„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი
ნომერი
#07-3/108/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-09-13
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 23-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლის, ხოლო გამოძიების სტადიაზე − გამომძიებლის, პროკურორის ინიციატივით, უზრუნველყოფილია საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი, პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. გ) მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამომძიებელთან, პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან მეშვეობით აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;“; დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი უფლებამოსილია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს.“; 2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებები არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება: ა) არასრულწლოვანი მოწმის გამოსახულების ან/და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით, გაუმჭვირვალი ეკრანის მიღმა ან დისტანციურად დაკითხვის შესახებ; ბ) სასამართლო სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის და დაკითხვის ვიდეოგადაღების შესახებ; გ) სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ; დ) ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ არასრულწლოვანი მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ შეიძლება არასრულწლოვანმა მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის სასამართლოში განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა.“; 3. 29-ე მუხლის 22 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე − გამომძიებელი, პროკურორი უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. 3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი, პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.“; 4. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 47. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შესრულება თუ არასრულწლოვანი შეასრულებს განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“; 5. 52-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვანის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები. ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი, პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომლის მიზანია გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის გზით საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გამომძიებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და დამოუკიდებლად ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი. გამომძიებელი დამოუკიდებლად განსაზღვრავს გამოძიების მიმართულებას, ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების თანმიმდევრობასა და მიზანშეწონილობას. მათ შორის, გამომძიებელს ექნება სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლება იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე განჩინების გაცემის მოთხოვნით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა. პროკურორი იქნება გამოძიების საპროცესო ზედამხედველი და აღარ განახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები იწვევს გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების ახლებურად ჩამოყალიბებას, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილების განხორციელება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წინამდებარე ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლის თანახმადაც გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები მკაფიოდ გაიმიჯნება. ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანთა მიმართ ადგენს სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განისაზღვრება არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებების გათვალისწინებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმ მუხლებში, რომლითაც განსაზღვრულია გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები. კერძოდ, კოდექსის 23-ე მუხლის პირველ ნაწილში მიეთითება, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი, პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობაზე. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომლის თანახმადაც, გამომძიებელი ბრალდების მხარე აღარ იქნება. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მიეთითება, რომ გამოძიების სტადიაზე პროკურორთან ერთად, გამომძიებელსაც ექნება უფლებამოსილება, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ემატება გამომძიებელი და მიეთითება, რომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გამომძიებელთან, პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ არასრულწლოვან მოწმესა და არასრულწლოვან დაზარალებულს ამ კოდექსით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის ან/და ადვოკატის თანდასწრებით ან მეშვეობით აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, კოდექსის 23-ე მუხლის მე-8 ნაწილში მიეთითება, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი იქნება უფლებამოსილი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს. პროკურორის ამოღება აღნიშნული ნორმიდან განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად გამოძიების სტადიაზე პირის გამოკითხვას ჩაატარებს გამომძიებელი და არა პროკურორი, შესაბამისად, სწორედ გამომძიებელს შეიძლება წარმოეშვას კანონიერი წარმომადგენლის გამოკითხვაზე დასწრების შეზღუდვის საჭიროება. რაც შეეხება საქმის სასამართლოში განხილვისას კანონიერი წარმომადგენლის დაკითხვაზე დასწრების უფლების შეზღუდვას, ამ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმადაც, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მოსამართლე. მითითებული ცვლილებიდან გამომდინარეობს ასევე კოდექსის 24-ე მუხლის ცვლილება, რომელშიც ემატება ჩანაწერი გამომძიებლის შესახებ. კერძოდ, არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. ამასთან, კოდექსის 29-ე მუხლის 22 ნაწილში ბრალდების მხარის ნაცვლად, მიეთითება გამომძიებელზე და პროკურორზე, რაც გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომლის თანახმადაც, გამომძიებელი აღარ არის მხარე. კერძოდ, განისაზღვრება, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი, პროკურორი იქნება უფლებამოსილი უზრუნველყოს არასრულწლოვნის მიმართ განსახორციელებლ საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობა. ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მიეთითება, რომ გამომძიებელსაც ექნება უფლებამოსილება გამოძიების სტადიაზე არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. კოდექსის 47-ე მუხლში მიეთითება, რომ არასრულწლოვნის მიერ განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობების შესრულების შემთხვევაში გამომძიებელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული ცვლილების განხორციელება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც პროკურორის ნაცვლად გამომძიებელი მიიღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას გამოძიების შეწყვეტის შესახებ. კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ვინაიდან „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ხდება საპროცესო კოდექსის 114ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოღება. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-10 ნაწილს, მიეთითება, რომ გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი, ისევე როგორც პროკურორი, უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება. ამ შემთხვევაში მუხლში რჩება ჩანაწერი პროკურორის შესახებ, ვინაიდან ნორმა ეხება არა უშუალოდ არასრულწლოვნის გამოკითხვას/დაკითხვას, არამედ ასეთი პირის საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილები ძალაში შედის 2023 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი - 2024 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების ამოქმედების ვადებს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კანონპროექტით ხორციელდება გამომძიებელს როლის გაძლიერება გამოძიების პროცესში, მის მიერ გამოძიების მიმდინარეობისას რიგი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, რაც გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის გამომძიებლების ან/და პროკურორების რაოდენობრივი ზრდა. ამასთანავე, ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად არ იცვლება სამუშაო დატვირთულობის მოცულობა. რაც შეეხება გამომძიებლების გადამზადებას (ტრენინგებს), არასრულწლოვანთან დაკავშირებულ საქმეზე დღევანდელი კანონმდებლობით სავალდებულოა გამომძიებელის სპეციალიზაცია. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის განხორციელება გამოიწვევს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება მათ შორის ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: მიხეილ დაუშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: მიხეილ დაუშვილი.