„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/193/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ურთიერთობები ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში რეგულირდება ამ კანონით, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა – მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიისა და საპენსიო კომპანიის საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საპენსიო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით;“; გ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის შემთხვევაში − მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი; სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში − სადაზღვევო ბროკერის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს (არსებობის შემთხვევაში) წევრი, ინდივიდუალური მეწარმე; უშუალოდ ინდივიდუალური მეწარმე; საპენსიო კომპანიის შემთხვევაში − საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი;“; დ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები: „ყ) ანუიტეტი – ყ.ა) დაზღვევა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას პირის სიცოცხლის განმავლობაში (ანუიტეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით); ყ.ბ) დაზღვევა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას კონკრეტული ვადის განმავლობაში, რომელიც არ არის დამოკიდებული პირის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და აღემატება ერთ წელს (ანუიტეტი განსაზღვრული ვადით); შ) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან (ანუიტეტის ჩათვლით), ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);“. 4. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV. სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება“. 5. მე-19 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სადაზღვევო საქმიანობასა და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური. სამსახურის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 6. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის სამსახურის ფუნქციებია: დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, სადაზღვევო და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საქმიანობის სფეროებში, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საპენსიო კომპანიების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რისთვისაც იგი ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობის განზოგადებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის შექმნას და მისი შესრულების კონტროლს, ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავებას, ამ კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელებისა და ყველა საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად სამართლებრივი აქტების გამოცემა.“. 7. 201 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონაწილეს ან ბენეფიციარს უფლება აქვს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში საჩივრით მიმართოს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, ხოლო აღნიშნული საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ სამსახური არ დააკმაყოფილებს საჩივარს, მონაწილე ან ბენეფიციარი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.“. 8. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი: „შ) განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.“. 9. 211 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური უფლებამოსილია მზღვეველის, საპენსიო კომპანიის ან/და მისი ადმინისტრატორის, ასევე „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში - აქტივების მმართველი კომპანიის და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ მან: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; გ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; დ) დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; ე) დაარღვია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება.”; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიის ან მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებითა და „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციები.“; გ) მე-2 პუნქტის: გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მზღვეველმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ ან საპენსიო კომპანიამ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;“; გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მზღვეველის, საპენსიო კომპანიის ასევე „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში - აქტივების მმართველი კომპანიის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მზღვეველის, საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს/საერთო კრებას მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;“; გ.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეუჩეროს ან შეუზღუდოს მზღვეველს, საპენსიო კომპანიასა და აქტივების მმართველ კომპანიას კონკრეტული ოპერაციების ან საქმიანობის განხორციელების უფლება ან/და გაუუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია ;“. გ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ან საპენსიო კომპანიის საქმიანობის ლიცენზია.“; დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 10. 22-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სიცოცხლის ხანგრძლივობით ანუიტეტის გაცემის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მზღვეველს, რომელიც ფლობს სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის მაძიებელი, რომელსაც სურს განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა, ვალდებულია სამსახურს დამატებით წარუდგინოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია.“. 11. 331 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია: მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი მზღვეველის რეორგანიზაცია, მისი აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის სხვა იურიდიულ პირზე გასხვისება, სამსახურის წინასწარი თანხმობით მზღვეველის საპენსიო სქემის/სქემების ფარგლებში არსებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა საპენსიო სქემაზე. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მზღვეველის თანამშრომლები.“. 12. 333 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ქვეპუნქტი: „31. ლიკვიდატორი ან მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, სამსახურის წინასწარი თანხმობით გადასცეს მზღვეველის საპენსიო სქემის/სქემების ფარგლებში არსებული აქტივები და ვალდებულებები „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა საპენსიო სქემას. აღნიშნულის შესახებ მზღვეველის საპენსიო სქემის/სქემების მონაწილეებს წერილობით უნდა ეცნობოთ 30 დღით ადრე.“. 13. 334 მუხლის: ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, სამსახურის წინასწარი თანხმობით გადასცეს მზღვეველის საპენსიო სქემის/სქემების ფარგლებში არსებული აქტივები და ვალდებულებები „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სხვა საპენსიო სქემას. აღნიშნულის შესახებ მზღვეველის საპენსიო სქემის/სქემების მონაწილეებს წერილობით უნდა ეცნობოთ 30 დღით ადრე.“; ბ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მესამე რიგი – კრედიტორთა მოთხოვნები, რომელთა საფუძველია სიცოცხლის დაზღვევა. სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულებათა ოდენობა განისაზღვრება მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის – სიცოცხლის დაზღვევის რეზერვის ოდენობით;“; გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო აქტივები არ შედის გადახდისუუნარობის/გაკოტრების მასაში და მათზე არ ვრცელდება მზღვეველის მიმართ აღსრულების ღონისძიებები „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველ იანვარს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ფაქტობრივად არის უმოქმედო, რადგან ის არ ასახავს საერთაშორისოდ აღიარებულ იმ პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. აღნიშნული კი მოიაზრებს, როგორც კერძო საპენსიო სქემების მონაწილეთათვის შესაბამისი წამახალისებელი მექანიზმების გაჩენასა და ეფექტური საზედამხედველო ჩარჩოს დაწესებას, ისე კერძო დაგროვებითი საპენსიო საქმიანობის მოქნილ და ეფექტურ სტრუქტურას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა მოქალაქეს (დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და ნებისმიერ სხვა პირს) საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდნენ კერძო საპენსიო სქემებში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემუშავდა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, აღნიშნულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით და მიზნად ისახავს მისი იმპლემენტაციის უზრუნველყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, საპენსიო კომპანიების და სხვა სუბიექტები საპენსიო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და განისაზღვრა ამ სფეროში მისი საზედამხედველო უფლებამოსილება. ამასთან, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს შესაბამისი საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული მონაწილის უპირობო უფლებებს საპენსიო აქტივებზე და ამ აქტივების განცალკევების პრინციპს მზღვეველის აქტივებისაგან. აღნიშნული კი საჭიროებს ცვლილებებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაიხვეწება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და იგი დაუახლოვდება ევროკავშირში მოქმედ პრინციპებსა და ჩარჩოს. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის პირობებში, დეტალურად მოწესრიგდება საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელება, რაც კიდევ უფრო სანდოსა და მოქნილს გახდის ნებაყოფლობით საპენსიო ბაზარს. ასევე კანონპროექტის მიღებით, ხელი შეეწყობა სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, რომელთაც მიეცემათ მრავალფეროვანი შესაძლებლობა განახორციელონ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, იცვლება მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში განისაზღვრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში, მათ შორის სანქციების გამოყენების უფლებამოსილება (მუხლი 211 პირველი პუნქტი). ასევე დადგენილია აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მონაწილისა და ბენეფიციარის უფლება გასაჩივრებაზე და გასაჩივრების წესი (201 მუხლის მე-6 პუნქტი), განისაზღვრა ნებაყოფლობითი საპენსიო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის მფლობელისათვის. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს ასევე ანუიტეტის, როგორც სადაზღვევო პროდუქტის განმარტებას, რაც აუცილებელია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის. საპენსიო აქტივების განცალკევების პრინციპის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით საპენსიო აქტივების მესაკუთრე ამოღებულია მზღვეველის კრედიტორთა რიგიდან და მითითებულია, რომ საპენსიო აქტივები არ შედის მზღვეველის გადახდისუუნარობის/გაკოტრების მასაში და მათზე არ ვრცელდება მზღვეველის მიმართ აღსრულების ღონისძიებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2024 წლის პირველ იანვარს, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით ფართოვდება პირთა წრე, რომლების მიმართაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას სანქციები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის პირველ 1 პუნქტში განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას. სანქციის სახით დაკისრებული ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც იქონიებს გავლენას მის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანოპროექტით განსაზღვრული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური არ წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და მის მიერ კანონპროექტით განსაზღვრული დამატებითი უფლებამოსილებების განხორციელება გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური არ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით ფართოვდება პირთა წრე, რომლების მიმართაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას სანქციები „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას. სანქციის ერთ-ერთ ფორმად კანონის ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ჯარიმას. შესაბამისად, კანონის 211 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის შემთხვევაში, შესაძლებელია სანქცირებული პირისთვის. არასასურველი სამსახურის მიერ ფინანსური ჯარიმის გამოყენების ზეგავლენის წარმოშობა ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის განსაზღვრას. სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის სანქციის სახედ ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 122-ე და 323-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად“. ამავე დანართის B ნაწილით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/41/EC დაუახლოვოს 2003 წლის 3 ივნისის დირექტივას „პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დირექტივა ძალადაკრგულია და ჩანაცვლებულია ახალი (EU) 2016/2341 (IORPs) დირექტივით, ხოლო ვინაიდან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული აქვს დინამიური დაახლოების ვალდებულება, წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია „საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2016/2341 (IORPs) დირექტივის ახალი რედაქციის შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: „პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2016/2341 (IORPs) დირექტივა (ახალი რედაქცია), რომელიც აუქმებს 2003 წლის 3 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/41/EC დირექტივას „პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ინსტიტუტების საქმიანობებისა და მათზე ზედამხედველობის შესახებ“. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადგილობრივმა ექსპერტმა ვენერა (ნინო) სუქნიძემ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.