„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.07.2020
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/501/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-08-31
ბიუროს ნომერი 379

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, ზიანის მიყენებისას განსახორციელებელ ღონისძიებებთან, მათ შორის, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით, ამ კანონის მე-3 მუხლით, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით და 28-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დებულებებისა, არ ვრცელდება: ა) გარემოზე ზიანის მიყენების ან გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ისეთ შემთხვევაზე, რომელიც გამოწვეულია: ა.ა) ფორსმაჟორული სიტუაციით; ა.ბ) შეიარაღებული კონფლიქტით; ა.გ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან/თავდაცვასთან ან/და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედებებით. ბ) შემთხვევაზე, როდესაც შეუძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, რომლის უკანონო ქმედებამაც გარემოზე ზიანის მიყენება გამოიწვია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; გ) კერძო მესაკუთრისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაზე, რაც არ გამორიცხავს კერძო მესაკუთრის უფლებას, კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის მიმყენებლისგან ზიანის ანაზღაურება; დ) შემთხვევაზე, რომელიც გამოწვეულია დიფუზიური ხასიათის ემისიებით (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება); ე) გარემოზე მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული ქმედებით; ვ) ფიზიკური პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა), მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეულ გარემოზე მიყენებულ ზიანზე; ზ) შავ ზღვაზე მცურავი საშუალებიდან ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოზე მიყენებულ ზიანზე; თ) სასარგებლო წიაღისეულზე მიყენებულ ზიანზე; ი) გარემოზე მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ბირთვული და რადიაციული საქმიანობით. 3. თუ პირის უკანონო ქმედებით გარემოს მიადგა ზიანი, თუმცა გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება ამ კანონის დანართი 1-ით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ვ“, “ზ“ და “თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი ვალდებულია გარემოზე მიყენებული ზიანი აანაზღაუროს ფულადი სახით. გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება შემთხვევებზე, რომლებსაც არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, თუ იმავე ხელშეკრულებით სხვა რამ არ გამომდინარეობს. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე, მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესთან და ოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 6. ამ კანონის პრინციპების შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მართვას, რეგულირებას და კონტროლს, რომელიც უკავშირდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ საქმიანობას, ახორციელებს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარემო – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს; ბ) ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს; გ) გარემოზე მიყენებული ზიანი (შემდგომში - ზიანი) – სამრეწველო ავარიის ან/და ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების შედეგად გარემოზე მიყენებული უარყოფითი ზემოქმედება. ზიანად არ ჩაითვლება გარემოზე მიყენებული ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული და აღნიშნულ ქმედებაზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ, გაცემული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ან თანხმობა; დ) სამრეწველო ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების (ნივთიერებების) გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია ობიექტზე ტექნოლოგიური (საწარმოო) პროცესების უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს, როგორც ობიექტის შიგნით, ისე მის გარეთ; ე) ფორსმაჟორული სიტუაცია – კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენა (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა მსგავსი მოვლენა), აგრეთვე ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი კატასტროფით; ვ) გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი (შემდგომში - მნიშვნელოვანი ზიანი) – გარემოზე მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ და გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება ამ კანონის დანართი 1-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ზ) ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე - საკმარისი ალბათობა, რომ გარემოს ახლო მომავალში ზიანი მიადგება; თ) მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა - თუ მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია ამ კანონის დანართი-2-ით გათვალისწინებული საქმიანობიდან გამომდინარე ან აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით, საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა მიუხედავად მისი ბრალეულობისა. აღნიშნულ შემთხვევაში პირს ეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და ამ მიზნით ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ბრალეულობის დამტკიცება საჭირო არ არის; ი) საკომპენსაციო გამასწორებელი ღონისძიება - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შუალედური დანაკარგების კომპენსაცია, რომელსაც ადგილი აქვს მნიშვნელოვანი ზიანის დადგომიდან გამასწორებელი ღონისძიებების სრული ეფექტის მიღწევამდე; კ) გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამა - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 452 მუხლით განსაზღვრული, გარემოზე ზიანის პრევენციის, დაზიანებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების და გარემოს კვლევის ღონისძიებების დაფინანსება; ლ) გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისია - საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში აკუმულირებული თანხების ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, ასევე, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა რეკომენდაციების მიღებას; მ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი; ნ) დაინტერესებული პირი - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დაინტერესებული მხარე (მათ შორის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები); ო) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პ) მინისტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჟ) სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო; რ) დეპარტამენტი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ს) საბაზისო მდგომარეობა - გარემოზე ზიანის მიყენების მომენტში ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანი, რაც ფასდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე. თავი II ძირითადი დებულებები მუხლი 4. მნიშვნელოვანი ზიანის პრევენცია 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: ა) გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება მნიშვნელოვანი ზიანის პრევენცია/შერბილებისთვის. ბ) თუ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიების გატარების მიუხედავად მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე ლიკვიდირებული არ არის, საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით; 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ (მათ შორის ნებისმიერი პირის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე) საქმიანობის განმახორციელებელ პირს მოთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია ასეთ საფრთხესთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დადასტურდება მნიშვნელოვანი ზიანის გარდაუვალი საფრთხის არსებობა, დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს: ა) მოთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება; ბ) მისცეს რეკომენდაციები, მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. 4. საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობისთვის ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 5. მნიშვნელოვანი ზიანის პრევენციის/შერბილების ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს დეპარტამენტი. 6. თუ საქმიანობის განმახორციელებელი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიას, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. 7. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამიდან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაღებული ხარჯები. აღნიშნული თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მუხლი 5. ზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) განახორციელოს საჭირო ღონისძიება ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად. გადადგას ყველა განხორციელებადი ნაბიჯი შესაბამისი დამაბინძურებლების ან/და ზიანის მიყენების სხვა ფაქტორების დაუყოვნებლივი კონტროლის, შეკავების, მოცილების ან სხვაგვარად მართვის მიზნით, იმისთვის, რომ შემცირდეს ან აღმოიფხვრას შემდგომი ზიანი ან უარყოფითი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოს შემდგომი გაუარესება; გ) აანაზღაუროს ზიანი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში - ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებით; დ) საკუთარი ხარჯებით და პასუხისმგებლობით განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებები; ე) აანაზღაუროს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები; ვ) მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების დადგენილი წესით შეთანხმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართოს მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების 2%, ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა, გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხორციელების საერთო ვადაში პროპორციულად განწილვადებული, ზემოაღნიშნულ ანგარიშზე მიმართოს ყოველთვიურად. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს: ა) მოსთხოვოს ინფორმაცია ზიანის შესახებ; ბ) მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ან/და განუსაზღვროს სავალდებულოდ შესასრულებელი ღონისძიებები. გ) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელება ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად; დ) მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მუხლი 6. ზიანის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეპარტამენტი აფასებს, სახეზეა ზიანი, თუ მნიშვნელოვანი ზიანი. 2. მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილია ამ კანონის დანართი 1-ით. 3. ზიანის შეფასებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტები ან შეისყიდოს შესაბამისი საექსპერტო მომსახურება. 4. გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტი იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღის ვადაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დეპარტამენტი, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დეპარტამენტი ამ მუხლის მე-6 ან/და მე-7 პუნქტების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 6. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. თუ მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია ამ კანონის დანართი 2-ით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად. 8. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელია რამდენიმე პირი, მათ დაეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა. მუხლი 7. მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებები 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება გულისხმობს პირის ვალდებულებას, განახორციელოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებები, შემდეგი აუცილებელი რიგითობით: ა) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე) მდგომარეობაში აღგენა; ბ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა; გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განხორციელება. 2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს დადგენილი წესით მის მიერ შემუშავებული და სააგენტოსთან შეთანხმებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს მათ შორის საკომპენსაციო გამასწორებელ ღონისძიებებსაც. 3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული გეგმების შემუშავებასა და გამასწორებელ ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით და პასუხისმგებლობით. 4. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებს და ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 8. მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრა 1. მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის დროს პირველ რიგში უნდა დადგინდეს, არის თუ არა შესაძლებელი დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. 2. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადებში და აღნიშნული არ არის დაკავშირებული არათანაზომიერ ხარჯებთან, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება. 3. თუ დადგინდება, რომ შეუძლებელია დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ან აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია გონივრულ ვადებში ან დაკავშირებულია არათანაზომიერ ხარჯებთან, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება. 4. თუ დადგინდება, რომ შეუძლებელია დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადებში ან დაკავშირებულია არათანაზომიერ ხარჯებთან, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. 5. დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან: ა) არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ; ბ) არაუგვიანეს 180 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლის შესაბამისად, სააგენტოს წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (ღონისძიებების ჩამონათვალით და მათი განხორციელების ვადებით). მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს თან უნდა ერთვოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 6. მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების ამავე პუნქტებით დადგენილი რიგითობის დასაბუთებას. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთება ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, რაც გულისხმობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების გამოყენების საჭიროებას. 8. ამ მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე დროს, თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი არ ასრულებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის “ბ“ ქვეპუქტით ან მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიას, მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 9. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში არსებული ასიგნების ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის, ასევე ამ ღონისძიებების შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიის რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ღონისძიებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე. 10. მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. მუხლი 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განსაზღვრა 1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომში - სანაცვლო გამასწორებელი ღონისძიებების კომისია). 2. სააგენტო, წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, იხილავს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას და თანხმობის შემთხვევაში წარუდგენს სანაცვლო გამასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც განსაზღვრავს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელ სანაცვლო/ადექვატურ ღონისძიებებს. 3. სანაცვლო გამასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებები სააგენტოს მიერ წარედგინება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ვალდებულია, მისი ჩაბარებიდან 180 კალენდარებული დღის ვადაში, სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (ღონისძიებების ჩამონათვალით და მათი განხორციელების ვადებით). ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს თან უნდა ერთვოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტრებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 4. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა უბრუნდება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ვალდებულია წარმოადგინოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების დაცვით. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე დროს, თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი არ ასრულებს ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიას, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 6. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში შესაბამისი თანხების არსებობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის, ასევე ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. 7. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. 8. სანაცვლო გამასწორებელი ღონისძიებების კომისიის შემადგენლობა, ასევე, კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გაწყვეტილების მიღების წესი დგინდება კომისიის დებულებით, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების შერჩევის წესს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ადგენს საქართველოს მთავრობა. მუხლი 10. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სააგენტო ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს, მისი სააგენტოში წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, განათავსებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ ვებგვერდზე წერილობით ან/და მატერიალურად წარმოდგენილ მოსაზრებებს/შენიშვნებს. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს/მოსაზრებებს უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს, მათი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ასახვის მიზნით. 3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნების/მოსაზრებების მიღებიდან (ჩაბარებიდან) 45 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა. 4. გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმის სააგენტოში წარდგენის ვადის ამოწურვამდე სააგენტოში წარმოადგინოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის შესაბამისი დასაბუთება, რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე. 5. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ორგანო. მუხლის 11. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეთანხმება და მასში ცვლილების შეტანა 1. სააგენტო ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს მისი სააგენტოში წარდგენიდან 120 კალენდარული დღის ვადაში. სააგენტოსთან შეთანხმებული გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. 2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს შუამდგომლობით, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული ღონისძიების შეცვლის თაობაზე. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ შეთანხმებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულება ვერ უზრუნველყოფს ზიანის გამოსწორებას ან/და ამ ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა აუცილებელი და ეფექტიანია ზიანის გამოსწორების თვალსაზრისით ან წარმოიშვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რაც განაპირობებს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის საჭიროებას. 3. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სავალდებულოა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება. 4. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 60 კალენდარეული დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩერდება იმ გამასწორებელი ღონისძიების შესრულების ვადის დინება, რომლის შეცვლაც არის მოთხოვნილი. 5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიების გეგმის განხილვისთვის, ასევე მასში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვისა და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების გამოყენების საჭიროების განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურება. ხარჯების გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 12. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების შესრულება და ზედამხედველობა 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გამასწორებელი ღონისძიებები შეასრულოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. 2. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს დეპარტამენტი. 3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეუსრულებლობისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13. გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფა 1. ამ კანონის დანართი 2-ით გათვალისწინებული, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, საქმიანობის დაწყებისთანავე გააჩნდეს შესაბამისი გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება. 2. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ადგენს საქართველოს მთავრობა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება არ ვრცელდება საბიუჯეტო დაწესებულებებზე. მუხლი 14. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის მიზანი და სახსრების განკარგვა 1. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამისძირითადი მიზნებია: ა) ზიანის პრევენცია; ბ) გარემოს მდგომარეობის აღდგენა; გ) გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) გარემოს კვლევა. 2. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის სახსრებს განკარგავს სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. 3. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“, “ბ“, „დ“ და “ე“ – “თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს და ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 4. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიის შემადგენლობა და კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 15. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის დაფინანსების წყარო 1. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ე“ და “ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხები, ასევე, გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მუხლი 16. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიებების შესრულება და ზედამხედველობა გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, დგინდება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი (გარდა დეპარტამენტისა) ან/და ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო. აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიების მომსახურების შესყიდვა. თავი III ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუხლი 17. გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა გარემოზე ზიანის გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. მუხლი 18. დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. მუხლი 19. ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე. მუხლი 20. გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე. მუხლი 21. ამ კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. მუხლი 22. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა 1. გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე. მუხლი 23. გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე. მუხლი 24. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. მუხლი 25. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მისი აღმოფხვრის თაობაზე სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლის ან მუხლის პუნქტის მაქსიმალური სანქციის ორმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა. 2. ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლის ან მუხლის პუნქტის მაქსიმალური სანქციის ოთხმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. მუხლი 26. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის მე-17-24-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაორმაგებას. 3. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს ამ კანონით დადგენილი ვალდებულებისაგან. 4. ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს დეპარტამენტი. 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 6. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში. მუხლი 27. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 1. გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. 2. პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 28. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის ამოქმედებამდე პირის უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოზე მიყენებული ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით, ხოლო თუ ამ კანონის ამოქმედებამდე, უკანონო ქმედებით გარემოზე მიყენებული ზიანისათვის პირს ჯერ არ დაკისრებია გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია 2022 წლის პირველ ივლისამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოითხოვოს ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან/და მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება. 2. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, იგი კარგავს უფლებას აანაზღაუროს გარემოზე მიყენებული ზიანი ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. 3. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, ზიანის შეფასება და შესაბამისად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან/და მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და ამ კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კანონის დანართი 2-ით გათვალისწინებული გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომლის საქმიანობა დაწყებულია 2023 წლის პირველ იანვრამდე, ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოეშობა 2023 წლის პირველი იანვრიდან. მუხლი 29. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ნორმატიული აქტები და გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2022 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების შესახებ“. 2. საქართველოს მთავრობამ: ა) 2022 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება: ა.ა) „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“; ა.ბ) „გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“; ა.გ) „გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“. ა.დ) „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“. ბ) 2023 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ“. 3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საშიში ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №40(47) 11.08.1999). 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წლის პირველი ივნისიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნის ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოცხადების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 30. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-13, 29-ე და 30-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანართი 1 მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები 1. ბიომრავალფეროვნება: ა) განადგურდა ან იმგვარად დაზიანდა, რომ წარმოიქმნა განადგურების საფრთხე, საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ შემდეგ კატეგორიაში შემავალი 1 (ერთი) ინდივიდი მაინც: ა.ა) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი - EN (Endangered); ა.ბ) გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი - CR (Critically Endangered); ა.გ) გადაშენებული ეროვნულ დონეზე - RE (Regionally extinct); ბ) ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციით (ბერნის კონვენცია) მკაცრად დაცული სახეობის: ბ.ა) 1 ინდივიდი მაინც განადგურდა ან იმგვარად დაზიანდა, რომ წარმოიქმნა მისი განადგურების საფრთხე და ამავდროულად ეს ინდივიდი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, შემდეგ კატეგორიებში; გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი - EN (Endangered); გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი - CR (Critically Endangered); გადაშენებული ეროვნულ დონეზე - RE (Regionally extinct); ბ.ბ) სხვა დანარჩენი სახეობების ინდივიდები განადგურდა, ან იმგვარად დაზიანდა, რომ განადგურების საფრთხე შეექმნა მათ ეროვნულ, ან ადგილობრივ პოპულაციებს; გ) სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის მთლიანი ან ნაწილობრივი (ფართობის 0,1 %-ზე მეტი) განადგურება, რამაც მას დაუკარგა შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება; დ) ზურმუხტის ან/და რამსარის ტერიტორიას მიადგა ისეთი ზიანი, რამაც მას დაუკარგა შექმნის მიზანი ან/და დანიშნულება; 2. მიწა: ა) 500 კვ.მ და მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაბინძურების დონე ორჯერ ან მეტჯერ აღემატება საბაზისო მდგომარეობას ან სრულად დეგრადირებულია; ბ) დაბინძურებული (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების - 1500 კვ.მ. ან მეტი ფართობი; გ) დაბინძურებული (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მიწების - 500 კვ.მ ან მეტი ფართობი; დ) დაბინძურებულია (დაბინძურების დონე აღემატება საბაზისო მდგომარეობას) ან/და დეგრადირებულია ზურმუხტის, რამსარის ან/და ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე არსებული მიწების - 250 კვ.მ ან მეტი ფართობი. 3. წყალი: ა) განხორციელდა ზედაპირული წყლის ობიექტის დაშრეტა, ხოლო მდინარის დაშრეტის შემთხვევაში, მინიმუმ - მდინარის კალაპოტის 500 მეტრის მანძილზე; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში დამაბინძურებელ ნივთიერებათა რაოდენობა 10-ჯერ და მეტად აღემატება დადგენილ ნორმებს. დანართი 2 გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები 1. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პირველი დანართით განსაზღვრული საქმიანობები; 2. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მეორე დანართით განსაზღვრული საქმიანობები, რომლებიც ამავე კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურის შედეგად დაექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; 4. „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა; 5. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომელიც შედის ,,ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის N32 დადგენილების რეგულირების სფეროში; 6. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომელიც შედის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის N263 ბრძანების რეგულირების სფეროში; 7. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა; 8. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 306-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება წინამდებარე შეთანხმების XXVI დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან. კერძოდ კი, ქვეყანა ვალდებულია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით განსაზღვროს კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებზე, ამავდროულად, შექმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრის მიზნით, შემოიღოს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირება, იმ საქმიანობებისათვის, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნული დირექტივის №3 დანართში, დააწესოს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისათვის კონკრეტული ვალდებულებები ზიანის პრევენციის/შერბილების/აღმოფხვრისათვის და უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესებში. სწორედ აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემუშავდა ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მეორეს მხრივ, სწორი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გარემოსდაცვითი მმართველობის შექმნის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. კანონპროექტით, იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, არამედ ყველა საწარმოსათვის, რომ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ განახორციელონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებები და საქმიანობის განხორციელებამდე შექმნან მყარი ფინანსური გარანტიები, რომ თუკი ზიანი დადგება, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები მობილიზებული ამ ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ამავდროულად, კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, პირველ რიგში, გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, რომ მან უზრუნველყოს ზიანის პრევენცია/შერბილება, ამისათვის გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები, შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი) და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ ზიანი არ დადგეს და თავიდან იქნეს აცილებული. თუმცა, თუკი საქმიანობის შედეგად, გარემოზე ზიანის მიმყენებელი პირის უკანონო ქმედებით, გარემოს მაინც მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, პირი ვალდებული იქნება შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები, რომელიც გაწერილი იქნება ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირისათვის. მსგავსი მიდგომა არსებობს ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამავდროულად, ამავე კანონპროექტით გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის შექმნა, რომლის მიზანი იქნება ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა, ასევე ისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს კვლევა. მსგავსი ტიპის გარემოსდაცვითი პროგრამები (ზოგან - ფონდები) არსებობს პოლონეთში, კანადაში, სლოვენიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში და მათ მიზანსაც სწორედ დაზიანებული გარემოს აღსადგენად განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება წარმოადგენს. ამავე კანონპროექტით განისაზღვრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხები და ჯარიმათა ოდენობები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უკანონო ქმედება, რომლისთვისაც გარემოს მიადგა ზიანი ადმინისტრაციული წესით, საკმაოდ მაღალი სანქციებით არის დასჯადი, რათა საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს გააჩნდეთ მაღალი პასუხისმგებლობა და საქმიანობა წარმართონ გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა. მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ კი ,,ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილება აგებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. ასევე, როგორც ცნობილია, გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არ აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, რომ კონკრეტულად მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას. მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, წარმოდგენილ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება გადაიხადოს არა თანხა, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ზიანის თანხა მთლიანად მოხმარდება ამ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის არსიც სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად არის ვალდებული გამოასწოროს ეს ზიანი და ასევე ამ ზიანის გასწიოს შესაბამისი ხარჯები. გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირზე. თუმცა, კანონის პროექტი განსხვავებულ წესს ადგენს ფიზიკურ პირის (“გარდა მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეულ გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში. კანონპროექტი ასევე განსხვავებულ წესს ადგენს წიაღზე ზიანის მიყენების შემთხვევებისთვის და შავ ზღვაზე მცურავი საშუალებიდან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოზე მიყენებულ ზიანზე. აღნიშნულ შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ეფუძნება, როგორც ეს ასევე დირექტივითაც არის განსაზღვრული, საქმიანობიდან გამომდინარე ზიანს და შესაბამისად, უკავშირდება ზიანის კონკრეტულ მასშტაბებს. ნებისმიერი ერთჯერადი ქმედების შედეგად ფიზიკური პირისათვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისად, კონკრეტული გამასწორებელი ღონისძიებების დაკისრება, პრაქტიკაში არააღსრულებადი იქნებოდა. რაც შეეხება წიაღზე მიყენებული ზიანს - მისი აღდგენა, პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნულ შემთხვევაში ზიანის ფულადი ანაზღაურების დატოვება. ზიანის ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიიმართება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში, ხოლო პროგრამაში აკუმულირებული თანხები კი მიზნობრივად მოხმარდება გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულების დატოვების მიზეზს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ ასეთი ზიანის შემთხვევაში პრაქტიკაში არააღსრულებადი იქნება ტვირთის გადამზიდავი პირებისათვის იმ ღონისძიებების განხორციელების ვალდებულების დაკისრება რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილი კანონპროექტით, რადგან გამასწორებელი ღონისძიებების გეგმა შესაძლებელია ითვალისწინებდეს დროში გაწერილი რიგი განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას, რასაც შესაძლებელია უმეტეს შემთხვევაში დასჭირდეს არაერთი კვირა თუ თვე, შესაძლებელია წელიც. გამომდინარე აღნიშნულიდან ამ შემთხვევაშიც მიზანშეწონილად ჩაითვალა გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულების დატოვება, აღნიშნული თანხები ამ შემთხვევაშიც მიმართული იქნება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში და მიზნობრივად მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას. კანონპროექტი, ისევე როგორც დირექტივა, ერთმანეთისგან ანსხვავებს „გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“ და „მკაცრ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“. მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც ახორციელებს გარემოსთვის განსაკუთრებით საშიშ საქმიანობას და მისი საქმიანობიდან გამომდინარე გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ასეთ დროს პირს დაეკისრება გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება მაშინაც, თუ ზიანი დადგა მისი ბრალეულობის გარეშე. აღნიშნული გამოდინარეობს დირექტივის მოთხოვნიდან. ამავე დროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს პასუხისმგებლობას ბრალის გარეშე (კარი III დელიქტური ვალდებულებანი. მაგალითისათვის, მუხლი 1000. „პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის“; მუხლი 999. „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება“). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეული იქნება გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში (ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმო ან საქმიანობა) საქმიანობიდან გამომდინარე, ან აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით, ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება ასეთი მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელს. კანონპროექტით მნიშვნელოვანი ზიანი განმარტებულია, როგორც გარემოზე, კერძოდ, ბიომრავალფეროვნებაზე ან/და მიწაზე ან/და წყლის ობიექტზე მიყენებული ისეთი ზიანი, რომელიც გამოწვეულია პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რა დროსაც აუცილებელია გარემოს დაზიანების დონე შეესაბამებოდეს კანონპროექტის დანართი 1-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის პროექტის მიზანს და იმ პრინციპს, რომელზეც აგებულია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემა. კერძოდ, კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი წარმოადგენს გარემოს დაცვის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გულისხმობს ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის ვალდებულებას, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი შემარბილებელი და გამასწორებელი ღონისძიებები და გაიღოს შესაბამისი ხარჯები ან/და აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე არის აგებულია მთლიანად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივა და გამომდინარეობს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 191-ე მუხლის მე2 პუნქტიდან. კანონპროექტის მე-2 მუხლის განსაზღვრავს კანონის რეგულირების სფეროს და განსაზღვრავს გარემოზე ზიანის მიყენების იმ შემთხვევებს, რომლებზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება. კანონპროექტის მე-3 მუხლში მოცემულია ტერმინთა განმარტებანი. კანონპროექტის მე-4 მუხლი არეგულირებს ზიანის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზიანის პრევენციის საკითხებს. შესაბამისად კანონის პროექტს შემოაქვს კიდევ ერთი ახალი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გარდაუვალი ზიანის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ასეთი ზიანის დადგომის თავიდან აცილებას ან შერბილებას. აღნიშნული მექანიზმის ამოქმედების შედეგად შემცირდება გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევები. ზიანის პრევენციის მექანიზმი ხელს შეუწყობს საქმიანობის განმახორციელებლებს წინასწარ შეაფასონ გარემოსდაცვითი რისკები და მართონ იმგვარად, რომ თავიდან აიცილონ ზიანის დადგომა. ზიანის პრევენციის მექანიზმი ასევე შეამცირებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გასაწევ ხარჯებს, რადგან პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, დიდი ალბათობით ზიანი აღარ უნდა დადგეს და საქმიანობის განმახორციელებელს აღარ მოუწევს დამდგარი ზიანის აღდგენის ღონისძიებების გატარება. ცხადია, პრევენციის მექანიზმი არ გამორიცხავს ზიანის დადგომის შემთხვევებსაც, თუმცა ცალსახად უნდა შეამციროს მათი ოდენობა. ზიანის პრევენციის მექანიზმი ავალდებულებს საქმიანობის განმახორციელებელს, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტს და გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება ზიანის შერბილებისთვის/პრევენციისთვის. დეპარტამენტი, თავის მხრივ, უფლებამოსილი იქნება საქმიანობის განმახორციელებს მოსთხოვოს ინფორმაცია საფრთხესთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებელი თავად არ განსაზღვრავს პრევენციულ ღონისძიებებს ან განსაზღვრული ღონისძიებები არ იქნება სათანადოდ, დეპარტამენტი თავად განუსაზღვრავს მას შესასრულებლად სავალდებულო ღონისძიებებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განმახორციელებელი არ შეასრულებს პრევენციულ ღონისძიებებს, დეპარტამენტს ასევე უფლება ექნება მოსთხოვოს მას შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. ზემოაღნიშნული ღონისძიებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. თუ საქმიანობის განმახორციელებელი ზიანის პრევენციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიას, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამიდან აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაღებული ხარჯები. აღნიშნული თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. კანონპროექტი მე-5 მუხლი ეხება უკვე დამდგარ მნიშვნელოვან ზიანს. ამ დროს საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებული იქნება ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, გაატაროს საჭირო ღონისძიებები ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად და დადგენილი წესით განახორციელოს გამასწორებელი ღონისძიებები. გამასწორებელი ღონისძიებების დადგენილი წესით შეთანხმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, მიმართოს მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების 2%, ან იგივე თანხა, განწილვადებით, პროპორციულად - გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხორციელების საერთო ვადაში, ზემოაღნიშნულ ანგარიშზე მიმართოს ყოველთვიურად. ამავდროულად, ზიანის დადგომის შემთხვევაში დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება გამოითხოვოს ინფორმაცია საქმიანობის განმახორციელებლისგან, მოსთხოვოს მას ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად საჭირო აუცილებელი (გადაუდებელი) ღონისძიებებისა და გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელება. კანონპროექტის მე-6 მუხლი განსაზღვრავს გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების წესებს. ზიანის დადგომის შემთხვევაში დეპარტამენტი აფასებს სახეზეა ზიანი თუ მნიშვნელოვანი ზიანი და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმებს ადგენს წარმოდგენილი კანონის პროექტის დანართი 1 - სადაც დეტალურად არის გაწერილი რა ჩაითვლება ბიომრავალფეროვნებაზე, მიწაზე, და წყალზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებად. იმ შემთხვევაში, თუ პირი ექცევა მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ქვეშ, მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კანონპროექტის შესაბამისად ეკისრება მიუხედავად მისი ბრალეულობისა. შესაბამისად, მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება ზიანის შეფასების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო სხვა შემთხვევებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ. კანონპროექტის მე-7 და მე-8 მუხლები ადგენენ გამასწორებელი ღონისძიებების სახეებსა და მათი განსაზღვრის წესს. გამასწორებელი ღონისძიებებია: გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე) მდგომარეობაში აღგენა, გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე სანაცვლო/ადექვატური გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელება. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია უნდა განხორციელდეს გარემოს პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე სანაცვლო/ადექვატური გამასწორებელი ღონისძიებები. ამ პრინციპებზე და რიგითობაზე არის დამყარებული დირექტივის მოთხოვნები, შესაბამისად, კანონპროექტიც განსაზღვრავს იმავე აუცილებელ რიგითობას, როგორც ეს დირექტივაშია მოცემული. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იქნება, ზიანის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (ღონისძიებების ჩამონათვალით და მათი განხორციელების ვადებით). აღნიშნულ პროექტს თან უნდა ერთვოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტრებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია განახორციელოს სანაცვლო/ადექვატური გამასწორებელი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირი ვალდებულია 60 კალენდარული დღის ვადაში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს დასაბუთება, რომელიც დაადასტურებს, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია, რაც წარმოშობს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების გამოყენების საჭიროებას. გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის წარმოდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე დროს თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი არ ასრულებს ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიას, გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის თაობაზე რეკომენდაციის მისაღებად, ხოლო რეკომენდაცია, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება სამინისტროს. გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავების ხარჯები დაეკისრება ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში არსებული ასიგნების ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის, ასევე ამ ღონისძიებების შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე. გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის კომისიის რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ღონისძიებისთვის შესაბამისი დაფინანსების განსაზღვრის თაობაზე. მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. კანონპროექტის მე-9 მუხლი ადგენს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განსაზღვრის პროცედურებს. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია. კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ ან სხვა ტერიტორიაზე ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებები წარედგინება ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ვალდებულია მისი ჩაბარებიდან 180 კალენდარებული დღის ვადაში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმა (ღონისძიებების ჩამონათვალით და მათი განხორციელების ვადებით). ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს თან უნდა ერთვოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტრებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. კანონპროექტის მე-10 მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს გამასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში. ამ მიზნით სააგენტო ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს, მისი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, განათავსებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წერილობით წარმოდგენილ მოსაზრებებს/შენიშვნებს. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს/მოსაზრებებს უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს მათი ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ასახვის მიზნით. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს/მოსაზრებების მიღებიდან (ჩაბარებიდან) 45 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა. გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გამასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმის სააგენტოში წარდგენის ვადის ამოწურვამდე სააგენტოში წარმოადგინოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის შესაბამისი დასაბუთება, რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე. კანონპროექტის მე-11-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმას იხილავს და ითანხმებს სააგენტოში წარდგენიდან 120 კალენდარული დღის ვადაში. სააგენტოსთან შეთანხმებული გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს შუამდგომლობით ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული ღონისძიების შეცვლის თაობაზე. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომ შეთანხმებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულება ვერ უზრუნველყოფს ზიანის გამოსწორებას ან/და ამ ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლა აუცილებელი და ეფექტიანია ზიანის გამოსწორების თვალსაზრისით ან წარმოიშვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რაც განაპირობებს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის საჭიროებას. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება სავალდებულოა. ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყეტილებას სააგენტო იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 60 კალენდარეული დღის ვადაში. ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩერდება იმ გამასწორებელი ღონისძიების შესრულების ვადის დინება, რომლის შეცვლაც არის მოთხოვნილი. ამავე დროს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიების გეგმის განხილვისთვის, ასევე მასში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვისა და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამასწორებელი სანაცვლო/ადექვატური ღონისძიებების გამოყენების საჭიროების განხილვისთვის, სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურება. ხარჯების გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. კანონპროექტის მე-12 მუხლი შესაბამისად გამასწორებელი ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეუსრულებლობისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონპროექტის მე-13 მუხლს შემოაქვს გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ დირექტივა იძლევა შესაძლებლობას ქვეყნებმა შექმნან სხვადასხვა სახის ფინანსური გარანტიები (დაზღვევა, საბანკო გარანტია და სხვ.), იმისთვის, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი რისკის დაზღვევა. გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაზღვევა ფართოდ არის გავრცელებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. კანონპროექტის დანართი 2-ით გათვალისწინებული გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობებისათვის კანონპროექტის მე-13 მუხლი განსაზღვრავს გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულებას. თუმცა ამავდროულად, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კერძო სექტორსა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფას სავალდებულო ხასიათი ექნება აუცილებელია, რომ ამ მექანიზმის ამოქმედებამდე დაწესდეს გარდამავალი პერიოდი, რა დროსაც მოხდება არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გამოწვევების წინასწარი შესწავლა და შეფასება, ასევე გაიმართება კონსულტაციები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ჩამოყალიბდეს სწორი და გამართული სისტემა, რომელიც შემდგომ პრაქტიკაში გამოყენებადი და ეფექტიანი იქნება. შესაბამისად, აღნიშნული შესწავლისა და კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მთავრობას დაევალება 2023 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი „გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ“. კანონპროექტის მე-14-მე-16 მუხლებით რეგულირდება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები. ეკოლოგიური/გარემოსდაცვითი პროგრამები (ზოგან ფონდები) ფართოდ არის გავრცელებული როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, სლოვენია, მოლდოვა, კანადა). ასეთი ინსტიტუციები სხვადასხვა სახით არსებობს (როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე, ცალკე ანგარიშის სახით) და ძირითად მიზანს წარმოადგენს მოახდინოს შესაბამისი გარემოსდაცვითი მიზნების უზრუნველსაყოფად, სახსრების აკუმულირება და მათი გამოყოფა სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად. ასეთი პროგრამებიდან ფინანსდება გარემოზე მიყენებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებები (მათ შორის, ხდება ისტორიულად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა). აკუმულირებული თანხები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გარემოზე ზიანის პრევენციისთვის, გარემოს მდგომარეობის აღდგენისთვის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ა.შ. კანონპროექტის მე-17-26-ე მუხლები განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და ადმინისტრაციული წარმოების წესს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, როგორიც არის ზიანის პრევენციის/შერბილებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა, გამასწორებელი ღონისძიებების შეუსრულებლობა და ა.შ. ჯარიმის თანხები განისაზღვრება იმგვარად, რომ სახდელებს ჰქონდეს რეალური და შემაკავებელი ეფექტი. კანონპროექტის 27-ე მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხებს და აკეთებს მითითებას სისხლის სამართლის კოდექსზე. კანონპროექტის 28-ე მუხლის შესაბამისად - ამ კანონის ამოქმედებამდე პირის უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოზე მიყენებული ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით, ხოლო თუ ამ კანონის ამოქმედებამდე, უკანონო ქმედებით გარემოზე მიყენებული ზიანისათვის პირს ჯერ არ დაკისრებია გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი უფლებამოსილია მიმართოს დეპარტამენტს და მოითხოვოს ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან/და მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ პირი გამოიყენებს მის ამ უფლებამოსილებას, იგი კარგავს უფლებას აანაზღაუროს გარემოზე მიყენებული ზიანი ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით. აღნიშნულ შემთხვევაში ზიანის შეფასება და შესაბამისად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან/და მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და ამ კანონით დადგენილი წესით. კანონპროექტის 29-ე მუხლი განსაზღვრავს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს და გასატარებელ ღონისძიებებს. კანონპროექტის 30-ე მუხლი განსაზღვრავს კანონის ამოქმედების ვადებს. კანონოპროექტის დანართი 1-ით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრის კრიტერიუმები ბიომრავალფეროვნებისთვის, მიწისა და წყლისთვის. კანონპროექტის დანართი 2-ში მოცემულია გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების ნუსხა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N382 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 148 პუნქტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი, გარდა მე-13, 29-ე და 30-ე მუხლებისა, ძალაში შედის 2022 წლის პირველი იანვრიდან. მე-13 მუხლი (რომელიც ეხება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას) ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 29-ე მუხლი (კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ნორმატიული აქტები და გასატარებელი ღონისძიებები) და 30-ე მუხლი (კანონის ამოქმედება) - გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2022 წლის 1 იანვრის შერჩევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა და საკმარისი დრო, კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მოახდინონ შესაბამისი ადაპტირება. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტით ყალიბდება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემა, რომლის შექმნას ჭირდება გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გატარება, რაც ასევე დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით, გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისთვის მონეტარული ანაზღაურება ნაწილობრივ იცვლება გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებით. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები ჩაირიცხება გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამაში და მოხმარდება სხვადასხვა გარემოსდაცვითი მიზნების (პირველყოვლისა - დაზიანებული ტერიტორიების გამოსწორების, აღდგენა/გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით ხშირ შემთხვევაში ზიანის თანხების ამოღება და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა ვერ ხერხდება. მაგალითად, 2016 წლის მონაცემების მიხედვით, დაანგარიშებული გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა შეადგენდა 10 429 869.06 ლარს, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია მხოლოდ 487 210.87 ლარი, 2017 წელს დაანგარიშებული გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა შეადგენდა 8 873 722.66 ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტში კი გადახდილია 806657.07 ლარი. 2018 წლის მონაცემების თანახმად, დაანგარიშებული გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა შეადგენდა 10 029 929,4 ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტში კი გადახდილია 830 896,1 ლარი. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ აღნიშნული თანხებიც საბოლოოდ მიიმართებოდა არა უშუალოდ დაზიანებული გარემოს გამოსასწორებლად, არამედ ბიუჯეტის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად. შესაბამისად, დაზიანებული ტერიტორია, გარემო რჩებოდა დაზიანებულ მდგომარეობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოყვანილი სტატისტიკა ასევე მეტყველებს მოქმედი სისტემის არაეფექტიანობაზე. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა იქონიებს ასევე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტსა და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში ახალი თანამშრომლების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის კუთხით. ამასთან, კანონპროექტი ადგენს ჯარიმების რაოდენობას შემდეგ სამართალდარღვევებზე: გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კანონით გათვალისწინებული თანხების ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა, გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, აღნიშნული გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას, რაც დამოკიდებულია სამართალდარღვევის ოდენობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში. აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან სასამართლოში მიმართვიანობის ზრდის შემთხვევაში გაიზრდება ამ მიმართულებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთანავე, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამიდან აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაღებული ხარჯები. აღნიშნული თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, იმისთვის, რომ კანონპროექტით დადგენილმა რეგულაციებმა პრაქტიკაში განხორციელება ჰპოვოს, აუცილებელია სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაძლიერება ადამიანური რესურსებითა და მატერიალურ ტექნიკური ბაზით. კანონპროექტის შესაბამისად, სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იქნება პასუხისმგებელი საწარმოების შემოწმებაზე, პრევენციის ღონისძიებების შეთანხმებაზე, ზიანის კატეგორიის დადგენაზე, გამასწორებელი ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობაზე, რაც დღეს დეპარტამენტში არსებული რესურსებით წარმოუდგენელია. შესაბამისად, აუცილებელია დეპარტამენტს დაემატოს 16 ინსპექტორის საშტატო ერთეული და გამოიყოს თანხები შემდეგი ოდენობით:  16 ინსპექტორის შრომის ანაზღაურება - 309.0 ათ. ლარი;  16 ინსპექტორის სასარგებლოდ დაგროვებითი საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხა 6.0 ათ. ლარი;  4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შეძენა - 182.0 ათ. ლარი;  ინსპექტორების აღჭურვილობა - 28.0 ათ. ლარი;  უნიფორმა - 16X800=14.0 ათ. ლარი;  საოფისე ტექნიკა (კომპიუტერები, პრინტერ/სკანერები, მაცივრები ლაბ. მასალისთვის) - 23.0 ათ. ლარი;  საოფისე ავეჯი, სხვადასხვა საოფისე საქონელი -10.0 ათ. ლარი;  4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების საწვავის ტექმომსახურების, რემონტისა და მოვლა-შენახვის ხარჯი - 60.0 ათ. ლარი;  პერსონალის დაზღვევის ხარჯი - 16*30*12=6.0 ათ. ლარი;  ფიჭური კავშირგაბმულობის ხარჯი - 16*10*12=2.0 ათ. ლარი;  ექსპერტიზისა და ლაბორატორიული კვლევების ხარჯი - 140.0 ათ. ლარი;  მივლინება - 25.0 ათ. ლარი. ჯამში დეპარტამენტისთვის საჭირო იქნება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 791.0 ათ. ლარის გამოყოფა. კანონპროექტის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელი იქნება გამასწორებელი ღონისძიებების გეგმების შეთანხმებაზე და გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტების საჯარო განხილვაზე, რაც დღეს სააგენტოში არსებული რესურსებით წარმოუდგენელია. შესაბამისად, აუცილებელია სააგენტოს დაემატოს 22 საშტატო ერთეული, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში 2022 წლის იანვრიდან შეიქმნება ახალი პირველადი სტრუქტურული ქვედანაყოფი. აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიქმნება ახალი ადამიანური რესურსის დაკომპლექტებით. მისი სპეციფიკა მოითხოვს კონკრეტული დარგების (ნიადაგის, წყლისა და ბიომრავალფეროვნების) მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მოზიდვას, რაც შრომის ბაზარზე გამოხატულია მათ სიმწირეში და მათი დაინტერესება, კერძო და საჯარო სექტორების კონკურენციის ფარგლებში, ვინაიდან კერძო სექტორში ამ დარგის სპეციალისტების სიმცირის გამო შრომის ანაზღაურების მაღალი ზღვარია საჯარო სექტორთან შედარებით, ამიტომ მათი მოძიება გარკვეულ სიძნელებთანაა დაკავშირებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, კანონის სრულად ამოქმედებამდე, შექმნას აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფი და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიების მიზნით კონკურსების ჩატარება, თანამშრომლების დანიშვნა, მათ გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები), სამუშაო აღწერილობებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა და სხვა, რის გარეშეც კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ შეუძლებელი იქნება სააგენტოსა და დეპარტამენტის მიერ აღნიშნული მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელება. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისთვის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის საჭირო იქნება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 1,063.0 ათ. ლარის გამოყოფა:  22 საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურება - 505.0 ათ. ლარი;  22 თანამშრომლების სასარგებლოდ დაგროვებითი საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხა - 10.0 ათ. ლარი;  უნიფორმა - 22X1,070.0=23.54 ათ. ლარი;  საოფისე ტექნიკა (კომპიუტერები, პრინტერ/სკანერები) - 30.8 ათ. ლარი;  საოფისე ავეჯი, სხვადასხვა საოფისე საქონელი -17.66 ათ. ლარი;  მივლინება - 89.0 ათ. ლარი;  ფიჭური კავშირგაბმულობის ხარჯი - 2.2 ათ. ლარი;  საველე ხელსაწყოები (GPS-ები) – 50.0 ათ. ლარი;  4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შეძენა - 260.0 ათ. ლარი;  4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების საწვავის ტექმომსახურების, რემონტის, მოვლა-შენახვის და დაზღვევის ხარჯი - 74.8 ათ. ლარი. როგორც ცნობილია, ,,გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 582 მუხლი (გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების დროებითი წესი) განსაზღვრავს, რომ „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის მომზადებისას გარემოსდაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში უნდა გაიზარდოს არანაკლებ წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების 5%-ით.“. კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2022 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გაძლიერებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გამოყოფა, რადგან პრიორიტეტულობის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანია, ქვეყანაში სწორი გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოსაყალიბებლად გამართული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის არსებობა და აღსრულების სათანადო მექანიზმების დანერგვა, რაც დეპარტამენტისა და სააგენტოს გაძლიერების გარეშე წარმოუდგენელი იქნება. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია კანონის მე-2 დანართით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. კანონპროექტის თანმდევ სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი კი მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში ითვალისწინებს პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იმ ხარჯების ფარგლებში, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში. აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სასამართლოს ხარჯებზე, ვინაიდან სასამართლოს მიამრთვიანობის შემთხვევაში შესაძლოა გაეზარდოს საქმეების რაოდენობა და შესაბამისად ამ მიმართულებით ხარჯებით. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება განსაკუთრებული წესით. კერძოდ, პროგრამის დაფინანსება, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის, განისაზღვრება არანაკლებ ამავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბიუჯეტში წინა წელს მიმართულ სახსრებზე ნაკლები სახსრების ოდენობით. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის რეალური ფორმირება მოხდება კანონის ამოქმედების (2022 წელი) შემდგომ წლებში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამის განკარგვისთვის, კანონით იქმნება შესაბამისი კომისია. თუმცა, კომისიის შექმნა არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას, რადგან კომისიის შემადგენლობაში იქნებიან შესაბამისი უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით) და კომისიაში მონაწილეობა არ იქნება ანაზღაურებადი. ამასთან, კომისიას არ ეყოლება აპარატი. მისი საქმიანობის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სამინისტრო, არსებული რესურსებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქმიანობის განმახორციელებელს დაეკისრება ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება, რითიც მას ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდება, რადგან გამასწორებელი ღონისძიებები დროში იქნება გაწერილი და მისცემს საშუალებას კერძო სამართლის სუბიექტს იმგვარად დაგეგმოს თავისი ბიუჯეტი და შემოსულობები, რომ დროში გაწერილ ვადებში ეტაპობრივად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზიანის პრევენციის მექანიზმის შემოღება ასევე შეამცირებს საქმიანობის განმახორციელებლის ხარჯებს, გამომდინარე იქიდან, რომ ზიანის დადგომის გარდაუვალ საფრთხეზე დროული რეაგირებისას, თავიდან იქნება აცილებული ზიანის დადგომა, რომლის გამოსწორებაც უფრო დიდ მასშტაბებთან და თანხებთან არის დაკავშირებული. კანონპროექტის მიღების შედეგად, სამართალდამრღვევ პირებს დაეკისრებათ ვალდებულება აანაზღაუროს ზიანი, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში განახორციელოს ზიანის გამასწორებელი ღონისძიებება, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან. ასევე, კანონპროექტით, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამიდან აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაღებული ხარჯები. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია კანონის მე-2 დანართით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. კანონპროექტის თანმდევ სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი კი მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში ითვალისწინებს პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებსაც დაეკისრებათ მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობა. კანონპროექტის თანახმად, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, საქმიანობის დაწყებისთანავე გააჩნდეს შესაბამისი გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს აღნიშნული პირებისთვის ხარჯების გაზრდას. ასევე, ზიანის ანაზრაურებაზე პასუხისმგებელ პირს შესაძლოა დამატებითი ხარჯი ჰქონდეს, ვინაიდან ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს თან უნდა ერთვოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება ჯარიმები შემდეგ სამართალდარღვევებზე: გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა - 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა - 5 000 ლარის ოდენობით, ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა - 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა - 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე, ამ კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა- 5000 ლარიდან 10 000 ლარამდე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა - 1 000 ლარის ოდენობით, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე, გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა გამოიწვევს - 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე - 10 000 ლარის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების 306-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება XXVI დანართში მითითებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან. ამავე დანართის დებულებების შესაბამისად, საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ 2004 წლის 21 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/35/EC დირექტივა. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი, საჯარო გაცნობისთვის, გამოქვეყნებული იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე. ასევე, ჩატარდა საჯარო განხილვა (2018, 2020 წწ) და არაერთი სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყების (მათ შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის, ა(ა)იპ „გავიგუდეთ“) წარმომადგენლების მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.