„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი
ნომერი
#07-3/36/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-03-01
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3601 მუხლი: „მუხლი 3601. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა, ჩადენილი ასეთი სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როცა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სამშენებლო დარღვევების გამო, ხდება მშენებლობის შეჩერება (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემით). შეჩერების შემდეგ ნებისმიერი სახით მშენებლობის გაგრძელება იწვევს დაჯარიმებას საკმაოდ მაღალი ოდენობით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მშენებლობის განმახორციელებელი პირები არ ერიდებიან ასეთ მაღალ საჯარიმო სანქციებს და თვითნებურად მაინც აგრძელებენ მშენებლობას. ამდენად, არსებულმა პრაქტიკამ ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, რომ ეს მიდგომა და ასევე ადმინისტრირების გამკაცრება, ამ მიმართულებით არ აღმოჩნდა ამ სამართალდარღვევების შესამჩნევად შემცირების/აღმოფხვრის საფუძველი. არსებული რეგულაციების ფონზე, პირები მაინც არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და სხვა ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებას. დამრღვევ პირთა მხრიდან, ხშირია შემთხვევები, როცა ნებართვის მფლობელები, თავიანთი პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ძალიან ხშირად არღვევენ სანებართვო პირობებს, შეჩერების შესახებ დადგენილებას, რაც უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია კერძო და საჯარო ინტერესებისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული დარღვევა, როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აღნიშნული სამართალდარღვევის რაოდენობის შემცირებას. გამომდინარე იქიდან, რომ ქმედება გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, ეს იქნება ერთგვარი პრევენციული ხასიათის მატარებელიც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: 1. კოდექსს ემატება 3601 მუხლი (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა), რომლის მიხედვითაც მშენებლობის შეჩერების შესახებ სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდება პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, თუმცა მას შემდეგ, რაც მის მიმართ, აღნიშნული დარღვევისათვის უკვე გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სახდელი. ამ ქმედებისათვის გათვალისწინებულია სასჯელის სახე და ზომა და პირი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია მაღალი ჯარიმა, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა და ასევე ადმინისტრირების გამკაცრება, არ აღმოჩნდა ამ სამართალდარღვევების შემცირების/აღმოფხვრის საფუძველი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს და სხვა ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებას. მათი მხრიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი იხდიან დადგენილ ჯარიმებს, ხოლო შემდგომ კი კვლავ აგრძელებენ მშენებლობის პროცესს. როგორც აღმოჩნდა, ამ ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა საკმარისი ბერკეტი არ არის დამრღვევ პირთათვის და საჭირო გახდა დღეს არსებული რეგულაციების გამკაცრება და ამ ქმედების განხორციელების შემთხვევაში პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა. 2. მე-2 მუხლი ეხება კანონის ამოქმედებას. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხარჯების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან გარკვეული ქმედება ხდება დასჯადი, და ამასთან ამ ქმედებებისათვის სასჯელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა, ცხადია, ეს დაკავშირებული იქნება გარკვეული ფინანსური რესურსის გაღებასთან სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება საქმეების განხილვასთან დაკავშირებულ რესურსს, აღნიშნული მოხდება სასამართლოს სისტემის არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსის ფარგლებში და ამ მიმართულებით დამატებითი სახსრების გამოყოფის აუცილებლობა არ დადგება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედებამ შეიძლება იქონიოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნული ქმედებისათვის გათვალისწინებულია ჯარიმაც, როგორც სასჯელის სახე. ცხადია, ამ სახის გამოყენების შემთხვევაში, ეს ჯარიმები გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და ეს აისახება კიდეც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ ამ სამართალდარღვევისათვის დაწესებულია ჯარიმა. ანუ, ამ ქმედების ჩადენისათვის დღესაც გამოიყენება ჯარიმები, როგორც პასუხისმგებლობის ზომა, და ისიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კანონპროექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე (დადებითს თუ უარყოფითს), დამოკიდებულია იმაზე თუ სასჯელის სახედ ჯარიმის რა ოდენობა იქნება გამოყენებული. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რადგან გარკვეული ქმედება ხდება დასჯადი, და ამასთან ამ ქმედებებისათვის სასჯელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა, ცხადია, ეს დაკავშირებული იქნება გარკვეული ფინანსური რესურსის გაღებასთან სახელმწიფოს მხრიდან. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ზემოხსნებული მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება საქმეების განხილვასთან დაკავშირებულ რესურსს, აღნიშნული მოხდება სასამართლოს სისტემის არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსის ფარგლებში და ამ მიმართულებით დამატებითი სახსრების გამოყოფის აუცილებლობა არ დადგება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება,რადგან კანონპროექტით, გარკვეული ქმედება ხდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, ცხადია, ამ ქმედების ჩამდენზე ამ კანონპროექტის მიღება მოახდენს ფინანსურ გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის ითვალისწინებს მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისას სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმა, რომელიც სასამართლოს შესაბამისი განაჩენის საფუძველზე მიიმართება ბიუჯეტში ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.