„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/192/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სეკიურიტიზაციის შესახებ“. შემდგომში, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 50
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. საგადახდო მომსახურების ცნება 1. ამ კანონის მიზნებისთვის საგადახდო მომსახურება არის: ა) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოჭრას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; ბ) მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს მიმღების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვას და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს; გ) გადახდის განხორციელება პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალებით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ან საკრედიტო გადარიცხვა (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი თანხის ან საკრედიტო რესურსის ფარგლებში; დ) საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტების, გამოშვება ან/და ექვაირინგი; ე) ფულადი გზავნილები; ვ) ელექტრონული ფულის გამოშვება, გადახდის ოპერაციების განხორციელება ელექტრონული ფულის მეშვეობით, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით; ზ) გადახდის ინიციირების მომსახურება; თ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ მომსახურებებზე: ა) გადამხდელსა და მიმღებს შორის შუამავლის გარეშე, ნაღდი ფულით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე; ბ) გადამხდელსა და მიმღებს შორის კომერციული შუამავლის მეშვეობით განხორციელებულ გადახდის ოპერაციაზე; გ) საინკასაციო მომსახურებაზე, რომელიც დაკავშირებულია ბანკნოტებისა და მონეტების ტრანსპორტირებასთან, მათ შორის, მათ შეგროვებასთან, დამუშავებასა და მიწოდებასთან; დ) ნაღდი ფულის ნაღდ ფულზე გადაცვლის მომსახურებაზე, რომელიც საგადახდო ანგარიშების საშუალებით არ ხორციელდება; ე) ოპერაციაზე, რომელიც სისტემის მონაწილეებს შორის საგადახდო სისტემის ფარგლებში ხორციელდება; ვ) ტექნიკური, სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას საგადახდო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად და რომლის დროსაც გადასარიცხი თანხა ამ მომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში არ ხვდება; ამგვარი მომსახურება მოიცავს მონაცემთა გადამუშავებასა და შენახვას, კონფიდენციალურობის დაცვას, მონაცემებისა და სუბიექტების ავთენტიფიკაციას, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, საგადახდო მომსახურებისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების მიწოდებას და მომსახურებას; ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისში არ ექცევა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებები; ზ) გადახდის ოპერაციაზე, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მისი ქსელის ან მომსახურების აბონენტისთვის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე დამატებით და დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი დებულება: ზ.ა) გადახდის ოპერაცია სრულდება ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის ან ხმოვანი სერვისების შესაძენად (მიუხედავად ციფრული შიგთავსის/ინფორმაციის შეძენის ან მოხმარებისთვის გამოყენებული მოწყობილობისა) ან გადახდის ოპერაცია სრულდება ელექტრონული მოწყობილობიდან ან მისი საშუალებით საქველმოქმედო დანიშნულებით ან ბილეთების შესაძენად და მათი საფასური ჩამოიჭრება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებული შესაბამისი აბონენტის ბალანსიდან/ლიმიტიდან; ზ.ბ) გადახდის ცალკეული ოპერაციების თანხა 50 ლარს არ აღემატება; ზ.გ) თითოეული აბონენტის მიერ თვის განმავლობაში შესრულებული გადახდის ოპერაციების საერთო თანხა 300 ლარს არ აღემატება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აბონენტი წინასწარ ავსებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორთან ან მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ აბონენტის ბალანსს; თ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის მიერ კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდების ოპერაციების განხორციელებასთან, მათ შორის, დივიდენდებისა და სხვა შემოსავლების განაწილებასთან, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვასთან; ი) ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის გადახდებზე, რომლებიც ხორციელდება ისეთი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მონაწილეობის გარეშე, რომელიც იმავე ჯგუფს არ მიეკუთვნება; კ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს ნაღდი ფულის შეგროვებას და მიწოდებას იმ საქმიანობის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ეკონომიკურ საქმიანობას არ წარმოადგენს; ლ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე, რომლის დროსაც მიმღების (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ ნაღდი ფული გაიცემა გადამხდელის მიერ უშუალოდ გადახდის ოპერაციის შესრულებამდე გამოხატული მოთხოვნის საფუძველზე მის მიერ მიმღებისგან საქონლის ან მომსახურების შეძენისას და გასაცემი ნაღდი ფულის თანხა წარმოადგენს გადამხდელის მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხის ნაწილს; მ) ბანკომატის მეშვეობით ნაღდი ფულის გაცემის მომსახურებაზე, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ერთი ან რამდენიმე საგადახდო ბარათის ემიტენტის სახელით და იგი არ წარმოადგენს მომხმარებელთან (ნაღდი ფულის მიმღებ პირთან) გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს და იმავდროულად იგი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სხვა საგადახდო მომსახურებას; ნ) გადახდის ოპერაციაზე, რომელიც ხორციელდება ჩეკით „ჩეკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სპეციფიკური, შეზღუდული გამოყენების საგადახდო ინსტრუმენტზე, რომელიც მოქმედებს მხოლოდ საქართველოში და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) უშუალოდ ინსტრუმენტის გამომშვებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შორის არსებული კომერციული/სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ინსტრუმენტის მფლობელს საშუალება აქვს, მხოლოდ ამავე მომსახურების მიმწოდებლების შეზღუდულ ქსელში შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება; ბ) ინსტრუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ან/და მომსახურების მკაცრად შეზღუდული სპექტრის შესაძენად; გ) ინსტრუმენტი გაიცემა მეწარმე სუბიექტის ან ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს სოციალურ ან საგადასახადო მიზნებს და გამოიყენება განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესაძენად იმ მიმწოდებლებისგან, რომელთაც ხელშეკრულება დადებული აქვთ ამ ინსტრუმენტის გამომშვებთან. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან სხვა პირი, რომელსაც სურს გამოუშვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო ინსტრუმენტი, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად წერილობით წარუდგინოს საგადახდო ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია და აღწერა, აგრეთვე მითითება იმავე პუნქტის იმ დებულებებზე, რომლებსაც ინსტრუმენტი აკმაყოფილებს და აღნიშნულის დასაბუთება. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურების განმახორციელებელ პირს მოსთხოვოს ინფორმაცია ამ მომსახურების ფარგლებში შესრულებული გადახდების შესახებ. 6. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილი არიან ამ კანონის შესაბამისად განახორციელონ გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება. 7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურება განახორციელოს აგენტის/აგენტების მეშვეობით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს აგენტის/აგენტების შესახებ ინფორმაციის მისთვის წარდგენის წესი. 8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც საგადახდო მომსახურებას აგენტის მეშვეობით ახორციელებს ან/და თავის საქმიანობაში აუთსორსინგულ კომპანიას იყენებს, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებელია აგენტის მიერ განხორციელებული საგადახდო მომსახურებისთვის ან/და აუთსორსინგული კომპანიის ქმედებით გამოწვეული შედეგისთვის. აღნიშნული არ ათავისუფლებს აგენტს ან/და აუთსორსინგულ კომპანიას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისგან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და აქტივების მმართველი კომპანიის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და აქტივების მმართველი კომპანიის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია კანონის შესაბამისად განახორციელონ გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი გავლენა არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.