წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.